წინაპრებთან ასოცირების სურვილი, თუ პოლიტიკური სუიციდი?

2018-12-05 14:52:17
538

გადაწყდა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში შედგება. ფაქტს თავად ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ადასტურებს, თუმცა გადაწყვეტილების მოტივი არ სახელდება. სწორედ ამიტომ „აქცენტი“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, მათ შორის – პოლიტიკოსების მოსაზრებებს გთავაზობთ.


გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაძაზე: „პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ".



მმართველი გუნდის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია: “თელავი ძალიან მომწონს და მიყვარს, თუმცა მხარს მცხეთას უფრო დავუჭერდი. ეს უფრო კარგი იქნებოდა, რადგან ძველი სატახტო ქალაქია და გარკვეულ კუთხესთან მიკერძოებას არ იწვევს, თელავი კი ერეკლე მეფის სასახლეა”.  



ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია: „აქ ორი მთავარი ახსნა შეილება, იყოს: პრაქტიკული და ისტორიული შინაარის – სიმბოლიზმის მატარებელი. პრაქტიკული ახსნაა, რომ ემიგრაციის და ჯარის გარდა თელავი რუსთავთან ერთად იყო ოლქი, სადაც მათ [მმართველმა გუნდმა] მეორე ტურშიც წააგეს. ამიტომ, აქ ერთ–ერთი მიზანი შესაძლებელია, რომ თელავის შემორიგება იყოს, რომ თელავმა თავი დაფასებულად იგრძნოს. მეორე საკითხია ის, რის გამოც, მე რომ სალომე ზურაბიშვილი ვყოფილიყავი, ამ გადაწყვეტილებას ცოცხალი თავით არ დავთანხმდებოდი: ეს არის ერეკლე მეორე და მისი გახმაურებული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. მართალია, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ სუიციდისკენ მიდრეკილებები აქვთ, მაგრამ ამ ფონზეც კი ძალიან უცნაური არჩევანია. რადგან ერეკლე მეორე უკავშირდება კონკრეტული ტიპის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც იყო რუსეთთან ხელშეკრულების დადება. ოპონენტები „ქართულ ოცნებას“  წლების განმავლობაში აბრალებდნენ, რომ ისინი რუსეთის ინტერესებს წარმოადგენენ და ა.შ., შემდეგ იყო 2–თვიანი ორომტრიალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია: მან ყველაზე არასწორი რამ თქვა, რაც ამ თემაზე შეიძლება, ეთქვა [აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება] და ამ ფონზე, როდესაც თითქოს გამოასწორა თავისი განცხადებები, უცებ ამ ფონზე მაინც ეს [ინაუგურაცია თელავში] ხდება. ზოგადად ერეკლე შეიძლება, ბევრნაირად გაიგო, მათ შორის – როგორც ტრაგიკული ფიგურა, რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა და ა.შ. ერეკლეს თავის დროზე რა არჩევანი ჰქონდა და როგორ მოიქცა, ეს სხვა საკითხია, ამაზე დავა გრძელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ასოციაცია, რასაც ის [ერეკლე მეორე] ყველაზე მეტად იწვევს, სწორედ ამ მიმართულებითაა [გეორგიევსკის ტრაქტატი]. ამიტომ ეს მარკეტინგის და პოლიტიკური შინაარსის თვალსაზრისით ცალსახად არასწორი არჩევანია“.



„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი: „პრეზიდენტის ინსტიტუტი სიმბოლური ხასიათისაა და ყველა სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს. რესპუბლიკის ლიდერის ინაუგურაცია მონარქის სასახლეში ცოტა უცნაური მოვლენაა. თავად მეფე ერეკლე ასოცირდება ურიცხვ მტერთან განუწყვეტლივ ბრძოლასთან, მაგრამ იგი ასევე ასოცირდება გეორგევსკის ტრაქტატთან, რასაც ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა“.


პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პიტსბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წვეული ლექტორი ვასილ რუხაძე: "თელავში ინაუგურაციის ჩატარების პოლიტიკური სიბოლიზმი არ მესმის და რაც არ უნდა იყოს, ამგვარი თეატრალური ჟესტები სრულიად არასაჭიროდ ჩანს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. რამდენადაც ვიცი, და ვფიქრობ არ ვცდები, სალომე ზურაბიშვილი თავის გვარს ნათესაურად ბაგრატიონების სამეფო დინასტიას უკავშირებს. ალბათ ამ ნათეასაური კავშირის ხაზგასმას ცდილობს, რაც აბსურდად, ფუჭი პიროვნული ეგოიზმის გამოხატულებად მიმაჩნია. საქართველოს პოლიტიკური ცენტრი თბილისია და შეასაბამისად, პრეზიდენტის ინაუგურაცია ლოგიკურად აქ უნდა ჩატარდეს. თუ მაინცდამაინც პოლიტიკური სიმბოლიზმი სურთ, მაშინ ეს შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან ჩაეტარებინათ, სადაც რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ემუქრებიან ქართულ მოსახლეობას და მთელ საქართველოს. ეს იქნებოდა გზავნილი, რომ ქართული სახელმწიფო შიდა ქართლში, ცხინვალში აუცილებლად დაბრუნდება".

კავკასიოლოგი გელა ხმალაძე: „ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეს არჩევანი სიმბოლურია, რადგან თელავში ერეკლეს სასახლე არის ერთადერთი სრულყოფილი სახით შემორჩენილი სამეფო რეზიდენცია საქართველოში, თუ არ ჩავთლით როსტომ მეფის სასახლის ნანგრევს ძველ თბილისში, გეგუთის სასახლეს ქუთაისთან, რომელიც ასევე ნანგრევების სახით შემოგვრჩა და მე-12 საუკუნეში თამარ მეფის ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა. ჩანს, რომ  ზურაბიშვილს აქვს ამბიცია, თავი ქართველ მონარქებს გაუტოლოს, ან პრეზიდენტის პოსტზე თავისი მომავალი საქმიანობა ქართველ მონარქთა ტრადიციის გაგრძელებად წარმოაჩინოს. ასეთი არჩევანი უფრო გემოვნების საკითხია, თუმცა, ჩემი აზრით, გარკვეულად პროვინციალიზმის გამოვლინებაა. ალბათ სჯობდა, ინაუგურაციის ადგილი თანამედროვეობაზე ან სულაც მომავალზე ყოფილიყო ორიენტირებული. ჩატარებულიყო თუნდაც ანაკლიაში, რომელიც ეკონომიკურად ძლიერი და ევროპული საქართველოს სიმბოლოა და თან მდინარე ენგურთან, ანუ საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს“.


ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე:  „ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს. ვაშაძეც რომ აგვერჩია, არც ამ შემთხვევაში გვეყოლებოდა პრეზიდენტი. ეს რეალურად მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირება იყო. სალომე ზურაბიშვილი იქნება კონტროლირებადი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ვაშაძე იქნებოდა კონტროლირებადი სააკაშვილის მხრიდან. ამდენად, სად ჩაატარებენ ინაუგურაციას, მგონია, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვინაიდან ინაუგურაცია ტარდება ერეკლე მეორეს სასახლეში, ამიტომ ზურაბიშვილი დაიჭერს პრორუსულ კურსს, არ ვეთანხმები. ჩემი თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისგანაც იქნება მართული და დასავლეთისგანაც. ეს ქალბატონი საქრთველოში საფრანგეთის ელჩი იყო, მანამდე მუშაობდა საფრანგეთის სახელმწიფო სტრუქტურებში და მას სერიოზული ურთიერთობა ექნება დასავლეთის სპეცსამსახურებთან. შესალოა, მათთან ანგარიშვალდებულიც იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დასავლეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ივანიშვილი, რომ ის [ზურაბიშვილი] დაესახელებინა კანდიდატად: გაცილებით რეიტინგული პიროვნების დასახელება შეეძლო თუნდაც გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“, რომ პირველივე ტურში გადაეწყვიტათ საპრეზიდენტო კანდიდატის ბედი და მოეგოთ. ბევრი რამ შეიძლება იყოს და ცოტა ხანში ეს ყველაფერი გამოჩნდება“.