შორეული, მაგრამ ძალიან ახლობელი ესტონეთი

2019-03-11 19:33:45
180

ესტონეთი პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელთანაც საქართველო ურთიერთობა დიდი წარმატებით ვითარებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაადგა. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა თურმე, ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ. ორივე სახელმწიფოს არქივებში მუშაობის შედეგად აღმოჩნდა, რომ 100 წლის წინ ესტონეთში უკვე არსებობდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად მისმა კოლონიებმა დამოუკიდებლობა პირველად მოიპოვეს. მაშინ ქუჩები უფრო ვიწრო იყო, შენობების განლაგებაც სხვანაირი. სწორედ ასეთ, შუა საუკუნეების ტიპის ვიწრო ქუჩაზე მდებარეობდა სასტუმრო „რომა“, სადაც განთავსებული ყოფილა საქართველოს დიპლომატიური მისია. სამწუხაროდ, ეს შენობა აღარ არსებობს. თუმცა საქართველოს საელჩოს ინიციატივით და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალურ დაფა ახლომდებარე სკვერში დამონტაჟდა. ეს აქტი მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების და ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ამავე სივრცეში იგეგმება ქართული სტილის ბაღის გაშენება, რომელსაც თბილისთან და საქართველოსთან დაკავშირებული სახელი დაერქმევა. ჯერ-ჯერობით კი ამ ადგილზე ხის სიმბოლური კონსტრუქციაა განლაგებული.

აუცილებელია ესტონეთის გამოცდილების საქართველოს საზოგადოებამდე მიტანა

რამდენიმე კვირის წინ ესტონეთში ვიზიტად ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფი იმყოფებოდა. მედიატური ორგანიზებული იყო ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფონდის (ECEAP) დაფინანსებით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეკრებილი ჟურნალისტები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ მეგობარი ქვეყნის მიღწევებს სხვადასხვა დარგში, ესტონეკოლეგებს, დასწრნენ ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ყოველწლიურ კონფერენციას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ესტუმრა საქართველოს საელჩოსაც, სადაც საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა მათ კითხვებს უპასუხა.

ქალბატონი თეა საქართველოს საგარეო უწყებაში უკვე ოცი წელია, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ესტონეთში კი იგი 2014 წლიდან იმყოფება. გთავაზობთ მასთან საუბრის ჩანაწერს:

- ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამობრძანებული ჟურნალისტები უფრო ღრმად გაეცნობით ესტონეთის გამოცდილებას, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ევროკავშირისკენ ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია. ჩვენთვის დიდად სასარგებლოა ამ გამოცდილების შესწავლა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის კურსი მტკიცედ და ნათლად აქვს არჩეული, მოსახლეობაში კი ამ დროს ჯერ კიდევ არის გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ჯერაც არ არიან სრულყოფილად ინფორმირებულნი. ვფიქრობ, მედიის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროინტეგრაციის კურსის სიკეთეების განმარტება. ხოლო კონკრეტულად თქვენმა დელეგაციამ საქართველოს საზოგადოებას უნდა გააცნოს ის გზა, რომელიც ესტონეთმა გაიარა. რეგიონებში რომ გაიაროთ, თავად დარწმუნდებით: ყოველ ფერმას, ყოველ ორგანიზაცის ამშვენებს ევროკავშირის ლოგო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ესტონელთა თავდაუზოგავი შრომით მიღწეული წარმატებები დიდწილად სწორედ ევროინტეგრაციის დამსახურებაა. მგონია, რომ თქვენ აქედან ძალზე მრავალფეროვანი ინფორმაციით და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი წახვალთ. სწორედ ამიტომ ეს ვიზიტი ძალზე სასარგებლოდ მიმაჩნია. ვფიქრობ, საქართველოს მედიაში უნდა იყოს ციკლი გადაცემებისა ან პუბლიკაციებისა, რომლებშიც პერიოდულად მოხდება ევროინტეგრაციის საკითხების განხილვა-გაშლა. ევროკავშირი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი დონორია, მათ შორის სოლიდურ დახმარებას უწევს საქართველოს და ამის წარმოჩენა სათანადოდ უნდა ხდებოდეს.

