საქართველოში ”თავისუფალი რუსეთი” ამოქმედდა

2019-02-08 10:07:26
1230

თბილისში ფონდ “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენლობა იხსნებ.

ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რუსმა ემიგრანტებმა ოთხზე მეტი წლის წინ ვაშინგტონში დააარსეს, ახდენს საერთაშორისო პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოებრივი ლიდერების ინფორმირებას რუსეთში არსებული რეალური ვითარების შესახებ.

ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში დევიდ კრამერი (თავმჯდომარე), აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, მოძრაობა “ღია რუსეთის” თავმჯდომარის მოადგილე, ბორის ნემცოვის ფონდის ხელმძღვანელი ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი და სხვები.

ფონდის ჩამოყალიბების იდეა ყირიმისა და დონბასის ცნობილ მოვლენებს უკავშირდება. დამფუძნებლების განმარტებით, მაშინ მათ თვალნათლივ დაინახეს მსოფლიოს მიერ რუსეთში არსებული ვიარების უკეთ და სწორად აღქმის აუცილებლობა.

ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი ფროლოვის განცხადებით, “2014 წლისთვის რუსეთის ფედერაციიდან ბევრი ადამიანი გავიდა, მათ შორის – ყოფილი პოლიტიკოსები, ექსპერტები, ანალიტიკოსები, რომელთაც მკაფიოდ ესმოდათ, რა შეიძლება, მოუხერხდეს რუსულ პოლიტიკას” და ამ ფაქტორების გაერთიანება არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ფუნდამენტად იქცა.

ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეგორ კუროპტევი თვლის, რომ თავად ფაქტი საქართველოში პლატფორმის არსებობისა, რომელზეც აქტუალური საკითხები განიხილება და რომელიც რუსეთის მოქალაქეებს გააერთიანებს, ძალზე მნიშვნელოვანია.

«რაც მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენგან რუსეთის, ასევე იმის შესახებ, რა ხდება თავად საქართველოში, რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი, მაგალითად, საოკუპაციო ხაზზე, მით უკეთესი, რადგან რუსეთის მოქალაქეებზეა დამოკიდებული, როგორ ხელისუფლება ეყოლება მათ ქვეყანას და რას მოიმოქმედებს იგი» - განმარტავს კუროპტევი.

 

ბუნებრივია, მოსკოვს მსგავსი პლატფორმების შექმნა დიდად არ ახარებს. როგორც ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამბობს, უკვე სახეზეა ნეგატიური რეაქციაც, თუმცა მასა და მის თანამოაზრეებს ეს არ აშინებთ:

«მე თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობ და ჯერ-ჯერობით რუსეთში დაბრუნებაზე რაღაცნაირად არ ვფიქრობ. არა იმიტომ, რომ არ მსურს, იქ ქვეყნისთვის ვიბრძოლო, არამედ იმიტომ, რომ დავისახე ამოცანა, ქართველებთან ურთიერთობები დავარეგულირო. პოლიტიკური თვალსაზრისით კი ურთიერთობები ამჟამად ძალიან რთულია. ქართველ ახალგაზრდობას რუსეთისგან კარგი არაფერი უნახავს. საჭიროა, დაინახოს და სწორედ ამაზე იქნება მიმართული ჩვენი პროექტები. ახალი პლატფორმა მთლიანობაში რუსეთის მიმართ ქართული საზოგადოების უნდობლობის გაქარწყლებას შეუწყობს ხელს. საქართველოში იციან, რომ ხალხი და პოლიტიკა – ეს განსხვავებული რამაა. მართალია, რუსეთში ამჟამინდელი რეჟიმის პოლიტიკას ბევრი ემხრობა, თუმცა არსებობს მოსახლეობის მცირე რაოდენობა, რომელიც ხშირად ჩამოდის საქართველოში, საქართველოს მხარეს უჭერს. პლიუს ამას, ჩემი და ჩემი კოლეგების გამოცდილება დაანახებს ქართველებს, რომ საქართველოს რუსეთის ბევრი მოქალაქე უჭერს მხარს, ბევრი მის მხარეს დგას საოკუპაციო ხაზზე და კრემლის პოლიტიკას არ იზიარებს».

ერთმანეთის გვერდით სიტყვების “თავისუფალი” და “რუსეთი” გამოყენების მიმართ ქართული სკეპტიციზმის დაძლევა მხოლოდ დროის საკითხია,- მიაჩნია ფონდის ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი ფროლოვს

მისი განმარტებით, “ორი წლის წინ მსგავსი წარმომადგენლობა გაიხსნა კიევში, უკრაინაში, რომლის ტერიტორიაზეც ამ დრომდე რუსული ჯარი დგას და მიუხედავად ამისა, წარმომადგენლობას ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს უკრაინელი აქტორების დიდ რაოდენობასთან, რადგან ფონდის ერთ-ერთი უმთავრესი ინტერესია, დონბასში ომს ბოლო მოეღოს და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდეს”.

«თავდაპირველად დიდხანს ცერად გვიყურებდნენ, შემდეგ დაიწყეს ჩვენს ღონისძიებებზე მოსვლა, კიდევ მოგვიანებით – თავის სამინისტრო ოფისებში ჩვენი მიწვევა, რადგან გააცნობიერეს, რომ რეალურად შეგვიძლია დახმარება. მოკავშირეები თავად რუსეთის შიგნით ყოველთვის გვჭირდება. რუსეთის თემა ბოლომდე არ არის შესწავლილი. საქართველოში ახალგაზრდა ექსპერტების უმრავლესობას სურს, ნატო-ს და ევროკავშირის თემებით დაკავდნენ. ეს მოდურია, თან კარგი ფულიცაა. თუმცა რუსეთი საქართველოს ჩრდილოელი მეზობელია, საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე პირდაპირი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის საფრთხე. ამდენად, წარმოუდგენელია, ამ თემაზე მკაფიო ექსპერტიზა არ გაგაჩნდეს. ჩვენ მზად ვართ, ეს ნიშა დავიკავოთ».

ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფონდი მიზნად ისახავს, გახდეს “საგარეო აქტორი, რომელიც საელჩოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაანაცვლებს”.

ახლა სამოქალაქო გაერთიანება ვართ, რომელიც ცდილობს, კონტაქტები დაამყაროს რუსეთის პროევროპულად, დემოკრატიულად განწყობილ მოქალაქეებსა და იმ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, რომელთაც რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები გააჩნიათ. პრობლემები კი მასთან პრაქტიკულად ყველას აქვს. ჩვენი ამოცანაა ალტერნატიული ხიდის შენარჩუნება, მოქმედი რეჟიმის მიმართ შეკავების სწორი ვარიანტების შემოთავაზება, ადამიანების გაერთიანება და მათი ცოდნისა და ექსპერტიზის წყალობით სხვა ქვეყნებში რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმის სწორი აღქმისა და შესაბამისი საგარეო პოლიტიკის გაძლიერება» - დასძენს ფროლოვი.