„აფხაზები რომ ჟენევაში არ დადიოდნენ, დასავლეთს აფხაზეთის შესახებ არაფერი ეცოდინებოდა“

2019-02-08 16:46:48
312

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აფხაზური დელეგაციის მონაწილეობა დასავლეთს შესაძლებლობას აძლევს, შეიტყოს, რა ხდება აფხაზეთში, – თვლის „აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი“ ალექსეი დვინიანინი.

„როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე თავის საქმის სპეციალისტები ხშირად მეკითხებიან, რისთვის დადის აფხაზური დელეგაცია უკვე 10 წელია, ჟენევაში. ჩემი პასუხი მარტივია: აფხაზებს რომ ჟენევაში არა ეარათ, დასავლური სამყაროს, სულ მცირე, დიდ ნაწილს, არაფერი ეცოდინებოდა იმის შესახებ, რა ხდება აფხაზეთში და კონკრეტულად რას აკეთებს აფხაზური დიპლომატია საგარეო პოლიტიკის განსამტკიცებლად“, – განაცხადა დვინიანინმა დღეს სოხუმში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

როგორც ცნობილია ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ რუსეთის, აშშ–ის, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის წარმომადგენლებიც.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთსა და გალში მიმდინარე შეხვედრებთან ერთად, ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც აფხაზურ, ოსურ და ქართუულ მხარეებს ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა აქვთ.