Accentnews.ge
Европарламент утвердил резолюцию, не признающую результаты выборов в Грузии

Европарламент утвердил резолюцию, не признающую результаты выборов в Грузии

28/11/2024 11:37:51 Политика

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს "გაყალბებულს" უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და "ქართული ოცნების" რიგი ლიდერების სანქცირებას მოითხოვს.

რეზოლუციას სახელწოდებით "საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ" მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“.

„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ.

რეზოლუციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დადანაშაულებულია „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შემობრუნების სანაცვლოდ“.

ევროპარლამენტი მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებას. ივანიშვილის გარდა, ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს. მათ შორის არიან: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და ეს სანქციები გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებზე; ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესდეს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტების მკვეთრად შეზღუდვისკენ მოუწოდებს:

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს:

"ევროპარლამენტი ხაზგსმით აღნიშნავს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს საქართველოს უვიზო სტატუსს გადახედონ, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების სფეროებში დაცული არ არის".

ამასთან, დოკუმენტში ევროპარლამენტარები საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ იმეორებენ.

დღეს მიღებული რეზოლუცია ერთობლივად წარადგინეს ევროპარლამენტის შემდეგმა ჯგუფებმა: ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, ლიბერალებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა.

ეს არის საქართველოს შესახებ პირველი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღო.

ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - ისინი ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას ასახავენ.

Новости

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S