მეთიუ ბრაიზა: "პირველად ცეცხლი რუსმა "მშვიდობისმყოფელებმა" გახსნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ”

2018-08-12 23:16:27
7131

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის მეთიუ ბრაიზას ინფორმაციით, "2008 წლის აგვისტოში პირველად ცეცხლი რუსმა ე.წ. "მშვიდობისმყოფელებმა" გახსნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

როგორც "აქცენტს" ბრაიზამ განუცხადა, 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი კოლეგის - ვლადიმერ პუტინის “მახეში გაება".

"ვინ დაიწყო ომი, ძალიან მნიშნელოვან საკითხად რჩება. ჩემი შეხედულება არ შემიცვლია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში. რუსეთი საქართველოზე შეტევას წლების განმავლობაში ახორციელებდა. ინფორმაცია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მივიღე, იმაზე მიუთითებს, რომ პირველად, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების უკანა პოზიციებიდან რუსმა ე.წ. "მშვიდობისმყოფელებმა" საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი. მართალია, ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ პირველად საქართველომ გაისროლა, მაგრამ ეს იყო რუსეთის პროვოკაციის შედეგად. პრეზიდენტი სააკაშილი პუტინის მახეში გაება. თუმცა მიუხედავად იმისა, ვინ გახსნა ცეცხლი პირველად, რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ” - აღნიშნა მან.

ბრაიზას განმარტებით, პრეზიდენტ პუტინის მოტივაცია იყო, არ მიეცა სააკაშვილისთვის საშუალება, მიეღწია ორი მიზნისთვის. “ის [სააკაშვილი] დაჰპირდა ქართველ ამომრჩეველს, რომ აღადგენდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, გარდა ამისა, გააწევრიანებდა საქართველოს NATO–ში. სწორედ ამის არდაშვება იყო მიზანი'" – დასძინა მან.

ნინო ცაბოლოვი