დავით ბაშარულის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა

03 June, 2018   4 თვის 1 კვირის წინ
391

დღეს შესრულდა 4 წელი იმ დღიდან, როცა ადგილობრივ მილიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს 19 წლის დავით ბაშარული.

იმ დღის მერე ის არავის უნახავს. ეს ამბავი გახმაურდა ორი დღის მერე, როცა მისი პირადი ნივთები მილიციის თანამშრომლებმა შორეულ ნათესავს გადასცეს. დავიწყეთ ძებნა. ეძებდა მთელი რაიონი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ საკითხზე არაერთხელ შევხვდი ცხინვალში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ვცდილობდი დამერწმუნებინა, თუკი ის ნაცემი იყო ან არ ვიცი რა მდგომარეობაში, გამოეჩინათ. 7 ივნისს დაბის ცენტრში შვილთან ერთად, რომელიც იმ დროს მცირეწლოვანი იყო, გავედი და დავდექი მდუმარე აქციაზე რამდენიმე ადგილობრივთან ერთად. 3 ჯერ მეტი ძალოვანი იდგა მოშორებით. მილიცია მთელი ეს პერიოდი ამკვიდრებდა აზრს, რომ დათო დაკითხვის მერე სახლში გააცილეს და ის წეროვანში გაიპარა- მთებზე გადავიდა, რადგან საკინტროლო გამშვებ პუნქტებზე მისი გადაადგილება არ ფიქსირდებოდა. 7 ში, ღამის 11 საათზე ჩემი ბინის კარზე იყო კაკუნი. მილიციასთან ახლოს ვცხოვრობ და ვხედავდი ჩოჩქოლს ეზოში- უამრავი ფორმიანი ადამიანი ტრიალებდა. აკაკუნებდა პროკურატურის გამომძიებელი დათო გურწიევი. დაჟინებით მოითხოვდა კარი გამეღო. რამდენიმე ჟურნალისტს და ცხინვალში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვაცნობე მისი ვიზიტის შესახებ ტელეფონით და გავუღე. მითხრა, რომ ცხინვალიდან გამომძიებელთა ჯგუფია ჩამოსული, აპატიმრებენ 3 მილიციელს ბაშარულის საქმესთან დაკავშირებით და მოწმედ გაყოლა მთხოვა. ჩემგან უარი მიიღო. არ მეშვებოდა. ვკითხე, რატომ აპატიმრებდნენ მილიციელებს, თუკი დათო ცოცხალია და გაიპარა კიდეც წეროვანში? პასუხი ვერ მივიღე. ის მაინც იმეორებდა, რომ გავყოლოდი. არ გავყოლივარ. მე ვაგრძელებდი დათოს გაუჩინარების შესახებ გამევრცელებინა ინფორმაცია. ამის შემდეგ ჩემთან ბინაში მოდის შს მინისტრის მოადგილე. ვერ მივხვდი რა უნდოდა, თუმცა თქვა რომ ეძებდა დათოს. დათოს დედა დადიოდა მარტო, უწყებიდან უწყებაში უშედეგოდ. ოჯახს აქ ადვოკატი არ ჰყოლია. გაუჩინარებიდან 7 თვის მერე დათოს გვამი "იპოვეს" ხეზე ჩამოკიდებული. პროკატურის ვერსიით მან თავი მოიკლა. გვამი იმდენად იყო დაზიანებული, ოჯახმა თმით იცნო- ალბინოსი იყო. მასთან ახლოს ბინის გასაღები ეგდო, ახლად დაგდებული- დაუზიანებელი. იმ ადგილებში თვეების განმავლობაში ეძებდნენ მეზობლები. გვამის ნიმუშები ექსპერტიზაზე გაიგზავნა დონის როსტოვში. ცხედარი ზუსტად ორი თვის მერე გადაეცა ოჯახს. აქ ადგილზე თითქოს მიდიოდა გამოძიება, რომელი ც 2018 წელს დაიხურა. დაიხურა ისე, რომ ოჯახს და საზოგადოებას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაუტოვა.


დიდი შეცდომა იყო, რომ ოჯახს ადვოკატის დაქირავებაში არ დაეხმარა სახელმწიფო, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ განაახლა ბაშარულის საქმის გამოძიება. 


ალბათ ბევრმა პირველად გაიგო მისი ამბავი დღეს. არაა გასაკვირი- ჩუმად დაიკრძალა, ისე თითქოს მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს მოუკვდათ. როგორც მისმა ბიძამ Gode Gutniashvili მითხრა, ჩასასვენებლის თანხა, თბილისელმა გამომძიებელმა ასესხა. 


როგორი ბიჭი იყო დათო? კეთილი, მშვიდი, მეგობრული, მშრომელი- თავის დიდ ოჯახს ის ინახავდა.


აქ მცხოვრებ ადამიანებს, სხვა ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მით უმეტეს ოჯახს, რომელმაც შვილი დაკარგა ასე უბრალოდ. 


ბაშარულის საქმე აქ არის ჩემი ბოლო წლების ყველა უსიამოვნების მიზეზი. რა საკითხზეც არ უნდა გამომიძახოს პროკურატურამ, მუდამ ასე იწყებენ- დაივიწყე ბაშარული...


მისი ოჯახს დახმარება სჭირდება, ოჯახს, რომელზეც არავის უზრუნია. ყველა წევრი შრომის უუნაროა. 

თამარა მეარაყიშვილი