"NATO-საქართველოს სწავლება 2019" Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას გამოცდის"

2019-03-12 10:00:39
142

18 მარტს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) “NATO-საქართველოს სწავლება 2019” გაიხსნება. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს. 

როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება, ასევე, გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ეს ნატო-საქართველოს რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა. პირველად “NATO-საქართველოს სწავლება 2019”-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი, JTEC-თან ერთად. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას უწევს ნატო-ს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), NATO-ს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული წვრთნების ცენტრი (JFTC).

თუ 2016 წლის სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, წლევანდელ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 24 ქვეყანა: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი. სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).

სწავლების ფარგლებში საქართველოს ეწვევა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც 25 მარტს JTEC-ს მოინახულებს. 28 მარტს გაიმართება საჩვენებელი დღე მაღალი დონის სტუმრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე, პრესკონფერენცია.