ენმ კორუფციისა და ბიუჯეტის არამიზრობრივი ხარჯვის ფაქტებზე საუბრობს

2019-02-05 11:44:42
166

„ნაციონალური მოძრაობა“აჭარაში სპორტულ ფედერაციებზე გადაცემული ინვენტარის დეკლარაციის და მიღება-ჩაბარების აქტის დაუყოვნებლივ განსაჯაროებას ითხოვს. განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ხათუნა ბერიძემ გააკეთა.   

მისი ინფორმაციით, აჭარაში ყველა სპორტული ფედერაცია გადაამოწმეს და რეალურად მათზე ინვენტარი არ გადაცემულა. 

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვისა და კორუფციის ფაქტები იკვეთება. 

„2018 წლის 21 ნოემბერს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა 692 230 ლარის სპორტული ინვენტარის შეძენის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა შპს „პიკოლო“ - სთან. ჩვენი ინფორმაციით, დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მინისტრის დავალებით აიძულა ფედერაციები მოეწერა ყალბ მიღება- ჩაბარების აქტზე ხელი, თითქოსდა მათ მიიღეს მოთხოვნილი სპორტული ინვენტარი. ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნა სხვადასხვა ფედერაციებში სპორტული ინვენტარის მიღების ფაქტი. ფედერაციები არ ადასტურებენ სპორტული ინვენტარის მიღებას, ისინი საუბრობენ, თითქოს საწყობში ინახება ინვენტარი, თუმცა კონკრეტულად სად, ადგილს ვერ მიგვითითებენ. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას შესწავლილი აღნიშნული საკითხი საგამომძიებო უწყებების მიერ“, - განაცხადა ხათუნა ბერიძემ.