ისევ ტაბუდადებული თემები: „მსხვერპლი, როგორც სიძულვილის ობიექტი“

2019-02-11 13:39:15
256

საქართველოში სექსუალური ძალადობის რეგისტრირებული ფაქტები გაორმაგდა. თუ 2017 წელს გაუპატიურების შესახებ ძალოვან უწყებაში 59–მა პირმა განაცხადა და რეაგირება ითხოვა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 96–მდე გაიზარდა. დაბალია მსგავსი კვალიფიკაციის სისხლის სამართლის საქმეების გახსნის მაჩვენებელი: 2017 წელს გაიხსნა 18, 2018 წელს – 33. 

მძიმეა არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაულში მხილების სტატისტიკა: 

  • 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137- მუხლი);
  • 2 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138- მუხლი);
  • 24 - გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141- მუხლი);
  • 86 - 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში (სსკ-ის 140- მუხლი).

ასახავს თუ არა რეალობას სტატისტიკა?  

სპეციალისტები სტატისტიკის ზრდის ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებენ:

  • იმატებს ფაქტები
  • იმატებს მიმართვიანობა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველოს” წარმომადგენელი იდა ბახტურიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეებში იზრდება ცნობიერება და შესაბამისად, იზრდება მიმართვიანობაც.  

„ზოგადად,  სხვადასხვა ქვეყნებში ქალებზე ძალადობის სტატისტიკა უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. საერთაშორისო კვლევებით, ყოველი მესამე ქალი ამბობდა, რომ ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ჩვენს შემთხვევაში იყო ყოველი მე–11. ზოგიერთები ამბობდნენ, განვითარებულ ქვეყნებში უფრო რთულია ვითარება? რა თქმა უნდა, არა. ჩვენთან ცნობიერების პრობლემა იყო, ან ადამიანებს უბრალოდ არ სურდათ ამაზე საუბარი. სექსუალური ძალადობა ერთ–ერთი ყველაზე ტაბუდადებული თემაა, ამიტომ არარეალისტურად დაბალი იყო ქვეყანაში დაფიქსირებული გაუპატიურების ფაქტები – წელიწადში ერთეული შემთხვევა. ჩენ ვართ ქვეყანა, სადაც სტატისტიკის მიხედვით ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან მაღალია და შეუძლებელია ასეთი დაბალი იყოს ძალადობის ერთ–ერთი სახეობის – გაუპატიურების მაჩვენებელი. სექსუალურ ძალადობაზე საუბარი ჯერ–ჯერობით ისევ რჩება ტაბუდადებულ თემად, ისევე როგორც წლების წინ ოჯახში ძალადობის თემა იყო. ბუნებრივია,მსგავსი ფაქტების არსებობა დადებითად ვერ შეფასება, მაგრამ სტატისტიკა რომ გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა მძიმე დანაშაულის შესახებ გაცხადება დაიწყეს“.

გზა ძალადობის შემდეგ – სიძულვილის ობიექტი

როგორც იდა ბახტურიძე ამბობს, ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით პრობლემები რამდენიმე მიმართულებით ფიქრსირდება:

  • კანონმდებლობა დასახვეწია, შესაცვლელია გაუპატიურების მუხლი
  • პრობლემები პრაქტიკასთან დაკავშირებით

„თუ ფაქტს არ ახლავს დამამძიმებელი გარემოებები, რაც არის ფიზიკური დაზიანებები და გამოკვეთილი ნიშნები, რომ გაუპატიურება მოხდა, ფაქტის დადგენა არ ხდება.  ჩვენი კანონმდელობა დაახლოებით, ამ სტანდარტით აფასებს გაუპატიურებას.

ჩვემ ვამბობთ, რომ სექსი თანხმობის გარეშე უკვე არის გაუპატიურება. თუ ფაქტს თან ახლავს ფიზიკური ძალადობა, ეს დამამძიმებელი გარემოებებია. მოძალადეს ფიზიკური ძალადობა შესაძლოა, არც დასჭირდეს, იმდენად დააშინოს მსხვერპლი, ამიტომ, ეს არ ნიშნავს, რომ გაუპატიურება არ მომხდარა. საერთაშორისო პრაქტიკა სწორედ ამას ამბობს“.

მეორე პრობლემა კი უკავშირდება სამართალდამცველთა მხრიდან მუშაობის პრაქტიკას:  

„არ გააჩნიათ ცოდნა, როგორ იმუშაონ ძალიან მძიმე ფაქტებთან, რომელიც რეალურად გადაჯაჭვულია კულტურულ, მორალურ და რელიგიურ საკითხებთან. ამ დროს ძალიან მძიმე შეცდომებს უშვებენ სამართალდამცავი ორგანოები. ზიზღი ჩნდება გაუპატიურებული ქალის მიმართ, რომელსაც თავად მოექცნენ სასტიკად. გაუპატიურებული ქალი მუდმივად თავად ხდება განსჯის საგანი: როგორ მოიქცა, ხომ არ იქცეოდა გამომწვევად, მან ხომ არ გაუკეთა პროვოცირება, დანაშაული ჩაადენინა კაცს. ემპათია ხშირად მოძალადის მიმართ უფრო აქვთ, ვიდრე ძალადობის მსხვერპლის მიმართ. ეს დამოკიდებულებები გავრცელებულია სამართალდამცავ ორგანოებშიც. ეს არის მენტალური და სისტემური პრობლემა“

ბახტურიძეს მოკლე პერიოდში მენტალურ რეოლუციის მოლოდინი არ აქვს და ამ პირობებში ბახტურიძის აზრით, მნიშვნელოვანია თავად სამართალდამცავი უწყების პოლიტიკა – რა დირექტივად იღებს რიგითი პოლიციელი. მაგალითად უფლებადამცველს ოჯახში ძალადობის თემა მოჰყავს.

„მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აქტივისტების დაუღალავმა ადვოკატირებამ. ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით, შექმნილიყო სპეციალური დეპარტამენტი, რაზეც ყოველ ჯერზე უარს ვიღებდით. შეიქმნა და ვხედავ, რომ სპეციალური დეპარტამენტი პოზიტიურ შედეგებს დებს მთელს სამინისტრისთან ერთად. შესაძლოა, მენტალური ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ ეს არის სამინისტროს სტრატეგია და დაიწყო მუშაობა ოჯახში ძალადობის კუთხით. პროცესს ნამდვილად ამონიტორინგებენ, არის ხისტი რეაგირება, მათ შორის თავად უწყებაშიც. თუ აქვთ ინფორმაცია, რომ მოძალადე თავად სისტემაშია, მას განსაკუთრებული სიმკაცრით სჯიან. მანამდე კი გვახსოვს, რომ მკვლელი პოლიციელები გვყავდა, რომელთაც მსუბუქი კვალიფიკაციით უყენებდნენ ბრალს“.

სწორედ ამ თემების წამოწევას გეგმავენ ქალთა უფლებადამცველები 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, რადგან ფიქრობენ, რომ  დღევანდელი კანონმდებლობა პრაქტიკაში ძალიან მძიმე შემთხვევებს ტოვებს.

„ალბათ ისევ დიდი ბრძოლა მოგვიწევს“,– დასძინა ბახტურიძემ.

ამავე თემაზე: 

"გამაუპატიურეს...ამ ყველაფერს ბავშვს აყურებინებდნენ...ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, რად გინდა ამის თქმა, ცხოვრებას გაიფუჭებო..."