ხუხაშვილი – ოპოზიციურ გაერთიანებაზე: "რა გადატრიალების თავი აქვთ"

2018-12-17 16:55:03
961

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, „ბრიყვული გადაწყვეტილებით“ შეიქნა მოცემულობა, შს მინისტრი კი შეეცანა, ამოცანა ნაკლები სისხლით შეესრულებინა. ასე აფასებს ანალიტიკოსი გუშინ გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს.    

„პრობლემა გაჩნდა იმ გადაწყვეტილებაში, რასაც ჰქვია თელავში ინაუგურაციის გამართვა. ეს იყო საკმაოდ ბრიყვული გადაწყვეტილება ყველა ასპექტში, როგორც სიმბოლიკის, ისე ლოჯისტიკური, პოლიტკური, რისკების მართვის თვალსაზრისით. ამან შექმნა ყველა ის გაუგებრობა, რაც ჩვენ შემდგომში ვიხილეთ. საბოლოო ჯამში, გახარია ამ მოცემულობაში შეეცადა, მცირე სისხლით შეესრულებინა ის ამოცანა, რაც მას ეკისრებოდა. ამოცანა იყო ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს მოცემულობა შეუქმნეს ბრიყვული გადაწყვეტილებით და გააკეთა ის, რაც გააკეთა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი თავისი ამოცანა შეასრულა. მათი ამოცანა არ ყოფილა რამის ჩაშლა, არა იმიტომ, რომ ამის გამკეთებლები არ არიან, იციან, რომ  რესურსი არ აქვთ. მათი გუშინდელი ამოცანა იყო საინფორმაციო გადაფარვა. თუ საერთაშორისო თუ ადგილობრივ მედიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ორი ნიუსი იყო – ჩატარდა ინაუგურაცია, იყო პროტესტი და ა.შ. ეს ერთჯერადი ხასიათის ამოცანაა, რაც შეეხება გრძელვადიანს, ეს არაა პოლიტიკური კრიზისის შექმნა: „ქართულმა ოცნებამ“ მათ აჩუქა 800 000–იანი ელექტორატი, რაზეც ვერც იოცნებებდნენ. ენმ–ს მიზანი ამ ელექტორატის შენარჩუნებაა, ამისთვის მუდმივი მოძრაობა, დინამიკა სჭირდებათ. ისინი ამ დღის წესრიგს მისდევენ, თორემ რა გადატრიალების თავი აქვთ?!“,– ფიქრობს ანალიტიკოსი.

მისივე აზრით, სადღეისოდ ორივე პოლიტიკურ ძალას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და საზოგადოების მთავარი ამოცანა მულტიპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მოღებაა.

ამასთან, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა მართებული გადაწყვეტილება არაა:

„უკვე დიდი ხანია, არც ერთი და არც მეორე პოლიტიკური ძალა ლეგიტიმური არაა. სიძულვილზე აგებენ ყველაფერს, დანარჩენი ოპოზიციის სისუსტის პირობებში ახერხებენ არმაგედონის დახატვას, მთელი პოლიტიკური ველის დაკავებას და ადამიანებს ისევ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ აყენებენ. ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდან მთავარი თემა მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარების პროცესში მონაწილეობის მიღებაა. საზოგადოების უმრავლესობას არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ უნდა. ამიტომ, საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს, პროპორციული არჩევნების 2020 წელს ჩატარება. კონიუნქტურა ისეთია, რომ კოალიციური ხელისუფლების კონტურები გამოიკვეთა, საკონტროლო პაკეტები ვერც ერთის ხელში ვერ მოხვდება და ეს უკვე 2020 წლისთვის პოლიტიკური სივრცის გახსნის შანსს ტოვებს. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნები არ მგონია, სწორი მოთხოვნა იყოს, რადგან ამას კიდევ უფრო მეტად სჭირდება პოლიტიკური სივრცის გახსნა.

ხელისუფლებასთან მარტივი კითხვაა, ხომ მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე და რატომ 2024–ში და არა 2020–ში? 4 წელი მაჩუქე პრინციპია? საქართველოში მაჟორიტარი მანკიერი სისტემაა. რომელ მაჟორიტარებზე მელაპარაკებიან, თავიანთი ბიზნესების „კრიშვით“ რომ არიან დაკავებული? რომელი მაჟორიტარი გინახავთ, რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში აქტიურად მიეღოს მონაწილეობა?!“.  

ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს და მას პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას ურჩევს:

„ერთადერთი გამოსავალი კონსტიტუციური წესრიგისა, მისი პრემიერ–მინისტრად დაბრუნებაა. ამის გარეშე ამ ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი არ აღდგება, ისევ იქნება ჩრდილოვან მმართველობაზე მუდმივად აპელირება, მის რესურსებზე პარაზიტირება, მისთვის ხელის შეხოცვა. რადგან ისაა ყველაფერზე პასუხსიმგებელი და ყველა გადაწყვეტილება მას ჰბრალდება, კეთილი ინებოს, დაჯდეს კაბინეტში და მართოს ეს ქვეყანა“,– დასძინა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის: ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ხვალიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით უწყვეტ აქციებს აანონსებს.