საქართველო–რუსეთის მოლაპარაკებებისთვის ახალი ფორმატი – „ვენის სამკუთხედი“ შეიქმნა

2019-03-01 19:54:02
593

თბილისი და მოსკოვი საექსპერტო დონეზე დიალოგზე გადადიან. ამ დღეებში ქალაქ ვენაში ახალი სადისკუსიო ფორმატის – „სამკუთხედი: საქართველო, რუსეთი, დასავლეთი“ ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა.  

ღონისძიებაში, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „Partnership for Social Initiatives“ მიერ უსაფრთხოების საკითხებისა და ევროპის კვლევის ავსტრიულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ მიიღო მონაწილეობა.

„ჯერ–ჯერობით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რიგი სერიოზული პრობლემების გამო საქართველო თითქოს გაჭედილია. ამის მიზეზი, უპირველესად, რუსეთთან კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიებია, ასევე კრიზისი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საქართველოზეც უარყოფითად აისახება. ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ, თუ საექსპერტო დონეზე არ ვისაუბრებთ. და, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდებით ჩვენი დასავლელი მეგობრების გარეშეც. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი: საქართველოს, ცხადია, არ აქვს ამბიცია,  დასავლეთსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, მაგრამ ეს ფორმატი არა მარტო რუსებსა და ქართველებს მისცემს შესაძლებლობას, იურთიერთონ, არამედ რუსეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის შესაძლებლობასაც შექმნის. ჩვენი ფორმატის ძირითადი საკითხია  რუსეთ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები რუსეთ–დასავლეთის ურთიერთობების გათვალისწინებით. შესაბამისად, ეს ჩვენი შეხვედრების მთავარი თემაა. დიალოგის გარეშე ვერაფერს გავხდებით, და თუ ჩვენი მიზანი დეოკუპაციაა, რუსეთთან საუბრის გარეშე შანსები ნულოვანია. თუ რუსეთს დაველაპარაკებით, ეს შანსი შესაძლოა, გაჩნდეს. ასე იმას მაინც დავადგენთ, რისი მიღწევა სურს რუსეთს ჩვენგან. ამის გაგების გარეშე სწორ საგარეო პოლიტიკას ვერ ჩამოვაყალიბებთ. [...] აფხაზებს დავცინით, როდესაც ქართველებთან კონტაქტებს თავს არიდებენ... არანაკლებ სასაცილოა, როდესაც ჩვენი ქვეყანა წელიწადში 1,5 მლნ რუს ტურისტს მასპინძლობს და ეს არ გამოვიყენოთ. როდესაც ადამიანურ დონეზე ურთიერთობები უმჯობესდება, ეს ეროვნულ ინტერესებში უნდა გამოიყენო. ამიტომაც არის საჭირო საუბარი“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. 

რაც შეეხება საკუთრივ პირველ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, მისი თქმით, „რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რომელსაც საკუთარი თავისთვის დასავლეთი ხედავს და პირიქით“:

„ამისათვის ყველა დონეზე მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მოგეხსენებათ, არაერთი დასავლელი პოლიტიკოსი თვლის, რომ „ოღონდ საქართველო რუსეთს არ ეომოს და ამისათვის ნებისმიერ სცენარს შეიძლება, დასთანხმდე“. თუმცა ასე შორს ვერ გავფრინდებით. ამ კატეგორიას NATO-სა და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გაყინვა სურს, ოღონდ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში პრობლემებს არ უქმნიდეთ. უმთავრესად ევროპელებს შორის არსებული მსგავსი განწყობების დასაძლევად ჩვენ უნდა ვახდენდეთ პარტნიორებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთთან ომს არ ვაპირებთ, მზად ვართ, ჩვენი ინტერესების დაცვით ნორმალური დიალოგი ვაწარმოოთ და ისინი ამა თუ იმ საკითხში ცივილიზებულად ვარწმუნოთ. ამ მიმართულებით მეტი ძალიხმევის გაწევა გვმართებს“.

რუსული მხრიდან შეხვედრაში კავკასიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი სერგეი მარკედონოვი და მისი კოლეგა დიმიტრი სუსლოვი მონაწილეობდნენ. ეს უკანასკნელი დასავლეთსა და აშშ–სთან რუსეთის ურთიერთობების საკითხებით არის დაკავებული.

„მარკედონოვიც და სუსლოვიც შესაძლოა, კრემლის ოფიციალურ პოზიციას ყველაფერში არ ეთანხმებოდნენ, თუმცა მეინსტრიმის ნაწილს გამოხატავენ, ისინი არც პროპაგანდისტები არიან და არც ლიბერალები, სერიოზული პრაგმატიკოსები არიან, რომლებთანაც შეიძლება საუბარი და ბევრი რამის გაგება, ზოგიერთ რამეში კი მათი დარწმუნებაც არის შესაძლებელი"- ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

დასავლეთის მხრიდან კი პირველ შეხვედრაზე ევროპელი სპეციალისტები, უმთავრესად უსაფრთხოების საკითხებისა და ევროპის კვლევის ავსტრიული ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიონალი დიპლომატები იყვნენ წარმოდგენილები.

პირველი შეხვედრა ჩეთემ ჰაუსის წესით, არაფორმალურ გარემოში გაიმართა. შარაშენიძის თქმით, არსებობს მზაობა, შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს და დიდი ალბათობით, ისინი სამომავლოდაც ვენაში ჩატარდება.

მომდევნო შეხვედრა აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ორგანიზატორებს მასში ამჯერად ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების ჩართვაც სურთ.

„ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ. ჩვენი პირობითი სამკუთხედის ზედა წრე ხომ დასავლეთია, დასავლეთი კი არა მარტო ევროკავშირია, არამედ აშშ-ც“, – განმარტავს შარაშენიძე.