ვიდეო ▶ ანტისაოკუპაციო მოძრაობას გადაადგილების უფლება შეუზღუდეს: „სიტუაცია საგანგაშოა!“

2019-02-05 12:47:02
693

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ–ერთი დამფუძნებლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, პოლიცია მოძრაობის წევრებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვებს უწესებს.  

„სიტუაცია აშკარად არასტანდარტული, საგანგაშოა“,– აღნიშნავს ქაცარავა.

როგორც ქაცარავა განმარტავს, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ მიიღო უტყუარი ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ახალი ტერიტორიების მიტაცებას გეგმავენ, მათ უკვე მონიშნული აქვთ კონკრეტული ადგილები, რომლებიც საბადოებსაც მოიცავს და დღეს მოძრაობის წევრები აღნიშნული მიმართულებით გაემართნენ, თუმცა პატრულმა მათ გზის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა.

„მოგეხსენებათ, ანტოსაოკუპაციო მოძრაობა ატოცში 24–საათიან რეჟიმში პატრულირებს და ვიცით, რომ ოკუპანტების მიერ წარმოებული უკანონო მცოცავი ანექსია ატოცის მონაკვეთზე შეჩერებულია, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები წნელისის მიმდებარე ტერიტორის (ხაშურის ტერიტორია, სადაც არსებობს სამი საბადო, უზარმაზარი ტყის მასივი და ეკუვნის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას, არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში) მიტაცებას გეგმავენ ორკები. უკვე ერთი კვირაა, რაც ამ ტყეში ვპატრულირებთ და გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, ვიდეო–ფოტო მასალა, სადაც ოკუპანტების მიერ არის მონიშნული ტერიტორია, სადაც ისინი უკვე პატრულირებენ. ანუ ოკუპანტები პატრულირებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ დღეს რიგითი პატრულირება უნდა გვეწარმოებინა ჩორჩანის (სოფელი, რომლის მიმდებარედაც მდებარეობენ საბადოები. ადგილობრივების ინფორმაციით, საბადოებთან ასევეა გაკეთებული მონიშვნები) ტყეში. ახლა ვიმყოფები ტერიტორიაზე, საიდანაც დაახლოებით 10 კილომეტრშია  საოკუპაციო ხაზი და პოლიცია საბადოების მიმართულებით არ მიშვებს. ნეტა რატომ? მე ჯერ მხოლოდ ვერსიები მაქვს. პოლიცია გადაადგილების უფლებას არ გვაძლევს და ეს ძალიან ცუდი ნიშანია! “,– აღნიშნავს ქაცარავა და ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს: „ვატანთ ოკუპანტებს საბადოებს? ეს მოცემულობა გვაქვს?“

 

გარდა ამისა, ქაცარავა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„ძალიან ბევრნი უნდა შევიდეთ. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი შეჩერება ვერ გაბედონ!“

 

ამასთან, მოძრაობის წევრები მათ მიერ მოპოვებული ფოტო–მასალის ნაწილს და მისატაცებლად გამზადებული ტერიტორიის კოოორდინატებსაც აქვეყნებენ:  

 

ცნობისთვის: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში  გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ატოციდან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების გაყვანა მოითხოვა. ქართულმა მხარემ ოსურს განუმარტა, რომ სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე; სიტყვის, გადაადგილებისა და გამოხატვის თავსიუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, არ ირღვევა არანაირი კანონი, ამიტომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების პროტესტი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

ამავე თემაზე:

ცხინვალი მთავარ საფრთხედ ოფიციალური თბილისის "რბილ ძალას" და ანტისაოკუპაციო მოძრაობას განიხილავს