როდის და როგორ მოიშორებენ კადიროვს: რუსეთის ფედერაციაში რესპუბლიკების ლიკვიდაციის სცენარები

2019-02-19 15:44:29
954

ნაწილი I

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეროვნული რესპუბლიკების ლიკვიდაციის შესაძლებლობა სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს. მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებას ვრცელ მასალაში ინტერნეტ-რესურსი “Кавказ.Реалии” განიხილავს და საფუძვლად ამის ხელშემწყობ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

ფაქტორი №1.  საზოგადოებრივი აზრი და მედია, მთლიანობაში, ეროვნული რესპუბლიკების არსებობის წინააღმდეგაა განწყობილი:

ასოციაციები მარტივია: “რესპუბლიკები – ესაა სსრკ-ის დაშლა, ელცინისეული “აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც გინდათ”-ის მემკვიდრეობა, ეთნოკრატია, რამზან კადიროვის სახე, რუსების უფლებების შელახვა, სეპარატისტული განწყობები, საფრთხე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და რუსული სამყაროსთვის”... რესპუბლიკების შემთხვევაში კორუფციისა და კლანურობის საერთო რუსული პრობლემები ეთნიკურ შეფერილობას იძენს. ამას ემატება თანამედროვე რუსული საზოგადოების სამშობიარო ტრავმასსრკ-ის ეროვნულ-ტერიტორიული ნიშნით დაშლა, ორი ჩეჩნური ომი, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან კონფლიქტები, უკრაინული “ქეისი”...

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ეროვნული რესპუბლიკების მოწინააღმდეგეთა ხმები სულ უფრო ხმამაღლა ისმის, რესპუბლიკური სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერთა კი ფედერალურ მედიამდე ვერ აღწევს:

რუსული საზოგადოება, რომლის 80% რესპუბლიკებში არ ცხოვრობს, თავის უმრავლესობაში გულწრფელად ვერ იგებს, რა საჭიროა ეროვნული რესპუბლიკები, რატომ უნდა ჰქონდეთ თათრებს ან ჩეჩნებს საკუთარი სახელმწიფოები ერთი დიდი სახელმწიფოს შიგნით... და მათ ამას არავინ უხსნით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში საკითხი შეიძლება, (ოლქის ან მხარის) ხმათა მარტივი ტექნიკური უმრავლესობით გადაიჭრას”.


 

ფაქტორი №2. რუსეთის ხელმძღვანელობა რესპუბლიკების არსებობას განსაზღვრავს “ბოროტებად, რომელსაც იგი ჯერ-ჯერობით იძულებულია, შეეგუოს”.

ასე, მაგალითად, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რესპუბლიკებს აფასებს ბომბად, რომელიც სახელმწიფოს საძირკველში ბოლშევიკებმა ჩადეს, ლენინის ისტორიულ შეცდომად. და ეს იდეოლოგემა ძალას იკრებს” - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ფაქტორი № 3. რესპუბლიკები აღარ წარმოადგენენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას, როგორიც იყვნენ 1990-იანების დასაწყისში.

სახელწოდება “რესპუბლიკები” დენომინირებულია და ფაქტობრივად, დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ეს სტატუსი არ იძლევა არანაირ პრივილეგიებს ან რაიმე განსაკუთრებულ უფლებებს. რესპუბლიკებს ფაქტობრივად, არ გააჩნიათ საკუთარი მედიური, პოლიტიკური ლობი (ნუ აგვერევა ეკონომიკურში!), ფედერალურ დონეზე მეტ-ნაკლებად ცნობილი ექსპერტები. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მოძრაობას არ ადარდებს რესპუბლიკების შენარჩუნების საკითხები. რუსეთში მხოლოდ ორი რესპუბლიკის ხელმძღვანელებს გააჩნიათ წონადი ფედერალური ავტორიტეტი (რომლის მეშვეობითაც მათი რესპუბლიკები დამატებით პოლიტიკურ წონას იძენენ), მათი წასვლის ან ნიველირების შემთხვევაში კი რესპუბლიკების ლიკვიდაციის პროცესი მნიშვნელოვნად მარტივდება” - აღნიშნულია სტატიაში.

ფაქტორი №4. კონსტიტუციის შეცვლისაკენ მოწოდებები უკვე არა მარტო პოლიტიკური მასხარებისგან, არამედ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისგანაც გაისმის:

ვლადიმირ პუტინისთვის იმ საკონსტიტუციო მექანიზმის მზადების პარალელურად, რომელიც მას ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის შესაძლებლობით უზრუნველყოფს, ჩნდება რუსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შეცვლის, რესპუბლიკების ლიკვიდაციისა (თუმცა რესპუბლიკების ლიკვიდაცია ფედერაციის შენარჩუნების შემთხვევაშიც არის შესაძლებელი) და, შესაძლოა, ფედერალური მოწყობის უნიტარულით საბოლოოდ შეცვლის შესანიშნავი შესაძლებლობაც” - წერს ავტორი.

ფაქტორი №5 - გეოპოლიტიკური: საერთაშორისო იზოლაციას, სანქციებს მოაქვს ის, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად იგნორირებს საერთაშორისო სამართალს, მსოფლიო თანამეგობრობისა და მსხვილი ეროვნული დიასპორების (ჩერქეზულის, ჩეჩნურის, თათრულის და ა.შ.) აზრს ე.წ. ეროვნულ საკითხებში.

