„ის, რომ საქართველოში გრიპის ეპიდემია გაცილებით “მძიმედ” მიმდინარეობს, ამას თავისი მიზეზები აქვს“

2019-01-11 10:45:25
4968

პროფესორი გიორგი კავკასიძე გრიპის ვისრუსთან დაკავშიერებით განვითარებული მოვლენების თაობაზე საკუთარ ანალიზს აქვეყნებს და პროცესებს ორ ძირითად ფაქტორს უკავშირებს.

„თბილისში პანიკაა გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, პანიკის ძირითადი მიზეზი გაურკვევლობა და ინფორმაციის დეფიციტია.
მოსახლეობას ვერ გაუგია რა ხდება, რატომ ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გრიპის გავრცელების მასშტაბებზე, გართულებების სიმძიმესა და სიხშირეზე, პროფილაქტიკისა და მკურნალობის ეფექტურ მეთოდებზე და ა.შ. 
პარალელურად, სოციალური ქსელებით ვრცელდება ათასგვარი ცრუ თუ მავნებლური ინფორმაცია, რომელიც არაინფორმირებულ მოსახლეობაში “ნოყიერ ნიადაგს” პოულობს.

 

ის რომ საქართველოში გრიპის ეპიდემია და მასთან დაკავშირებული გართულებები გაცილებითმძიმედმიმდინარეობს, ვიდრე ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს მიზეზები შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს - სამედიცინო და სოციო-ეკონომიკურად

 

სამედიცინო მიზეზბში ვგულისხმობ ჯანდაცვის სისტემის სისუსტეს, ან როგორც ჩემი კოლეგა Zurab Guruli აღნიშნავს - უსისტემობას.
10 წელზე მეტია ყველა საუბრობს პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, საქმე არ იძვრის. არადა პირველადი ჯანდაცვა ქმნის ჯანდაცვის სისტემის “კლიმატს”. რაც უფრო ძლიერი და კვალიფიციურია პირველადი ჯანდაცვის რგოლი (ოჯახის ექიმი), მით უფრო ეფექტურია ჯანდაცვის სისტემა. 
პირველადი ჯანდაცვა/ოჯახის ექიმია ის “ფილტრი” რომელიც ყველა ავადმყოფმა უნდა “გაიაროს” - ნაწილი დარჩება ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (დასავლეთის მონაცემებით ავადმყოფების 75%-80%), ნაწილი კი გადამისამართდება ჰოსპიტალში ან სპეციალიზირებულ კლინიკაში.
განსხვავებით საქართველოსგან, რომლის ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიად “ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა” ითვლება,
https://www.moh.gov.ge/uploads/…/2018/Failebi/06.08.2018.pdf ე.წ. “კუბის მოდელი” რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სანიმუშოდ მიიჩნევს, ავადობის პროფილაქტიკაზე და ავადმყოფობის ადრეული გამოვლენის პრინციპზეა აგებული, რომელსაც სწორედ პირველადი ჯანდაცვა უზრუნველყოფს. https://www.who.int/bulletin/volumes/86/5/08-030508/en/ 
დამტკიცებულია, რომ ავადმოყოფობის პროფილაქტიკა ან ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა გაცილებით ეფექტურია სამედიცინო და ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიდრე უკვე განვითარებულ დაავადებასთან ბრძოლა.
მეორე სამედიცინო პრობლემა გახლავთ ის ქაოსი, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე სუფევს. ეს შეეხება როგორც წამლების ფასს, ასევე მათ ხარისხს.
საქართველოში პოპულარული სენტენცია - “ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს” ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლესთან მიმართებაში დანაშაულებრივი თუ არა, მინიმუმ, მავნებლურია, ჩემი აზრით.
დღევანდელი კანონმდებლობით საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვებულია ისეთი გენერიკული პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა არ არის დადასტურებული შესაბამისი კვლევებით. ვგულისხმობ ბიოლოგიურ ექვივალენტობას (Bioequivalence), რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტით ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრია გენერიკული პრეპარატის შეფასებისას.
https://www.who.int/…/quality_safety/qu…/trs1003_annex6.pdf… 
განსხვავებით ევროპის ქვეყნებისგან, საქართველში წამლის ფასი არ რეგულირდება და არ ფიქსირდება, რაც ჩემი აზრით, ასევე დიდი პრობლემაა.
სიმართლეა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წამლის ფასი “თავისუფალია”, ანუ წამლის ფასს ადგენს მწარმოებელი. მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ მწარმოებელი შეზღუდულია წამლის ფასის დადგენაში. ეს შეზღუდვა ძირითადად უკავშირდება წამლის ფასის ანაზღაურებას სამედიცინო დაზღვევის მიერ. თუ ფარმაცევტულმა კამპანიამ ვერ მოახერხა სამედიცინო დაზღვევასთან შეთანხმება წამლის ფასზე, მაშინ დაზღვევა წამლის საფასურს არ აანაზღაურებს. ეს კი ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში წამალი ან არ გაიყიდება, ან გაიყიდება ძალიან მცირე რაოდენობით, რადგან ევროპელი ავადმყოფი “არ არის მიჩვეული” წამლის მთლიანი საფასურის ჯიბიდან გადახდას.
შემდეგი და ჩემი აზრით,

ყველაზე ძნელად მოსაგვარებელი სამედიცინო პრობლემაა ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს ერთ კომპანიას საკუთრებაში ჰქონდეს სამკურნალო დაწესებულება, სამედიცინო სადაზღვევო კომპანია, ფარმაცევტული სადისტრიბუციო (საბითუმო) და საცალო ქსელი. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს!

 

მე ჯერ კიდევ 2010 წელს ვწერდი, რომ ფარმაცევტული კომპანიებისთვის სამკურნალო და სამედიცინო სადაზღვევო სექტორებში ოპერირების უფლების გაცემა ძალიან სახიფათო ნაბიჯი იყო. ვვარაუდობდი, რომ ფარმაცევტული კომპანიების სამკურნალო პროცესში ჩარევა (საავადმყოფო-პოლიკლინიკების ფლობა), ამ დაწესებულებებში მომუშავე ექიმებს ფარმაცევტული პრეპარატების “გამსაღებლად” გადააქცევდა. ასეც მოხდა - დღეს დიდი პრობლემაა პოლიპრაგმაზია (ავადმყოფისათვის გაუმართლებლად მრავალი წამლისა და/ან სამკურნალო პროცედურის დანიშვნა), რაზედაც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ არავინ ახსენებს ამ მახინჯი პრაქტიკის მიზეზს.

რაც შეეხება სოციო-ეკონომიკურ მიზეზებს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) ბოლო, 2017 წლის კვლევის მონაცემებით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 21.7%, ბავშვების 27.6% და პენსიონერთა 17.6% ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს http://unicef.ge/uploads/WMS_brochure_unicef_geo_web.pdf 
ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის >60% არ აქვს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, იმყოფება მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, ვერ იღებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დაბალანსებულ, აუცილებელ რაოდენობას. შედეგად დაქვეითებული აქვს ორგანიზმის “ბრძოლისუნარიანობა”, პირველ რიგში კი იმუნური სისტემა. ამიტომ შედარებით იოლად ავადდებიან როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური დაავადებებით და ეს დაავადებები გაცილებით რთულად და მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე “ბრძოლისუნარიან” ორგანიზმში.

ამას ემატება გარემოს დაბინძურება, რომელიც კიდევ უფრო ასუსტებს ისედაც დაუძლურებულ ორგანიზმს.

მოკლედ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას დაქვეითებული აქვს ორგანიზმის მდგრადობა დაავადებების მიმართ, არ აქვს ადექვატური ინფორმაცია დაავადებების პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისუსტის გამო ავადმყოფები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას და/ან აგვიანებენ ექიმთან მიმართვას. რაც ართულებს და აძვირებს მკურნალობის პროცესს.

 

ავადმყოფობის შემთხვევაში კი დიდია ალბათობა რომ ქართველმა ავადმყოფმა მკურნალობა ჩაიტაროს ძვირადღირებული მაგრამ არაეფექტური და/ან არასაჭირო პრეპარატებით, რაც მის ფიზიკურ და ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ასეთია მწარე რეალობა, რომელიც აუცილებლად შესაცვლელია“,– წერს კავკასიძე სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვირუსის შესახებ: რეკომენდაციები

რა უნდა ვიცოდეთ ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ შესახებ