2011 წლის შეთანხმება: რუსული დეზინფორმაცია და რეალობა

2019-02-06 11:18:04
370

დღეს ჟენევაში რუსეთ–საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი სამმხრივი (საქართველო, რუსეთი, შვეიცარია) ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა იმართება.   

ბოლო დღეებში რუსულ მედიაში ნამდვილი საინფორმაციო ომი გაჩაღდა "საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ" რუსეთ–საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც რუსულ გამოცემა "კომერსანტს" ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა, შეთანხმების რეალიზაციის დაწყებისთვის ფაქტობრივად, ყველაფერი მზადაა; აქცენტი გაკეთდება სომხური ტვირთების ტრანზიტზე და ამ კონტექსტში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებაზე.

ამ განცხადების შემდეგ რუსულ მედიასაშუალებებში პროვოკაციული სათაურებით მთელი რიგი მასალები გამოქვეყნდა. მკითხველს ცდილობენ, შთაუნერგონ აზრი, რომ "საქართველო მზადაა, რუსეთთან ვაჭრობის სანაცვლოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიაროს". 

რასთან გვაქვს საქმე  

რუსული მედია აჭრელებულია სათაურებით, თითქოს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ურთიერთობისთვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა დათმოს. აი, რამდენიმე მათგანი: "საქართველომ რუსეთთან ვაჭრობის სანაცვლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ დავაზე უარი თქვა"; "საქართველო რუსეთთან უმნიშვნელოვანეს დათმობაზე მიდის"; "საქართველო მზადაა, რუსეთთან ვაჭრობის სანაცვლოდ აფხაზეთი აღიაროს". 

რა ხდება რეალურად 

ზემოაღნიშნულის მტკიცებისას რუსული წყაროები ეყრდნობიან იმ დოკუმენტის ტექსტს, რომლის ორიგინალში საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასოდეს ყოფილა ნახსენები.

აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზეც არის გამოქვეყნებული.

შეთანხმების ტექსტში პროცესის მონაწილედ მხოლოდ ორი მხარე – საქართველო და რუსეთია მითითებული. 

სამი სავაჭრო დერეფანი შეთანხმების ტექსტში გეოგრაფიული კოორდინატებით არის მონიშნული.

ერთ–ერთი მათგანი ადლერის სიახლოვეს იწყება, აფხაზური სანაპიროს გასწვრივ გაივლის და ზუგდიდის სიახლოვეს მთავრდება.

მეორე დერეფანი იწყება სოფელ ზემო ზარამაგის (ოსური სახელწოდება) მიდამოებში, ცხინვალის რეგიონს გაივლის და ქალაქ გორის სიახლოვეს მთავრდება. 

მესამე – ყველაზე მოკლე დერეფანი კი საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე (ჩრდილოეთ ოსეთი) საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ზემო ლარსით შემოიფარგლება. 

კომენტარები:  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსული მედიის მიერ გავრცელებულ იმ დეზინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითქოსდა საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება: 

"ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან. 2011 წლის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან. ეს არის მხოლოდ ორ მხარეს - რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება. ის ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს. არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებაზე. ყველაფერი 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაში ხორციელდება. დადებული შეთანხმების არანაირი რევიზია არ მომხდარა და არც იგეგმება. საერთოდ შეთანხმებული კორიდორების მიღმა არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება არ განიხილება. დანარჩენი ყველაფერი სიცრუე და სპეკულაციებია. ჩვენი ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იქნება გაჟღერებული 6 თებერვალს ჟენევის შეხვედრაზე“- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით„რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აბსოლუტუტრად არ შეესაბამება სინამდვილეს და საფუძველს არის მოკლებული".

"ჩემთვის ძნელი სათქმელია, რა მიზანს ემსახურება მსგავსი პუბლიკაციები. იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას და დაველოდებით [6 თებერვლის] შეხვედრის შედეგებს. პირადად გრიგორი კარასინმა აქცენტები სხვა ჭრილში დასვა. ჩვენ ოფიციალურ განცხადებებზე რეაგირებას მოვახდენთ. მხარეებმა მოსამზადებელი სამუშაოები დავასრულეთ, ახლა იწყება შეთანხმების იმპლემენტაციის მეორე ეტაპი. ქართული მხარე იმოქმედებს 2011 წლის შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით. როგორც 2011 წლის შეთანხმების სახელწოდებიდანაც ჩანს, საუბარია ორ ქვეყანას, საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე, რასაც განახორციელებენ შვეიცარიული კერძო კომპანიის წარმომადგენლები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ არის საუბარი მებაჟეებზე, საუბარია კერძო კომპანიის ექსპერტებზე. შეთანხმებით განსაზღვრულია საკმაოდ ზუსტად, თუ სად უნდა განთავსდეს მონიტორთა ტერმინალები და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული მოცემულობა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტი დაიწყოს, ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას.

"ზოგადად, ამ კორიდორების გახსნა-არგახსნა სხვა საკითხია და თუ მომავალში მიიღება გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეს ცალკე პოლიტიკური ნაბიჯი იქნება", – დასძინა მან.

ქართული მხარე „საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის ძირითადი მექანიზმების შესახებ” 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით იმოქმედებს, - ასე გამოეხმაურა "აქცენტთან" საუბრისას რუსული მხარის დეზინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია

„2011 წლის შეთანხმებით კონკრეტულადაა განსაზღვრული, თუ სად უნდა განთავსდეს შვეიცარიული კომპანიის ტერმინალები. ქართული მხარე ამ მოთხოვნების შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით იმოქმედებს. არსად განიხილება შვეიცარიელი მებაჟეების განლაგება საქართველოში, საუბარია მხოლოდ კერძო შვეიცარულ კომპანიაზე, რომელიც განახორციელებს საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს. საოკუპაციო რეჟიმების დაკავშირება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან მიუღებელი და დაუშვებელია, 2011 წლის შეთანხმება ორმხრივი დოკუმენტია და ეხება მხოლოდ ტვირთბრუნვის მონიტორინგს" - აღნიშნა მან.

ერთობლივი სამუშაო კომიტეტის პირველი შეხვედრა

დღეს ჟენევაში რუსეთ–საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი სამმხრივი (საქართველო, რუსეთი, შვეიცარია) ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა იმართება.

როგორც "აქცენტს" ლაშა დარსალიამ აცნობა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ნეიტრალური შვეიცარული მხრიდან. დღის წესრიგის მიხედვით დამტკიცდება კომიტეტის მოქმედების წესები. საუბარი შეეხება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. 

"საქართელოს დელეგაცია, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყებების წარმომედგენლებისგან (შემოსავლების სამსახური, შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო), მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და გამოთქვამს რუსეთის მხრიდან ანალოგიური მიდგომის იმედს. რაც შეეხება ამ თემის ირგვლივ სხვადასხვა სახის სპეკულიაციას, მათ შორის მესამე ქვეყნების ტვირთების შესაძლო ტრანზიტს, მსგავსი საკითხის წამოწევის შემთხვევაში საქართველოს დელეგაცია მკაფიოდ დააფიქსირებს ნეგატიურ დამოკიდებულებას თემის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით და მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის უპირობო დაცვას, მათ შორის - ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - აღნიშნა მან.

საკითხის ისტორია: 

საქართველო–რუსეთის საზღვრის სამ მონაკვეთზე ტვირთების მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია Société Générale de Surveillance (SGS) განახორციელებს.

2011 წლის დოკუმენტის თანახმად, იგი მხარეებს მიაწვდის ინფორმაციას შემავალ და გამავალ ტვირთებზე. ამასთან, არასაბაჟო პროცედურებით კომპანია არ დაკავდება. SGS –მა უნდა გააკონტროლოს ტვირთნაკადი, მათ შორის - საზღვრის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად მონაკვეთებზე – მდინარე ფსოუსთან  და როკის გვირაბთან. 

ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმებას ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის წარმომადგენლებმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე 2011 წლის ნოემბერში მიაღწიეს. სხვა საკითხებთან ერთად, იგი ითვალისწინებდა სამი "სავაჭრო დერეფნის" გავლით ტვირთების გადაადგილებაზე კონტროლში "ნეიტრალური კერძო კომპანიის" ჩართვას. 

საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი საქართველოს მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ვეტოს მოხსნის ერთ–ერთი პირობა გახლდათ.