- რა პროექტები ხორციელდება ესტონეთში ჩვენი საელჩოს დაფინანსებით?

- 2014 წლის აპრილიდან, რაც ესტონეთში დიპლომატიურ მისიას შევუდექი, ჩვენი ხელოვნების, კულტურის და ტრადიციების წარმოსაჩენად უამრავი მასშტაბური ღონისძიებ ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ საელჩო, ფაქტობრივად, სამი დიპლომატისგან შედგება, ვახერხებთ ძალიან ფართომასშტაბიანი საქმიანობის განხორციელებას. უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში წარმოჩინდა ქართული თეატრი, ბალეტი და ოპერა, ქართული ენა, დამწერლობა და ლიტერატურა, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები, ქართული ხელოვნების და ისტორიის ევროპული ფურცლების ჩათვლით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყოველ წელს აღვნიშნავთ. შარშან, 26 მაისს ტალინის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე სახალხო ზეიმი მოვაწყეთ. ამაში ძალიან დაგვეხმარა კომპანია „ბორჯომი“. ქუჩაში შევქმენით ქართული ატმოსფერო: აჭარიდან ჩამოვიყვანეთ ანსამბლი, რომელიც მღეროდა ქართულ მრავალხმიან სიმღერებს; გვყავდა მოწვეული ქართული ცეკვის ქორეოგრაფი, რომელიც იქვე ატარებდა ქართული ცეკვის მასტერ-კლასს; ქართველი მზარეულიც იქვე ამზადებდა კერძებს, რომთა დაგემოვნება და მომზადება ყველა მსურველს შეეძლო. მოვაწყვეთ აგრეთვე ფოტოს გადასაღები ლანდშაფტები ქართულ კოლორიტიანი ფონებით; ტალინში საზოგადოებრივი ტრანსპორტ ქართული დროშებით მოძრაობდა; შენობა, სადაც ჩვენი საელჩოა განლაგებული, განათებული იყო საქართველოს დროშის ფერებში. იმ დღეს ჩვენ ვიზეიმეთ არა მარტო ტალინში, არამედ სხვა ქალაქებშიც. საქართველოს დროშები აღმართული იყო, მაგალითად, პიარნუს, ტარტუს და ვილიანდის ადმინისტრაციულ შენობებზე.

2015 წელს საქართველო იყო ტალინის «ა» კლასის კინო-ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ფილმების უმდიდრესი პროგრამა - როგორც რეტროსპექტივა, ისე ახალი ფილმები. ფესტივალი გაიხსნა ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრის კონცერტით.

ახლახან კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ტალინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პირველი ქართული ლიტერატურული ფონდი შევქმენით. ესტონეთს საჩუქრად გადავეცით საქართველოს შესახებ 50 წიგნი - ყველა უცხოენოვანი ან ორენოვანი. ჩვენი მიზანი იყო, უცხოელ აუდიტორიას საქართველო სხვადასხვა მხრიდან გაეცნო.

ქართული დიასპორისთვის საელჩოს ბაზაზე დავაარსეთ ბიბლიოთეკა, რომელშიც ქართულენოვანი ლიტერატურაა წარმოდგენილი. დიასპორის წარმომადგენელთა შვილებს (განსაკუთრებით შერეული ოჯახებიდან, რომლებიც ქართულ ენას კარგად არ ფლობენ) შეუძლიათ, თავისუფლად მოვიდნენ და წასაკითხად გაიტანონ წიგნები.

- რამდენად მუშაობს ესტონეთსა და საქართველოს შორის დამეგობრებული ქალაქების ტრადიცია?

