Accentnews.ge
"საკუთარი მითი დაამსხვრიეს": სანქციები და მოლოდინები

"საკუთარი მითი დაამსხვრიეს": სანქციები და მოლოდინები

03/08/2023 13:02:45 ეკონომიკა

1 აგვისტოდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტ/რეექსპორტი შეიზღუდა. ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომანქანების ექსპორტზე შეზღუდვა 26 სექტემბრიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მე–11 პაკეტის ამოქმედების კვალდაკვალ იქნა მიღებული, რომელიც აკრძალვას ავრცელებს:

  • ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს;
  • ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე.

მათ შორის, ამ საკითხზე ამახვილებდნენ ყურადღებას საქნციების კოორდინატორები საქართველოში ივნისში განხორციელებული ვიზიტისას, თუმცა მაშინ ბიზნესისთვის რიგი საკითხები ბუნდოვანი დარჩა. მაგალითად, მათ ჰქონდათ კითხვა, ჩაითვლება თუ არა სანქციებისთვის გვერდის ავლაში ხელშეწყობად, თუ პირობითად, ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოში შემოდის ავტომანქანა, ხორციელდება მისი რეექსპორტი ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყანაში და საბოლოოდ, მანქანა ხვდება რუსეთში? იმპორტიორები აღნიშნავდნენ, რომ თავად ვერ გააკონტროლებენ პროცესს, შესაბამისად, ვერც პასუხისმგებელნი იქნებიან. ამიტომ, ისინი მთავრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას როგორც სანქციების კოორდინატორებთან, ისე ძირითად სავაჭრო ქვეყნებთან (მაგალითად, ყაზახეთი, ყირგიზეთი)კომუნიკაციაში, რათა დარტყმა არ მიეღო საქართველოს ეკონომიკისთვის ასევე მნიშვნელოვან დარგს.

თუმცა, ირკვევა, რომ ამერიკის და ევროკავშირის სანქციებზე საქართველოს მიერთების შესახებ ავტო იმპორტიიორებისთვის პოსტფაქტუმ გახდა ცნობილი მედიის, სოციალური ქსელების თუ პარტნიორი დილერების მეშვეობით.

ერთ–ერთი რუსი დილერის შეტყობინება, რომელიც სავარაუდოდ, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიიდან აუწყებდა თანამოქალაქეებს მათთვის შექმნილი "გლობალური პრობლემების“ შესახებ, საქართველოს შემოსავლების სამსახურისგან განსხვავებით, მეტ დეტალიზაციას მოიცავს:

  • "მორჩა, საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი აღარ არსებობს. ყველა თქვენი საყვარელი ავტომანქანა: 2018-2019 წლის წარმოებული მერსედესები, BMW-ები აღარ შეგიძლიათ, გააფორმოთ რუსეთსა და ბელარუსზე.
  • კიდევ ერთი ცუდი ამბავი, საქართველო ასევე არ ატარებს მანქანებს სომხეთიდან, რომლებსაც ტრანზიტული ნომრები აქვთ. სანომრე ნიშნები მხოლოდ რკინის უნდა იყოს. ამიტომ თუ კი შეიძინეთ, ან აპირებთ, შეიძინოთ ავტომანქანა სომხეთში, აუცილებლად უნდა გაიფორმოთ საკუთარ სახელზე. შეზღუდვა ასევე ეხება ავტომანქანებს, რომლებიც განბაჟებულია სომხეთში და რომლებიც საქართველოდანაა შეტანილი. საქართველო არც ასეთ მანქანებს ატარებს“.

„მედიის საშუალებით გავიგეთ. მანამდე სოციალურ ქსელებში რუსი დილერები ავრცელებდნენ ცნობებს ამ აკრძალვის შესახებ, მაგრამ მსხვილი ორგანიზაციებიდან ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არავინ იყო“,– ამბობს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ნონიაშვილი.

ნონიაშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ამინისტროსთვის ასოციაციიდან გაგზავნილ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ არ მიუღიათ:

„სამი ძირითადი კითხვა დავსვით:

  • უერთდება თუ არა საქართველო ამ სანქციებს?
  • თუ უერთდება, რომელი რიცხვიდან?
  • და რა პირობებით უერთდება: რა კატეგორიის შეზღუდვები გავრცელდება რეექსპორტთან დაკავშირებით? ეს იქნება რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთის მიმართულება თუ ზოგადად, რაზეც იყო სანქციების კოორდინატორთა ჯგუფის მხრიდან ეჭვები, რომ საქართველოდან გადის პირობითად სომხეთში და შემდეგ ხვდება რუსეთის ტერიტორიაზე?“.

ასოციაცია პასუხის მოლოდინშია. რაც შეეხება გადაწყვეტილების ეფექტს, ერთ–ერთი მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია „კავკასიის ავტო იმპორტის“ ხელმძღვანელი სანდრო ბიწაძე არ ელის, რომ ის საქართველოში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, რადგან ამ მიმართულებებზე გაყიდული ავტომანქანების წილი მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 5,5% შეადგენდა.

ინფორმაციისთვის: მსუბუქი ავტომობილები რუსეთში საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2023 წლის 6 თვეში საქართველომ რუსეთში სულ 3 786 ერთეული მანქანა გავიდა (ჯამური ღირებულება $53 მილიონი). ექსპორტი წლიურად 274%–ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ბელარუსს, ამ მიმართულებით 129 ერთეული ავტომანქანის ექსპორტი განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც $2,45 მილიონი შეადგინა.

ავტო იმპორტიორებს აქვთ მოლოდინი, რომ მომავალში შეზღუდვები შეეხება „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრი ქვეყნიდან იმპორტირებულ ავტომანქანებს, მაგრამ დაზუსტებით არაფერი იციან.

ცნობილია, რომ იაპონია 9 აგვისტოდან კრძალავს რუსეთში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე, მათ შორის მეორადი ავტომანქანების ექსპორტს, რომელთა ძრავის მოცულობაც 1.9 ლიტრს აჭარბებს. შეზღუდვები ასევე შეეხება ყველა ჰიბრიდულ მანქანას.

„გვაინტერესებს, მაგალითად, თუ შეეხება იგივე იაპონურ ან კორეულ ავტომობლებს შეზღუდვა? თუ კი, როდიდან იგეგმება და რა სახის იქნება ეს სეზღუდვები? მნიშვნელოვანია, დარგმა წინასწარ იცოდეს, რომ მომავალში გავთვალოთ, რადგან უკვე გვაქვს პრობლემა: გაზრდილია მოთხოვნა, მაგრამ გაზრილია მიწოდებაც – ბაზარი გაჯერებულია და ავტო იმპორტიორებს მუდმივად ეზრდებათ ხარჯები“,– ამბობს ნონიაშვილი.

„დროას“ წევრი გიგა ლემონჯავა, რომელიც სანქციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება, მიიღო რა მკაფიო გაფრთხილება, იძულებული გახდა, შეერთებოდა სანქციების მე–11 პაკეტს ავტომანქანების ნაწილში და და ამით მის მიერვე შექმნილი მითი დაამსხვრია: „საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ბოლო თვეების განმავლობაში მკაფიოდ ეყრდნობოდა შემდეგ ყალბ თეზას, რომ ევროკავშირის სანქციებთან მიერთება გამოიწვევს ომს რუსეთთან. ეს პროპაგანდისტული ნარატივი გუშინ ჩამოიქცა: შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ საქართველო უერთდება ამ პაკეტს“.

ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ შემდეგნაირი განმარტება გააკეთა: „თავიდანვე დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება, რომ აღნიშნულ პაკეტს არ და ვერ შევუერთდებით ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩენს პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ და ესეც არის მაგალითი თანამრომლობისა, რომ რაიმე პრობლემა არ იყოს სამომავლოდ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S