ვახტანგ ყოლბაია: „ანაკლიის პორტმა შესაძლოა, სოხუმთან ურთიერთობათა გაღრმავებაზე გავლენა მოახდინოს“

2019-02-08 18:02:18
816

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, „ანაკლიის პორტს თავისი განსაკუთრებული ადგილი ექნება, რამაც ადვილად შესაძლებელია, სოხუმთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებაზე გავლენა მოახდინოს“. 

როგორც „აქცენტს“ ყოლბაიამ განუცხადა, „თამამად შეიძლება, ითქვას, რომ პორტის მშენებლობა საუკუნის პროექტია“. 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი, თამამად შეიძლება, ითქვას, საუკუნის პროექტია, მასშტაბითაც. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა პორტის მშენებლობის იდეა, მაშინ ის ვერ განხორციელდა, მაგრამ ახლა სახელმწიფოს აქვს ამის შესაძლებლობა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად აკეთებს კიდეც. ამ პროექტს მნიშვნელობას ჰმატებს ისიც, რომ პორტი პრაქტიკულად ოკუპირებულ აფხაზეთთან, გამყოფ ხაზთანაა. ვფიქრობ, პორტს თავისი განსაკუთრებული ადგილი ექნება, რამაც ადვილად შესაძლებელია, სოხუმთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებაზე გავლენა მოახდინოს. სამშენებლო პროცესს, პორტისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას დრო დასჭირდება, ეს კი შესაძლებელი იქნება, გამოყენებული იყოს ნდობის აღდგენისთვის. ვფიქრობ, სამუშაო პროცესებით დაინტერესდებიან ენგურს გაღმა ჩვენი თანამოძმეებიც, პორტის მშენებლობა და მისი ექსპლუატაცია ასობით სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს, რომლითაც სარგებლობა მათაც შეეძლებათ“ – განუცხადა „აქცენტს“ ყოლბაიამ.