- ესტონეთსა და საქართველოს ქალაქების დამეგობრების წარმატებული ტრადიცია გააჩნიათ. მაგალითად, ამ ოთხი წლის მანძილზე ქობულეთი დავამეგობრეთ ნარვასთან, თელავი - ვილიანდსთან, სენაკი - რაკვერესთან. ახლა კი ვმუშაობთ ტალინის და თბილისის დამეგობრებაზე. შარშან გაზაფხულზე ტალინის მერი ჩავიყვანეთ თბილისში. ეს იყო პირველი ვიზიტი, მეტად საინტერესო და ინტენსიური პროგრამით, რომელიც მოიცავდა შეხვედრა თბილისის მერთან. ესტონელი კოლეგები ელოდებიან თბილისიდან საპასუხო ვიზიტს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ისედაც მეგობრული ქალაქის კიდევ უფრო დაახლოებას.

- რამდენადაა წარმოდგენილი ესტონეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია?

- პირველ რიგში, ეს არის ალკოჰოლური სასმელები - ღვინო, აგრეთვე უალკოჰოლო. ესტონური ბაზარი გაჯერებულია «ბორჯომით», რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინერალური წყალია. წარმოდგენილია აგრეთვე სოფლი მეურნეობის პროდუქცია, კერძოდ, ქართული მწვანილი, სუნელები, ჩვენებური ტყემალი და ა.შ. ესტონეთში იყიდება ქართული პური. ქართული რესტორნები კი ყოველთვის დაკავებულია, რადგან აქ კარგად იცნობენ ქართულ სამზარეულოს. ქართული ჩაიც იყიდება, მაგრამ ფართოდ არა. ახლახან ესტონელმა ინვესტორმა ჩვენი დახმარებით იმერეთში ჩაის საწარმო დაარსა, პროდუქციას ონლაინ-ქსელით ყიდის.

ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

- ხორციელდება თუ არა ერთობლივი ქართულ-ესტონური ეკონომიკური პროექტები?

- ბოლო ოთხი წლის მანძილზე ხუთი-ექვსი ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა, ძირითადად უმაღლესი დონის ვიზიტების ფარგლებში, რომელთა დინამიკა ორ ქვეყანას შორის ძალზე მაღალია. ფორუმების დროს წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და გამოცდილება გაუზიარეს. ეს ინტერაქცია ჩვენს მიერ ძალიან ხელშეწყობილია. ფორუმებზე ხდება გამოცდილების გაზიარება, საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობების და საინვესტიციო გარემოს წარმოჩენა, ბიზნეს-კავშირების ჩამოყალიბება და განმტკიცება. ესტონეთიდან გვყავს ძალზე სოლიდური ინვესტორები და მათი კონტრიბუცია ძალზე თვალსაჩინოა როგორც ჰიდროენერგეტიკის სექტორში, ისე უძრავი ქონების მშენებლობის კუთხით. უნდა აღინიშნოს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორებიცაა ელექტრონული მმართველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კიბერ-უსაფრთხოება, განათლება, თავდაცვა, გარემოს დაცვა, ფინანსები, ჯანდაცვა და ა.შ.

- რა შეიცვალა საქართველოს მოქალაქეთა შრომით მიგრაციასა და წასვლა-წამოსვლაში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ?

- სანამ იმ ახალ ინიციატივებს განვახორციელებთ, რომელზეც უკვე ვმუშაობთ, ესტონეთში ლეგალურად მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს ახლავე აძლევენ ცხოვრების და მუშაობის უფლების დამადასტურებელ საბუთს. განსაკუთრებით IT სფეროთია დაინტერესება. ხანდახან ვაკანსიების გამოცხადება ონლაინ-რეჟიმში ხდება, ხანაც მოქალაქენი აქ ჩამოსვლისას პოულობენ სამსახურს. ამ დროს დამსაქმებელი უკეთებს ვიზას. საელჩო მუშაობს ესტონეთის შესაბამის წარმომადგენლებთან სამომავლოდ ამ კუთხით საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად.

მედეა გოგსაძე