მეთიუ მილერი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შესაძლო სანქცირებაზე: "თუ პროცესი წინ წავა, დაგვაკვირდით"

09-04-2024 08:20:33 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების გამო. 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა განცახადა, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ჯერ არ ისაუბრებს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.

"ჩვენ მკაფიოდ ვთქვით განცხადებაში, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ. თუკი ის ამოქმედდება, დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ის საქართველოს, მისი ევროპული გზიდან ააცდენს. ეს კანონი შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების ფუნქციონირებას, რომლებიც მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ. ის ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ დამტკიცებულა. ასე, რომ ნებისმიერ პოტენციურ შედეგსა თუ ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯზე დღეს არ ვისაუბრებ", - ამბობს მილერი.

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დამაზუსტებელ კითხვაზე, "საუბარია თუ არა კანონპროექტზე მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებაზე?", პრეს–სპიკერი ასე პასუხობს:

"ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ პროცესი წინ წავა, დაგვაკვირდით. დღეს სათქმელი არაფერი მაქვს".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები