Accentnews.ge
უკრაინის ომი, როგორც საფრანგეთისა და გერმანიის შესაძლო შიდაპოლიტიკური კრიზისების მიზეზი

უკრაინის ომი, როგორც საფრანგეთისა და გერმანიის შესაძლო შიდაპოლიტიკური კრიზისების მიზეზი

21/04/2022 04:44:23 ევროპა

პუტინის რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მეორე ფაზა წამოიწყო. პრეზიდენტი ზელენსკი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ ეს მხოლოდ უკრაინის კი არა, მსოფლიოს ომია, რადგან მისი ქვეყნის დამარცხების შემთხვევაში პუტინი აგრესიას სხვა სახელმწიფოებზეც განავრცობს და რომ უკრაინულ ჯარს ამ მსოფლიო საფრთხის შესაკავებლად ჰაერივით ესაჭიროება მძიმე შეიარაღება.

კიევი აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთისგან დამატებით მძიმე არტილერიას მიიღებს, - ცნობილი გახდა ამერიკის პრეზიდენტის მიერ 19 აპრილს მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან გამართული 2-საათიანი ონლაინ-შეხვედრის შემდეგ, რომელსაც კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინას მძიმე ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებსა და საარტილერიო სისტემებს ნიდერლანდებიც მიაწვდის. პენტაგონის წარმომადგენელმა კი აცნობა ჟურნალისტებს, რომ ამერიკული დახმარების ნაწილი უკრაინაში ჯერ კიდევ წინა დღით ჩავიდა, ნაწილსაც კიევი მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

განხეთქილების რისკი გერმანიის სამთავრობო კოალიციაში

ამ ფონზე კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა ევროკავშირის ერთ-ერთი “ლოკომოტივი” სახელმწიფო - გერმანია, რომლის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინმა სამხედრო ტექნიკის კუთხით “ამოწურა იმის რესურსი, რისი გადაცემაც უკრაინისთვის შეეძლო”. მიუხედავად კანცლერის მიერ იმის ხსენებისა, რომ გერმანია უკრაინის შეიარაღებისთვის 1,5 მლრდ ევროს გაიღებს და სამხედრო ტექნიკის კერძო მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, ბერლინი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის შეფერხებაში დაადანაშაულეს.

“ჩვენ თხოვნით მივმართეთ გერმანულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ეცნობებინა, რისი მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის უახლოეს ხანებში. კიევმა ამ სიიდან არჩევანი უკვე გააკეთა და ჩვენ მას ტექნიკის შესაძენად აუცილებელ თანხებს მივაწვდით” – განაცხადა ოლაფ შოლცმა. თუმცა გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა ბერლინის ამ პოზიციით იმედგაცრუება გამოხატა, შოლცის განცხადების იმ ნაწილს კი, რომელშიც შეიარაღების სიაზე იყო საუბარი, გაუგებარი უწოდა: “სიაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოგვაწოდეს, საერთოდ არ ფიგურირებდა მძიმე შეიარაღება, ამდენად, არ გვესმის, როგორ უნდა დავხარჯოთ გამოყოფილი 1 მილიარდი ევრო, თუ აუცილებელ შეიარაღებას ვერ შევიძენთ”.

ამასთან, უკრაინული მხარე ერთადერთი არაა, ვინც ბერლინს “გაუბედავობისა და აუჩქარებლობის” გამო აკრიტიკებს. ამჯერად კანცლერი დაადანაშაულეს ქვეყნის შიგნითაც – და არა მარტო ოპოზიციამ, არამედ სამთავრობო კოალიციის წევრებმაც კი. “მწვანეები” უკრაინის მიმართ “არასაკმარისი მხარდაჭერის” გამო შოლცს უკვე მერამდენე დღეა, მწვავედ უპირისპირდებიან. “არგუმენტი, რომ გერმანიასა და ნატო-ს სხვა ქვეყნებს არ სურთ, უკრაინის ომი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, აბსოლუტურად მიუღებელია. შექმნილ ვითარებაში კონფლიქტის ესკალაციის გამოწვევა სწორედ უკრაინის არასაკმარის შეიარაღებულობას შეუძლია, თორემ ახალი მსოფლიო ომი დე-ფაქტო უკვე ისედაც მიმდინარეობს და დროა, ეს ყველამ შევიგნოთ! მსგავსი პოზიციის დაკავებით კანცლერი სერიოზულ ზიანს აყენებს არა მარტო უკრაინას, არამედ გერმანიის იმიჯსაც ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ამან შესაძლოა, არა მარტო გეოპოლიტიკური ზიანი მოგვაყენოს, არამედ სამომავლოდ ეკონომიკურიც. რომ აღარაფერი ვთქვათ მთავარზე: უკრაინაში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები! ამდენად, მოვუწოდებთ კანცლერს, ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტოს მუხრუჭზე დაჭერა და აანთოს მწვანე შუქი!” - ამბობს “მწვანეების” წარმომადგენელი დეპუტატი ანტონ ჰოფრაიტერი. ანალოგიური პოზიცია აქვთ სამთავრობო კოალიციაში შემავალ “ლიბერალებსაც”. “კანცლერმა განაცხადა, რომ ბუნდესვერის მოდერნიზება სურს, მაგრამ ამავდროულად უკრაინის მხარდაჭერაც. ეს გეგმა თანმიმდევრულად უნდა იქნას რეალიზებული. მაგრამ დისკუსიები მთავრობაში დაუსრულებელი არ უნდა იყოს. ომი გრძელდება, ადამიანები იღუპებიან და ფედერალურმა მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“ - აცხადებს დეპუტატი მარკუს ფაბერი.

