
ომის 76-ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
10/05/2022 07:21:59 ევროპა
უკრაინაში ომის 76 დღის განმავლობაში რუსეთმა უკვე დაკარგა 26 000 სამხედრო, 1170 ტანკი, 2808 ჯავშანტექნიკა და 519 საარტილერიო სისტემა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 26 000 (+500 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1 170 (+25),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 808 (+44),
- საარტილერიო სისტემები - 519 (+6),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 185,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 87,
- თვითმფრინავი - 199,
- ვერტმფრენები - 158,
- გემები / ნავები - 12,
- საავტომობილო ტექნიკა – 1 824 (+28),
- საწვავის ავზები - 1 980 (+10),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 380 (+3),
- სპეციალური აღჭურვილობა - 38 41,
- საკრუიზო რაკეტა - 94.
პენტაგონის ცნობით, რუსეთს აღმოსავლეთის ფრონტზე არსებითი პროგრესი არ აქვს, სანქციები ზიანს აყენებს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას და ართულებს მაღალი სიზუსტის მართვადი საბრძოლო მასალის მარაგის შევსებას.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ბევრი მაღალისიზუსტის იარაღი გამოიყენეს. მარიუპოლში აგრძელებენ უმართავი ბომბების გამოყენებას. მათ პრობლემები აქვთ მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის მარაგების შევსებასთან დაკავშირებით.
ვფიქრობთ, რომ სანქციებმა და ექსპორტის კონტროლმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ელექტრონულ კომპონენტებს ეხება, გავლენა იქონია რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზის შესაძლებლობებზე და მათ უნარზე, შეავსონ მარაგები “,– თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე.
აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდი ქვეყნიდან 13 პარტია იარაღი მიიღო.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ 5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მოითხოვა.
”გვსურს, ამაზე მაისის მესამე კვირამდე შევთანხმდეთ, რათა უწყვეტად გავაგრძელოთ მხარდაჭერა”, - თქვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, 90 დაპირებული ჰაუბიციდან 85, ასევე მათთვის განკუთვნილი 110 000 ჭურვი უკვე ჩავიდა უკრაინაში და უკრაინელი სამხედროები ახალი იარაღის გამოყენებაზე ვარჯიშობენ.
მან ასევე თქვა, რომ პენტაგონი ვერ ხედავს ნიშანს, რომ რუსეთს შეუძლია მეტი ძალების მობილიზება.
9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აადვილებს უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დახმარების გაგზავნას რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე.