
პაპუაშვილი ანაკლიის პორტში ჩინურ ინვესტიციებს არ გამორიცხავს
01/08/2023 10:57:54 პოლიტიკა, ეკონომიკა
არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და ამით ჩინეთზე, როგორც ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ოპოზიციონერების მხრიდან უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.
„საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ეხმიანება ის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ქვეყნის მთავარი დამცველი მისი ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები. ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება, ვინმეს გადაეცეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ის ამბობს, რომ „ჩინეთთან პარტნიორობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა":
"რაც შეეხება ურთიერთობის გაღრმავებას, ეს როგორც პარლამენტის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის, ასევე მთავრობის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი იყო. ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი მიზანი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. როდესაც საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთს. სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირებისას, სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, რომ ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს. [...]
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს. ამ კუთხით, ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, რადგან ერთდროულად როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იხილეთ ასევე: რას გვთავაზობს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა