მიხეილ სააკაშვილი: "დღეს არ არის სიტუაცია მზად, რომ ჩავიდეთ საქართველოში"

2019-02-10 22:20:30
560

დღეს არ არის სიტუაცია მზად, რომ ჩავიდეთ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეუბნებიან, ბატონო მიხეილ, როდის ჩამოდიხართ საქართველოში? ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავდივართ საქართველოში, მაგრამ მინდა გკითხოთ თქვენ, ახლა სიტუაცია მომზადებულია, რომ ჩვენ ყველა ერთად წავიდეთ? დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თქვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება, აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება, აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი. ყოველდღიურად ჩვენ გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეკრება ლიეჟეში 

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მხარდამჭერი ემიგრანტები შეიკრიბნენ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

რამდენიმე პირი, რომელსაც ხელში საააკაშვილის საწინააღმდეგო ტრანსპარანტები ეჭირა დარბაზში შესვლის უფლებას ითხოვდა, თუმცა დაცვამ ისინი არ გაატარა. შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი პროვოკატორები არიან და ამიტომ არ აძლევდნენ მათ დარბაზში შესვლის უფლებას.

პირველი არხის კადრებში ჩანს, რომ სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველი არხის ჟურანლისტის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რის შემდეგაც კონგრესის სასახლის ფოიე მოწინააღმედგეებმა დატოვეს. 

დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ამ პირებმა შენობა დატოვეს ღონისძიების ორგანიზატორებმა კი შენობის კარი ჩაკეტეს.

მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას. 

დარბაზში პოლიტიკური პარტია "თეთრების" დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი შევიდა, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერებმა შაშიაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს.

ინციდენტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.

"თანამემამულეთა მსოფლიო კრების" იდეა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც მოძრაობა "ერთად სახლში" ჩამოაყალიბა. მოძრაობის მიზანი ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნებაა.