მოსკოვი და ცხინვალი „მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ

2019-04-12 16:58:28
215

მოსკოვი და ცხინვალი უახლოეს ხანებში „მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ.

„მზადდება შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საკითხების დარეგულირების შესახებ. ეს მუშაობა „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ადრე ხელმოწერილი უწყებათაშორისი შეთანხმების ფარგლებში წარმოებს. გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთისთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, უახლოეს ხანებში საბოლოო ვარიანტი გვექნება მზად“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა სერგეი ცეკოვმა.

რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების საკითხები ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინსა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვს შორის შეხვედრაზე იქნა განხილული. ცხინვალი იმედოვნებდა, რომ ხსენებული შეთანხმება ჯერ კიდევ 2018 წელს გაფორმდებოდა.