წელს მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 12–ით გაიზარდა

2018-12-31 12:26:45
255

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, 2018 წელს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მსოფლიოში დაიღუპა მედიასაშუალებების 94 ჟურნალისტი და თანამშრომელი. მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 2017 წელთან შედარებით 12-ით გაიზარდა. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა ავღანეთია, სადაც წელს დაიღუპა მედიის 16 წარმომადგენელი. მათ შორის იყვნენ რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის თანამშრომლები საბაუნ კაკარი, აბადულა ჰანანზაი და მაჰარამ დურანი, რომლებიც 30 აპრილს დაიღუპნენ ქაბულში, ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ავღანეთის შემდეგ მეორე ადგილზეა მექსიკა, სადაც 2018 წელს მოკლეს მედიის 11 წარმომადგენელი. განსაკუთრებით საშიში ქვეყნების ჩამონათვალში არიან იემენი, სადაც 9 ჟურნალისტი დაიღუპა, 8 სირიაში და 7 ინდოეთში. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოების დაუცველობის მხრივ მსოფლიოში არსებული კრიზისის თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავს 2018 წლის ოქტომბერში, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ამერიკული გაზეთის, „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველის ჯამალ ხაშოგის მკვლელობა.