თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ კრწანისის ბაზაზე ჯარისკაცს ფულს სძალავდნენ

2019-03-12 20:55:40
295

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ კრწანისის ბაზაზე ჯარისკაცს ფულს სძალავდნენ.

სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილის ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვის შესაძლო ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება.

„მიმდინარე წლის 9 მარტს, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, შემდგომ მათი კუთვნილი მცირედი თანხების დაუფლების მიზნით. ამჟამად სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება ქმედითი საგამოძიებო ღონისძიებები ხსენებულ დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ 181-ე  და 386-ე მუხლებით გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება", - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა. 

ცნობისთვის: ქაზიმ გახრამანოვმა ძალადობისა და ფულის გამოძალვის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.