მთავრობა: "კოსოვოელი სპორტსმენების საქართველოში უვიზოდ შემოშვება კოსოვოს აღიარებას არ ნიშნავს"

2019-03-22 13:45:22
248

საქართველოს მთავრობის განკარგულებით ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ შემოუშვებენ კოსოვოელ სპორტსმენებს და დელეგაციის სხვა წევრებს, რომლებმაც ძალოსნობაში ევროპის 2019 წლის ჩემპიონატში უნდა მიიღონ  მონაწილეობა. 

ჩემპიონატი 3–დან 13აპრილამდე ბათუმში გაიმართება.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ 15 მარტს ხელმოწერილ განკაგრულებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს საქართველოს მიერ კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

ცნობისთვის: კოსოვომ, რომელსაც სერბეთი თავის ტერიტორიად თვლის, 2008 წელს დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა. მოგვიანებით, კოსოვოს დამოუკიდებლობა გაეროს 100-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ აღიარა. საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს.