როგორ მიაწერეს ოსებმა რუსების დანატოვარი ქართველებს

2019-02-13 14:18:20
1530

12 თებერვალს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოსკოვში დააჯილდოვა 7 ჟურნალისტი, რომლებმაც, მისი შეფასებით, „გამბედაობა, გამძლეობა და ჭეშმარიტი გმირობა გამოავლინეს 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის წინააღმდეგ საქართველოს მუხანათური აგრესიის ტრაგიკული მოვლენების ობიექტურად გაშუქებისას“. იმავე დღეს ოსურ მედიაში გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმად, ადგილობრივმა ტრაქტორისტმა ერედვში [ოკუპირებული ქართული სოფელი], სარწყავ არხში ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და 152 მმ–იანი კალიბრის "МСТА-С"–ის ტიპის 30 ერთეული საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინა. ოსური მედიის ცნობით, აღმოჩენილი საბრძოლო მასალა "უცხოური წარმოებისაა".  


„არსებული ინფორმაციით, 2008 წელს აქ ქართული საარტილერიო ქვედანაყოფი იყო მობილიზებული და აქედან მიმდინარეობდა ოსური პოზიციების დაცხრილვა“,– განაცხადა საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრმა ალან ტადტაევმა.

ადგილობრივმა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ  საბრძოლო მასალა 2008 წლის ომიდან მოყოლებული, სარწყავ არხში იყო ჩარჩენილი.

თუმცა ირკვევა, რომ „МСТА-С“–ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ქართული არტილერიის შეიარაღებაში არ ყოფილა და ზოგადადაც, 2008 წელს მისი გამოყენება არ დაფიქსირებულა.

ამასთან, ოსური მედიის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაზე ჩანს რაკეტაზე არსებული მარკერი „9m220“, იქვე მითითებულია მისი გამოშვების თარიღი: 2008 წელი.


 

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსი პაატა გიგაური განმარტავს, ეს რუსული წარმოების იარაღია, რომელსაც ქართული მხარე 2008 წელს, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ვერ შეიძენდა. მეტიც, მას საბრძოლო მოქმედებების დროს ქართული მხარის წინააღმდეგ რუსი სამხედროები იყენებდნენ.

ფოტოებზე წარმოდგენილი მეორე - 152 მმ-იანი მსხვრევად-ფუგასური საარტილერიო ჭურვი, გიგაურის თქმით, იმ დროისთვის როგორც ქართულ, ისე რუსულ შეიარაღებაში შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ გავრცელებული ფოტოები მისი რომელიმე არმიის კუთვნილების დასადასტურებლად საკმარისი არაა.

 

გიგაური ვარაუდობს, რომ ჭურვები ადგილზე სწორედ რუს სამხედროებს „დარჩათ“.

“სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი კი თვლის, რომ აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით რუსი ჟურნალისტების დაჯილდოება და საბრძოლო მასალის აღმოჩენა „საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს“ და ამაში რუსული საინფორმაციო–პროპაგანდისტული საქმიანობის კვალს ხედავს.

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს რუსულ საინფორმაციო- პროპაგანდისტულ საქნიანობას, რომლის მიზანიც საერთაშორისო არენაზე სეპარატისტების ხელით ჩვენი, როგორც აგრესორის იმიჯის წარმოჩენაა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამ ტიპის შეარიარაღება ქართულ შეიარაღებულ ძალებში საერთოდ არ ყოფილა. ჩნდება კითხვა, რაში დასჭირდათ სეპარატისტებს ახლა ამ სპექტაკლის დადგმა? არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკავშირდებოდეს, სადაც ომის დანაშაულებებს იძიებენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დავა უკვე წააგო (10 მლნ ევროს გადახდა მოუწევს მოსკოვს საქართველოს მოქალაქეებისთვის), გასაგებია, რომ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ძალიან მტკივნეული იქნება მათთვის - და აქ, მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა რუსეთი ამ კონკრეტული სასამართლოს წევრი, ან რომელიმე ხელშეკრულების ხელმომწერი. ფაქტია, რომ კრემლი საერთაშორისო არენაზე ჩვენთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას იძულებულია, დაემორჩილოს თამაშის ცივილურ წესებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ეს სპექტაკლი იმ ნარატივის გასაძლიერებლად გათამაშებულიყო, რომელიც სასამართლოში აგრესორებად წარმოგვაჩენს“.

 

ნაპოვნი ჭურვები დღეს ააფეთქეს. როგორც ერედვის მახლობლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ დიცის მცხოვრებლები ამბობენ, პირველი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დიცში სახლები შეარყია. ჭურვების აფეთქება დიცს და ოკუპირებულ ერედვს შორის მდებარე მინდორზე მიმდინარეობდა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ინფორმაცია ქართული მხარისთვის „ცხელი ხაზით“ იყო გაზიარებული.