თუ 2006 წელს ჩერქეზულმა დიასპორამ შეძლო, ადიეს ლიკვიდაციის პროცესი შეეჩერებინა, ახლა ეს გაცილებით რთული შეიძლება, აღმოჩნდეს. ბელორუსიასა და ყაზახეთთან დეზინტეგრაციის ტენდენცია ასევე ხსნის კიდევ ერთ წინაღობას რესპუბლიკების ლიკვიდაციისთვის” - ნათქვამია სტატიაში.

ფაქტორი №6.  ეროვნული პოლიტიკის ლოგიკა:

საერთორუსული სამოქალაქო იდენტობის იდეის ფორსირებული ლობირება და რესპუბლიკურ იდენტობასთან დაპირისპირება, რუსული კულტურული კოდისა და რუსული ენის აღმატებულობის აღიარება, რუსული მართლმადიდებლობის ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რუსების მონოეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი, ასევე “დიადდერჟავული” რიტორიკის ზოგადი მომძლავრება, ნებისმიერი განსხვავებულის მიუღებლობა, ისლამოფობია, ქსენოფობია... - ეს ყველაფერი რუსეთის ფერედაციის კონსტიტუციაში ჩადებულ ფუნდამენტურ პრინციპს – თავისი რესპუბლიკების ფარგლებში მსხვილი ეთნოსების ეროვნული თვითგამორკვევის უფლებას ნიველირებს. და აქვე: ეროვნულ რესპუბლიკებში რუსული ფაქტორის (კაზაკები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რუსულენოვანი მშობლების უკმაყოფილო თანამეგობრობები, რომელთაც შეუძლიათ, ერთიან ფრონტად გაილაშქრონ ადგილებზე რესპუბლიკების არსებობის წინააღმდეგ” - განმარტავს ავტორი.

ფაქტორი №7.  რუსეთის ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფისთვის ალტერნატივის გამოჩენა საქალაქო აგლომერაციებისა და ფედერაციის სუბიექტების გამსხვილების სხვა პროექტების სახით.

ავტორს აქ ადიღეს რესპუბლიკის მაგალითი მოჰყავს, რომელიც სადღეისოდ რუსეთის ფედერაციის სივრცობრივი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში უკვე შეყვანილია კრასნოდარის აგლომერაციაში.

ფაქტორი №8. თავად რესპუბლიკების რეალური პრობლემები:

ბევრი მათგანი რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგის ბოლოში იმყოფება და რუსეთისთვის ეკონომიკურ მუხრუჭად მიიჩნევა” - განმარტავს ავტორი.

ფაქტორი №9. 9 რესპუბლიკაში (კარელია, ჰაკასია, მორდოვია, მარი ელი, ჩუვაშეთი, უდმურთეთი, კომი, ალტაი, ასევე ანექსირებული ყირიმი) ეროვნული ფაქტორი იმდენად სუსტია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დიდი ალბათობით, რესპუბლიკების ლიკვიდაციის წინააღმდეგი არ იქნება.

ამ რესპუბლიკების საზოგადოებრიობის თანხმობას დანარჩენებს მოუყვანენ მაგალითად. გარდა ამისა, 4 რესპუბლიკაში (დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ბაშკირეთი) არსებობს სერიოზული წინააღმდეგობები ძირითად ეთნოსებს შორის, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რესპუბლიკების ლიკვიდაციის პროცესში. ამავდროულად, ეთნოდაპირისპირებები არ გამორიცხავს საერთოკავკასიური იდენტობის ქონას, რომელიც შეიძლება, (გაუქმებული რესპუბლიკების სანაცვლოდ) ჩრდილოეთკავკასიური მხარის ჩამოყალიბებისთვის და მისი “გენერალ-გუბერნატორისთვის” დაქვემდებარებისთვის იქნას გამოყენებული. ამ უკანასკნელად კი შესაძლოა, მოგვევლინოს ავტორიტეტული რამზან კადიროვი. მის მიერ რესპუბლიკების ლიკვიდაციის იდეის მხარდაჭერა შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორად იქცეს, ისე, როგორც სახელწოდება ”პრეზიდენტის” ლიკვიდაციის დროს მოხდა” - წერს ავტორი.

ფაქტორი №10. ეროვნული რესპუბლიკების ელიტები ძალზე მოწყვლადი არიან, ე.წ. დაღესტნური “ქეისისგან” დაზღვეული არავინაა, ამიტომაც რესპუბლიკების ლიკვიდაცია შესაძლოა, მათი მდუმარე თანხმობით განხორციელდეს:

პირადი გადარჩენა, დიდი ალბათობით, მაინც გადაწონის ეროვნულ იდეალებს. თანაც, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს დამჯერე დეპუტატები რესპუბლიკებიდან, მართული პარლამენტები ადგილებზე ადვილად შეძლებენ ფედერალური ცენტრის ნებისმიერი გადაწყვეტილების “დაშტამპვას”. რესპუბლიკების უმაღლესი ხელმძღვანელობების, სადეპუტატო კორსუსის ქცევა ენობრივი კონფლიქტისას მხოლოდ მორიგი დასტურია საკუთარი სახელმწიფოებრიობის ადვილად დათმობის შესაძლებლობის რეალურობისა” - ასკვნის ავტორი.