ვანო ზარდიაშვილი 9 დეპუტატის ინიციატივაზე: "ეს ცვლილებები არაკონსტიტუციურია"

2019-02-11 12:48:51
176

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, 9 დეპუტატის ინიციატივა მოსამართლეთა უვადო დანიშნვასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურია. 

ვანო ზარდიაშვილის თქმით, მეორე კლასის იურისტიც კი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, რადგან, ზარდიაშვილის თქმით, ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან და კონსტიტუციის შინაარსიდან გასულია.

"ეს პოლიტიკური წინადადება უფროა. ამას არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური. როგორც იურისტი გეუბნებით, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. თუ ჩემს განცხადებაში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ, კონსტიტუციონალისტებთან გადაამოწმოთ", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითხოვს. ეკა ბესელიას განმარტებით, პროექტი დაფუძნებულია კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2025 წლამდე შეუძლია, რომ უვადოდ დანიშვნა არ გამოიყენოს და მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით დანიშნოს. 

კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.