მეთიუ მილერი: გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ

04-04-2024 00:04:44 პოლიტიკა

გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეთიუ მილერს შესაბამისი კითხვა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს, სადაც მან თქვა:

„ვნახეთ ცნობები, რომ ისინი განიხილავენ პოტენციურად კანონპროექტის მიღებას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა”,- განაცხადა მეთიუ მილერმა.

მმართველმა მარტიამ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილის ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები