ძალადობის საქმე: რას ამბობენ თავდაცვის სამინისტროსა და აშშ–ის საელჩოში

2019-04-15 15:08:20
170

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად,  ქართველმა იუნკერმა ამერიკელ სამხედრო გოგონაზე იძალადა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასული ინფორმაცია ქვეყნის, განსაკუთრებით კი თავდაცვის უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხის შემცირებას ისახავს მიზნად.  

"მინდა, გავამახვილო ყურადღება ინფორმაციაზე, რომელიც შაბათს „კურიერის“ მიერ იქნა გავრცელებული და სადაც საუბარი იყო იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ის სამხედრო გოგონას მიმართ, რაც არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

"აქცენტი" საქართველოში აშშ–ის საელჩოს დაუკავშირდა.

„2019 წლის 4 აპრილს, კადეტებს შორის მოხდა ინციდენტი, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და და საქართველოს სამხედრო პოლიციის მოკვლევას. მოკვლევამ აჩვენა რომ ძალადობას ადგილი არ ქონია“,– განუცხადეს "აქცენტს" საელჩოში.