ეგორ კოჩიევი: "ხურვალეთში სათვალთვალო პუნქტის დადგმა არანაირ საფრთხეს არ ქმნის"

2019-02-08 18:07:41
493

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე ერგნეთის შეხვედრებზე ეგორ კოჩიევი ამტკიცებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ხურვალეთთან საგუშაგოს ინფრასტრუქტურის მონტაჟი "არანაირ საფრთხეს არ შეიცავს" და რომ ეს "სათვალთვალო ანძაა, მათ შორის - ხანძრის საკმაოდ ხშირი შემთხვევისთვის, რომლის მსგავსიც ბოლო დღეებში ვიხილეთ".

"ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება,თითქოს ეს სათვალთვალო პუნქტი რაღაც საფრთხეს შეიცავს. რეალურად, არანაირი საფრთხის შემცველი ის არ არის. ეს არის სათვალთვალო პუნქტი, მათ შორის - ხანძრის საკმაოდ ხშირი შემთხვევისთვის“, – განაცხადა კოჩიევმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების სამუშაოები 6 თებერვალს დაიწყეს და ამ დრომდე გრძლედება. 

რაც შეეხება დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების აღდგენის საკითხს, როგორც კოჩიევმა აღნიშნა, ეს "ცხინვალის უმაღლესი ხელისუფლების მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, საზღვარი მისივე გადაწყვეტილებით, საქართველოში ღორის გრიპის გავრცელების გამო ჩაიკეტა და როცა ამ მხრივ საქართველოში ვითარება ნორმალიზდება, ალბათ, უმაღლესი ხელმძღვანელობა გადაადგილების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს". 

დე ფაქტო საზღვარი ამა წლის 11 იანვრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მოტივით ჩაკეტეს.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მოქალაქეების გატაცებებსაც შეეხო. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ერგნეთის ბოლო შეხვედრის დროიდან 16 გატაცებული მოქალაქის შესახებ განაცხადეს, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლები მხოლოდ 11 შემთხვევაზე საუბრობენ, თანაც გატაცების ფაქტს, ტრადიციულად, კატეგორიულად უარყოფენ და ქართულ მხარეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

„ზოგადად, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება გატაცებების, დაკავებების, ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ. ისიც კი ითქვა, თითქოს ჩვენ აქ ვშიმშილობთ. რაც შეეხება დაკავებულ პირებს, ჩვენი ინფორმაციით, სახელწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 11 პირი იყო დაკავებული. იგივე ეხება სასულიერო პირს. არანაირ გატაცებაზე აქ საუბარი არ არის. მას აქ ნათესავები ჰყავს.უმჯობესია, თავად ჰკითხოთ, სად იყო, სადგადმოვიდა, როგორ... თავად უკეთ იცის და უკეთ გიამბობთ“, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ეგორ კოჩიევმა.

ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებში ბრალდებულთა დასჯის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა ოსური დელეგაციის წევრთაგან ტრადიციული პასუხი მიიღო: "ყველა მასალა ქართულ მხარეს უკვე გადაეცა და ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა  და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში აღარ შედისო".

ცნობისთვის: სააქართველოს 35 წლის მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და აღარ დაუბრუნებიათ.

რაც შეეხება დავით ბაშარულს, ოკუპირებულ რეგიონში გაუჩინარებული დავით ბაშარული 6 თვეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოსურმა გამოძიებამ განაცხადა, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლაგარდაცვლილის ახლობლები კი აცხადებენ, რომ ეს სიცრუეა და დანაშაულის დაფარვის მცდელობა

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა ერგნეთში მარტში გაიმართება.