ვითარება საკმაოდ სახიფათოა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის საკითხი შესაძლოა, სამთავრობო კოალიციაში განხეთქილების მიზეზად იქცეს, ამას კი შეიძლება, სულ რამდენიმე თვის წინ – გასული წლის დეკემბერში ამოქმედებული მთავრობის დაშლა და მწვავე პოლიტიკური კრიზისი მოჰყვეს, - აღნიშნავენ ადგილობრივი ანალიტიკოსები.

“კრემლის მარიონეტის” გამარჯვების შიში საფრანგეთში

სარისკო შიდაპოლიტიკური ვითარება შეიქმნა ევროკავშირის მეორე “ლოკომოტივ” ქვეყანაშიც, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისგან ამ დრომდე თავს იკავებს. ვგულისხმობ საფრანგეთს, რომელიც ამასთანავე, იარაღის წარმოების კუთხით მსოფლიოს №4 სახელმწიფოდ ითვლება.

აშშ-ის პრეზიდენტთან ზემოთ ხსენებული ონლაინ-შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მონაწილე მხარეებმა ომის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტირების საკითხიც განიხილეს იმ შემთხვევისთვის, თუ კიევი არ გახდება ნატო-ს წევრი და ბლოკის წესდების მე-5 მუხლს არ დაექვემდებარება. მისივე თქმით, პარიზი „მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველჰყოს“, რაც შეიძლება, მოიცავდეს როგორც შეიარაღებით დახმარებას, ისე კონფლიქტში ჩართვას, თუ უკრაინას მომავალში თავს დაესხმებიან.

ამ განცხადებამდე საფრანგეთი უკრაინას მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, მიიღო უკრაინელი ლტოლვილებიც და ყოველმხრივ ცდილობს მათთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სათანადო პირობების შექმნას, გრძელდება ასევე საუბრები იარაღით დახმარების შესაძლებლობაზეც, თუმცა საფრანგეთის მოსახლეობას ეს ყველაფერი არასაკმარისად მიაჩნია. ფრანგები გამოხატულად პროუკრაინულად განეწყვნენ და ამ კუთხით მოსახლეობისა და პრეზიდენტ მაკრონის პოზიციების სიმძაფრეებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა შეიმჩნევა.

ეს პრეტენზია დაემატა არაერთ ადრინდელს, რომელიც მოქალაქეებს პრეზიდენტის მიმართ გააჩნდათ და რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი პანდემიის მართვას უკავშირდებოდა. ადგილობრივი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახალი პრეტენზია ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რომელმაც მაკრონის რეიტინგის კიდევ მეტად ვარდნა და საპრეზიდენტო არჩევნების ამასწინანდელ პირველ ტურში, 2017 წლის მონაცემთან შედარებით, მხარდაჭერის უფრო დაბალი მაჩვენებელი განაპირობა.

