განაჩენი დაბადებამდე: ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრ ზომებზე გადადის

2019-01-23 22:43:09
3200

1990-2015 წლებში საქართველოში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, 31 446 გოგო არ დაიბადა. ასეთია ბოლო 25 წლის სტატისტიკა. გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, სქესთა შორის ბალანსი ყველაზე მეტად კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთია დარღვეული. უცნობია, ბოლო წლებში რამდენი სელექციური აბორტი გაკეთდა, რადგან ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება აბორტებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მხრივ კლების ტენდენცია შეიმჩნევა: თუკი 2017 წელს 16 000- მდე აბორტი გაკეთდა, 2018 წელს ეს რიცხვი 2000-მდეა შემცირებული. 


„სქესთა თანაფარდობა ძალიან იყო დარღვეული“,– აცხადებს დავით გაგუას კლინიკის გენდირექტორი დავით გაგუა.

შექმნილი სურათიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს, რაც რ2–ის ცნობით, ორსულებისთვის 3 თვემდე ნაყოფის სქესის გამხელის აკრძალვას გულისხმობს. მიზანი სელექციური აბორტების შემცირებაა. შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას უახლოეს პერიოდში ელიან, თუმცა ჯერ უცნობია, რა სანქცია დაეკისრება ექიმს, რომელიც სქესს გაამჟღავნებს. 

„14 კვირამდე ბავშის სქესის გამჟღავნება აიკრძალება. ასევე მოხდება ეხოსკოპისტების, მეანგინეკოლოგების გადამზადება, რათა კომპეტენციების გაძლიერება შეძლონ“,– აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავროგო ორგანიზაციების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმება, ნაწილი კი რისკებს ხედავს. კერძოდ, მათი თქმით, ქალი მამრობითი სქესის შვილზე არჩევანს მეუღლის გავლენით აკეთებს, რაც პაქტრიარქალური საზოგადოების მენტალური პრობლემაა – მსგავს საზოგადოებაში გოგონა არასასურველი ხდება.

„არის საფრთხე, რომ პროცესმა იატაკვეშ გადაინაცვლოს. გარდა ამისა, როდესაც ქალს არ ელოდებიან და ვაიძულებთ, ამ პირობებში ვაიძულბთ, გააჩინოს ქალი, არ მგონია, რომ ეს გამოსავალი იყოს“,– აცხადებს იდა ბახტურიძე.