თანათავმჯდომარე გაეროს მხრიდან: „ოს ქალებს ჟენევის პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ“

2019-03-12 20:39:13
203

„სამხრეთ ოსეთის ქალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ“, – ამის შესახებ დღეს ცხინვალში ჟურნალისტებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ გაერო-ს მხრიდან ჯიჰან სულთანოღლუმ განუცხადა.

თანათავმჯდომარეები ტოივო კლაარი (ევროკავშირი), რუდოლფ მიხალკა (ეუთო) და  ჯიჰან სულთანოღლუ (გაერო) დღეს ცხინვალში ჟენევის დისკუსიების მორიგი, 2–3 აპრილისთვის დაგეგმილი რაუნდის დღის წესრიგის შესათანხმებლად ჩავიდნენ.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრა ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

როგორც ამასთან დაკავშირებით  სულთანოღლუმ განმარტა, “მშვიდობიან მოლაპარაკებებში ქალთა მონაწილეობა ყოველთვის ეფექტური იყო და ჟენევის პროცესის მონაწილეები არსებული საკითხების გადაჭრაში სამხრეთ ოსეთის ქალების აქტიურ ჩაბმას გეგმავენ“.

„ოსი ქალები ძალიან ენერგიულები არიან, მათ არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა გააჩნიათ. ჟენევის დისკუსიები – ეს განსაკუთრებული პლატფორმაა და მისი ეფექტურობის გასაზრდელად გვსურს, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, მათ შორის  ქალთა პოზიციაც გავითვალისწინოთ“, – დასძინა მან.