კვირას, 24 აპრილს საფრანგეთში პრეზიდენტობის ორ კანდიდატს – ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი. პირველში საკმაოდ მცირე სხვაობა დაფიქსირდა – და დაიწყო აქტიური საუბრები რისკზე, ევროკავშირის ამ წამყვან სახელმწიფოში ახალ ლიდერად “კრემლის მარიონეტად” ცნობილი ლე პენი ვიხილოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ მაკრონიცა და ანალიტიკოსთა დიდი ნაწილიც მართლაც სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულები. წინასაარჩევნოდ ხომ საკმაოდ სარისკო შიდაპოლიტიკური ვითარება იყო შექმნილი: ისეთმა ტრადიციულმა პოლიტიკურმა ძალებმა, როგორიც იყო, მაგალითად, წინა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პარტია და “სოციალისტები”, ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთეს თვითგანადგურების ფაზაში გადასასვლელად – და შეიქმნა მდგომარეობა, როცა მაკრონის პირისპირ პრაქტიკულად აღარავინ დარჩა, მარინ ლე პენის გარდა. თავად მაკრონის მიმართ კი ამ დროს მოსახლეობას უკვე საკმაოდ ბევრი პრეტენზია ჰქონდა დაგროვებული და მისი მდგომარეობა სულაც არ იყო გარანტირებული.

თუმცა 20 აპრილს გამართულმა ტელედებატებმა იმედი გარკვეულწილად დააბრუნა: ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებით, მაკრონი ლე პენზე ბევრად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ეს უკანასკნელი კი, ისევე, როგორც 2017 წლის წინასაარჩევნო დებატების დროს, აშკარად “ჯიბეში ეძებდა” უხერხულ კითხვებზე პასუხს და ვერ ჩანდა ისეთივე “წელში გამართული”, როგორიც მიტინგებზე, სადაც თავისუფლად აფრქვევდა მოსკოვის საამებელ ნარატივებს და კითხვებს არავინ უსვამდა. დებატების შემდეგ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ კანდიდატებს შორის სხვაობის მაკრონის სასარგებლოდ ზრდის ტენდენცია გამოავლინა, რამაც ექსპერტთა დიდ ნაწილს საფუძველი მისცა, ივარაუდონ, რომ 2017 წლის მსგავსად, იგი ახლაც შეძლებს, ლე პენი მეორე ტურში დაამარცხოს. თუმცა 2017 წლის 70%-იანი შედეგი ანალიტიკოსებს მაკრონისთვის ამჯერად ნაკლებად მიღწევადად ეჩვენებათ.

ტელედებატების დაწყებამდე საფრანგეთის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადასცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ემანუელ მაკრონისადმი თხოვნით, უკრაინის ომის თემას კიდევ უფრო პრიორიტეტული პოზიცია მიანიჭოს და უფრო გადამჭრელი ნაბიჯები გადადგას რუსეთის შესაჩერებლად, მათ შორის უკრაინას რუსული ჯარის დასამარცხებლად აუცილებელი იარაღითაც დაეხმაროს. ამასთან, ზელენსკიმ ფრანგებსაც მიმართა და არჩევნებზე მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ეს მოწოდება ალბათ, არავის გაჰკვირვებია: მარინ ლე პენი ხომ საფრანგეთში ისედაც "კრემლის ყურად და თვალად” ითვლებოდა, ახლა კი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, პრორუსული განწყობა არაერთი ახალი განცხადებითაც დაადასტურა. თუმცა მისმა წინასაარჩევნო ნარატივებმა, რომ “რუსეთის წინააღმეგ დასავლური სანქციების მხარდაჭერა ფრანგულ ეკონომიკას გაანადგურებდა”, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მაცხოვრებლებს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გამო უკვე შეექმნათ საგრძნობი დისკომფორტი (გაძვირდა გაზი, ელექტროენერგია, საწვავი, რუსული ბაზრიდან გასვლით იზარალა არაერთმა მსხვილმა ფრანგულმა კომპანიამ, გაუჭირდათ ფერმერებს), მოსახლეობა ამას სრულ მორალურ მზადყოფნაში შეხვდა და სულაც არ ჩივის.

მეტიც, როგორც ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, მოსახლეობის სიმპათიების მაკრონისკენ გადახრაში დიდწილად სწორედ უკრაინული ფაქტორი მუშაობს: მართალია, დღეს ბევრი მოქალაქე პრეზიდენტს რუსეთის მიმართ “სიმხდალეში” ადანაშაულებს, მაგრამ მაკრონს პრორუს ლე პენს მაინც ამჯობინებს.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებში გამარჯვებისა და მოსახლეობისგან ახალი მანდატის მიღების შემთხვევაში მაკრონი უკრაინის უფრო რადიკალური მხარდაჭერის მიმართულებით გააქტიურდეს. ყოველ შემთხვევაში, თითქმის სრულად პროუკრაინულად განწყობილი ფრანგული საზოგადოების დაკვეთა სწორედ ასეთია და ზეწოლის შედეგად ხალხს შეუძლია, პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა აიძულოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S