გზების დეპარტამენტი: "ანაკლიის პორტთან ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე შესყიდვა უახლოეს მომავალში გამოცხადდება"

2019-02-08 10:14:57
232

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ანაკლიის პორტთან ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე შესყიდვა უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 

როგორც "აქცენტს" უწყების პრეს–სამსახურში განუცხადეს, ისინი იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც მოხერხდება და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია. 

"გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებმა პირობები ვერ დააკმაყოფილეს, უკვე 4–ჯერ ჩაიშალა აღნიშნული ტენდერი. ვიმედოვნებთ, ამ ჯერზე გამოვავლენთ გამარჯვებულს" – განუცხადეს "აქცენტს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, როდის მიმართავენ ხელახლა შესყიდვების სააგენტოს, თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნული, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში მოხდება. 

ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოში 29 იანვარს გაკეთებული წარდგინება, რომლითაც უწყება ანაკლიის პორტთან ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე გამარტივებული წესის გამოყენების უფლებას ითხოვდა, უკან გაიწვია. 

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, სარკინიგზო ხაზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს. საავტომობილო დეპარტამენტმა საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე გასულ წელს რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.