ფარკასი – "აგენტების" კანონპროექტზე: ვვარაუდობ, აშშ უკვე განიხილავს სანქციების საკითხს და ამ კანონის მიღება გადაწყვეტილებას მხოლოდ დააჩქარებს

10-04-2024 10:40:35 პოლიტიკა

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ეველინ ფარკასი, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი და კავკასიაც, არ გამორიცხავს, რომ აშშ–მა სანქციები დააწესოს, თუ საქართველო "აგენტების" შესახებ კანონს მიიღებს.

როგორც მან "აქცენტთან" საუბრისას აღნიშნა, იგი ვარაუდობს, რომ აშშ უკვე განიხილავს სანქციების საკითხს და ამ კანონის მიღება გადაწყვეტილებას მხოლოდ დააჩქარებს.

  • "მე ვვარაუდობ, რომ აუცილებლად იქნება სანქციები, თუ საქართველოს რესპუბლიკა მსგავს კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ დაარღვია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამიტომ, ამ კონტექსტში, მე კარგად წარმომიდგენია, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობას მათ მიმართ, ვინც უზრუნველყოფს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად. ეს [კანონის მიღება] მხოლოდ ერთგვარი სტიმული იქნება სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად", – განაცხადა ფარკასმა.

რა თქვეს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში

მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შესახებ განაცხადა, ვაშინგტონი აღნიშნულს 5–ჯერ გამოეხმაურა. კერძოდ, 4 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა შემდეგი განაცხადა:

  • „ვნახეთ ცნობები, რომ ისინი განიხილავენ პოტენციურად კანონპროექტის მიღებას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა”.

5 აპრილს მან "აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით 2 განცხადება გააკეთა:

8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება. ამასთან, მან აღნიშნა, ჯერ არ ისაუბრებს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში:

"ჩვენ მკაფიოდ ვთქვით განცხადებაში, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ. თუკი ის ამოქმედდება, დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ის საქართველოს, მისი ევროპული გზიდან ააცდენს. ეს კანონი შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების ფუნქციონირებას, რომლებიც მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ. ის ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ დამტკიცებულა. ასე, რომ ნებისმიერ პოტენციურ შედეგსა თუ ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯზე დღეს არ ვისაუბრებ", - ამბობს მილერი.

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დამაზუსტებელ კითხვაზე, "საუბარია თუ არა კანონპროექტზე მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებაზე?", პრეს–სპიკერი ასე პასუხობს:

  • "ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ პროცესი წინ წავა, დაგვაკვირდით. დღეს სათქმელი არაფერი მაქვს".

10 აპრილს, დღეს ვაშინგტონმა რიგით მე–5 განცხადება გააკეთა. ამჯერად საქართველოს აფრთხილებს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი, რომელიც მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა:

"შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივენთ, რომლებიც აჩენენ საფრთხეს, რომ საქართველო ევროპას დაშორდეს. აშშ ყოველთვის აიმაღლეს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ჩათვლით".

ვინ დაასანქცირა აშშ–მა დღემდე საქართველოში

2023 წლის 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

როგორც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, "აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად".

2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, „ეფესბეს“ ოფიცერთან ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და „ეფესბე“ იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“. უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა სავარაუდოდ, „ეფესბეს“ დახმარებით ჰქონდა მიღებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.

იხილეთ ასევე: უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები