შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი იაპონიას ეწვია

2019-03-06 11:43:10
124

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის იაპონიას ეწვია. 

სამეცნიერო ფონდის ცნობით, 2019 წლის 28 თებერვალიდან 2 მარტის ჩათვლით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ზვიად გაბისონია, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციის - KEK-ის აღმასრულებელი დირექტორის - იასუჰირო ოკადას, იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების კვლევით კომპლექსის J-PAC-ის გენერალური დირექტორის - ნაოჰიტო საიტოსა და KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორის, კომეტის (COMET) სამეცნიერო პროექტის მენეჯერის - სატოში მიჰარას მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში. ამასთან აღსანიშნავია , რომ პროფესორი სატოში მიჰარა 2019 წლიდან შეყვანილია ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრად.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა  ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო მიმართულების  გააქტიურებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი მეცნიერები აქტიურად თანამშრომლობენ იაპონურ მხარესთან, ამის დასტურია, COMET-ის პროექტი (COherent Muon to Electron Transition ნიშნავს მიუონის ელექტრონად კოჰერენტულ გარდაქმნას. ექსპერიმენტის მიზანია ნათელი მოჰფინოს ელემენტარული ნაწილაკების ძველ პრობლემას – ურთიერთკავშირს ორ მსგავს ფუნდამენტურ ნაწილაკს, ელექტრონსა და მიუონს  შორის), რომელშიც 17 მონაწილე ქვეყანიდან, საქართველოს საკმაოდ აქტიური როლი უკავია.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • კენტა ამემია - მეცნიერების მატერიალური სტრუქტურის  ინსტიტუტის პროფესორი
  • იუტაკა უშიროდა - ნაწილაკების და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის პროფესორი
  • კაზურო ფურუკავა -  ამაჩქარებლის ლაბორატორიის პროფესორი
  • პროფესორი პეტრ ევტუხოვიჩი - ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მკვლევარი
  • პროფესორი არსენ ხვედელიძე - კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი
  • პროფესორი ზვიად წამალაიძე - კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

შეხვედრაზე დაიგეგმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იაპონიის სამეცნიერო ფონდს (JSPS) შორის თანამშრომლობის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს მემორანდუმის გაფორმებას გამოყენებითი კვლევების მიმართულებით ერთობლივი დაფინანსების დაწყების შესახებ.  აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, როგორც ფუნდამენტურ და გამოყენებითი კვლევების მიმართულებით, ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იაპონიასთან უკვე დაწყებულია აქტიური თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში. წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს (SOKENDAI) შორის მემორანდუმებს მოეწერა ხელი. რომლის თანახმადაც ქართველი დოქტორანტები შეძლებენ  გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და აკადემიური პერსონალს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში, რომელიც მოწინავეა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოში.

(R )