პროპორციული და პროპორციულ–მაჟორიტარული სისტემების უპირატესობანი

2018-12-06 16:23:34
207

ოპოზიციური გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. მოთხოვნის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული ან რეგიონალურ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით ოპოზიციური გაერთიანების პოზიციას არა, მაგრამ საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობის იდეას იზიარებენ  დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც. თავად ხელისუფლება კი დათმობაზე წასვლას არ აპირებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლას ჯერ კიდევ 2011 წელს ითხოვდნენ მმართველი გუნდის წევრები.

სადღეისოდ ქვეყანაში შერეული – პროპორციულ–მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ კი ძალაში შედის ახალი კონსიტუცია, რომლის თანახმადაც ქვეყანა ახალ – პროპორციულ სისტემაზე  2024 წლიდან გადავა. ამ გადავადებას თავის დროზე უარყოფითად შეხვდა როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორიც, ქვეყნის პრეზიდენტი. ისმოდა კრიტიკა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მხრიდანაც, თუმცა მმარველმა გუნდმა პოზიცია არ დათმო და გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. 

რატომ არის პრობლემური მოქმედი საარჩევნო სისტემა, რატომ საჭიროებს ის ცვლილებებს, რას მოიაზრებენ პროპორციული და პროპორციულ–რეგიონალური სისტემები, „აქცენტი“ შეეცდება ამ საკითხებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ირმა პავლიაშვილის დახმარებით გაგარკვიოთ.  

 

რატომ არის დავა საქართველოში მოქმედ შერეულ სისტემაზე: მისი უარყოფითი მხარეები  

 

ირმა პავლიაშვილის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებული შერეული საარჩევნო სისტემა ვერ უზურნველყოფს მიღებული ხმების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში. ვინაიდან მოქმედი ფორმულის მიხედვით, პროპორციული სისტემით მიღებულ მანდტებს ემატება მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატები, რაც ერთიანობაში შესაძლებელს ხდის, რომ

„მაგ: 49% მხარდამჭერმა პარტიამ მიიღოს მანდატების 80%. კერძოდ: საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოქმედებს შერეული, ე.წ. პარალელური საარჩევნო სისტემა, რაც თავისთავში მოიცავს მაჟორიტარული და პროპორციული წესით პარლამენტის წევრთა არჩევას. როდესაც წარმომადგენლობით ორგანოში 77 დეპუტატის არჩევა ხდება პროპორციული სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დახმარებით. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 5%-ს მაინც მიიღებენ“,– ამბობს პავლიაშვილი.

რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს (ამ უკანასკნელის ცვლილება 2016 წლის არჩევნების წინ განხორციელდა და მანამდე ბარიერი 30 % იყო).


რას გულისხმობს პროპორციული სისტემა  

 

როგორც პავლიაშვილი განმარტავს, პროპორციული სისტემა ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებული სისტემაა მსოფლიოში და ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის –  ნიდერლანდებში, ბელგიაში, საბერძნეთში, ნორვეგიაშ, შვედეთში, ესპანეთში, შვეიცარიშა და ა.შ.:

„პროპორციული სისტემა შემუშავებულ იქნა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც წარმოიქმნება მაჟორიტარულ-პლურალისტური სისტემის მიერ. სისტემის ერთ-ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს მისი სიმარტივე და პროპორციული შედეგის უზრუნველყოფა.


რას გულისხმობს რეგიონალურპროპორციული სისტემა  

 

პავლიაშვილის განმარტებით, რეგიონალურ პროპორციული სისტემა წარმოადგენს სიითი პროპორციული სისტემის ერთგვარ სახეობას.

„აღსანიშნავია, რომ ამ სისტემის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით არის, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია 2014 წლის 1 ოქტომბერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში“,– აღნიშნავს პავლიაშვილი.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიაზე იქმნება რამდენიმე მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი. შესაბამისად, აუცილებელი ხდება საარჩევნო ოლქების ტერიტორიული ფარგლების განსაზღვრა, რაც უნდა მოხდეს ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა. საარჩევნო ოლქებად დაყოფასთან ერთად უნდა განისაზღვროს რეგიონის დონეზე ასარჩევი მანდატების რაოდენობა. შესაბამისად, ვინაიდან მანდატები გადანაწილდება რეგიონულ დონეზე, წარმოადგენილი იქნება შესაბამისი პროპორციული სიები და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების გამორიცხვის მიუხედავად, გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი კონტექსტი. მოცემული სისტემის დადებით მხარეებს წარმოადგენს:

  • ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვა მანდატებში;
  • ამომრჩეველთა დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირება;
  • ხმის წონის თანაბრობის უზრუნველყოფა - მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება, განსხვავებული იყოს ოლქების მიხედვით, თუმცა ხმის წონის თანაბრობის პრინციპის უზრუნველსაყოფად დასაშვებია 10-15% ცდომილება;
  • გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა - მანდატების გადანაწილება რეგიონალურ დონეზე ხდება და შესაბამისად იზრდება კავშირი ამომრჩეველსა და მის წარმომადგენელს შორის, რითაც ხდება მაჟორიტარული სისტემის კომპენსირება;
  • მცირე პარტიების წარმომადგენლობის ხელშეწყობა - მცირე პარტიებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ კონკრეტულ რეგიონში ამომრჩევლებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად გადალახონ მანდატის მისაღებად დაწესებული ბარიერი;
  • ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა - პროპორციული სისტემა დახურული სიებით ის სისტემაა, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას. თუმცა, ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ შემოღებულ უნდა იქნას, ასევე, სავალდებულო კვოტირება, როგორც დამატებითი მექანიზმი ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის უზრუნველსაყოფად;
  • ეთნიკური და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა - სისტემა მეტ შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს ჰყავდეთ თავისი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში;
  • სიმარტივე - ხმის მიცემის პროცესი ნათელი და გასაგებია. ამომრჩეველს აქვს ერთი ხმა, რომელსაც აძლევს პარტიას. ამასთან, მარტივია ხმის დათვლის პროცესი და არ მოითხოვს დიდ დროს. შესაბამისად, მალე ხდება ცნობილი არჩევნების შედეგები, რაც ხელს უწობს ამომრჩეველთა ნდობის გაზრდას მთელი პროცესისადმი.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, პავლიაშვილს მოთხოვნა არ მიაჩნია მართებულად: 

"ახლა მთავარია, 2020 წლამდე წარიმართოს საარჩევნო რეფორმა იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიკვეთა. გარდა ამისა, ვადამდელ არჩევნებს სამართლებრივი მექანიზმიც გამორიცხავს – არ იძლევა პარლამენტის დათხოვნის გარემოებას". 

ამავე თემაზე: რა შემთხვევაშია რეალური ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები