
ოთარ შამუგია: მოსახლეობისთვის პური არ გაძვირდება
29/05/2023 09:32:06 ეკონომიკა
მოსახლეობისთვის პური არ გაძვირდება,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, წისქვილკომბინატების სრული დატვირთვით ამუშავება შექმნის შესაძლებლობას, რომ ქართული ხორბალი ფერმერებისგან შეუფერხებლად იყოს შესყიდული.
„ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა ყველა მხარესთან, მათ შორის, პურის მწარმოებლებთან, "პურის მრეწველთა კავშირთან", წისქვილკომბინატებთან და ყველასთან ერთად შევაჯერეთ ის პირობები, რომელიც პირველ რიგში, უპირობოდ შეინარჩუნებს პურის ფასს და მოსახლეობისთვის პური არ გაძვირდება, რაც მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. ამავდროულად, წისქვილკომბინატების სრული დატვირთვით ამუშავება შექმნის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქართული წარმოების ხორბალი ფერმერებისგან შეუფერხებლად იყოს შესყიდული, მათ იმუშაონ და იმ პირობებში მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი პურის საცხობებს, რომ პურის ფასის გაძვირება არ გამოიწვიოს“,- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ფქვილის იმპორტზე დაწესებული დამატებითი საფასური კონკურენტულ გარემოში ჩააყენებს წისქვილკომბინატებს.
"ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ფერმერებს, რათა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის რეალიზაცია და დაბინავება. ქვეყანაში სასურსათო პროდუქტებზე, მათ შორის, ხორბალზე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაუმჯობესება ერთ-ერთი ამოცანაა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ 60%-იანი ზრდა გვაქვს წარმოების ნაწილში და ველოდებით, რომ წელს ეს ზრდის დინამიკა შენარჩუნებული იქნება. გვაქვს მოცემულობა, რომ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, შემცირდა ფასები იმპორტირებულ ფქვილზე, რამაც გამოიწვია წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის ფაქტობრივი გაჩერება. ისინი არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ. ამ პროცესს ვაკვირდებოდით 1 წლის განმავლობაში. ფქვილის იმპორტი მზარდი იყო ხორბალთან მიმართებაში. თუმცა, შემოდგომა-ზამთარში წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის იმპორტი დაახლოებით 25-30 ათასი ტონის ფარგლებში ხორციელდებოდა და ახერხებდნენ მუშაობას, არასრული დატვირთვით მუშაობდნენ. ასევე, შეუფერხებლად ხორციელდებოდა ადგილობრივი მოსავლის დაბინავება. ბოლო 3 თვეში, ფქვილის იმპორტმა 2-ჯერ გადააჭარბა ხორბლის იმპორტს. ჩვენ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრა გვქონდა ყველა მხარესთან, გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დამატებითი საფასური დაწესდეს, რაც კონკურენტულ გარემოში ჩააყენებს წისქვილკომბინატებს, ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ ამ პირობებში შეისყიდონ ქართული ხორბალი და სრული დატვირთვით იმუშაონ, პურის მწარმოებლებს კი ისეთ პირობებში მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ არ გამოიწვიოს პურის გაძვირება“, - აღნიშნა მინისტრმა.