ჩეჩნეთი და ინგუშეთი - 2018

2019-01-09 20:16:02
278

უფლებადამცველი უიუბ ტტიევი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება; კავკასიაში დღემდე არნახული მასშტაბის დაკრძალვა ჩატარდასაპატიმროში გარდაიცვალა პოლკოვნიკ ბუდანოვის მკვლელობისთვის გასამართლებული იუსუპ თემირხანოვი; ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის დემაკრაცია-დელიმიტაცია ვაინახებისთვის არასასიამოვნო რეალობად იქცა, - ასეთია ჩეჩნეთისა და ინგუშეის გასული 2018 წლის ძირითადი შედეგები.

ნარკოტიკები უფლებადამცველთა წინააღმდეგ

გასული 2018 წელი ჩეჩნეთში რესპუბლიკიდან უკანასკნელი უფლებადამცველების განდევნის მცდელობებით დაიწყო.

უფლებადამცველ ცენტრ “მემორიალის” ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უიუბ ტიტიევი 2018 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს ბრალი. გამოძიების ვერსიით, ტიტიევმა “დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ადგილზე, დაუდგენელ ვითარებაში” შეიძინა არანაკლებ 207 გრ მარიხუანა. თავად უფლებადამცველი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი “ჩაუდეს”.

«გადამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ჩამომართვეს ყველა საბუთი, ყველაფერი, რაც გამაჩნდა – ჯამში, რაც მახსოვს, 22 დასახელება. ეს ყველაფერი დღემდე არ დაუბრუნებიათ. მერე იყო ჩემი მეორე დაკავება, ამჯერად – უკვე ოფიციალური. ისევ იქ გადამიყვანეს. განყოფილებაში საათზე მეტხანს მამყოფეს, ცდილობდნენ, მოეპოვებინათ აღიარება, თითქოს მარიხუანა მართლაც ჩემი იყო. როცა უარით ვუპასუხე, გადაწყვიტეს, მეორედ მოეხდინათ ინსცენირება.სავარაუდოდ, ასაკის გამო არ ვუწამებივარ, ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ეს არ ამცდებოდა» - ყვება ტიტიევი.

ანალოგიური სცენარით იყო დაკავებული 2014 წელ პოლიტოლოგი და უფლებადამცველი რუსლან კუტაევ. ნარკოტიკების შენახვაში მას ბრალი ორ დღეში დასდეს მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვის წინააღმდეგ გაილაშქრა.

სამოქალაქო თანადგომის” კომიტეტის თანათავმჯდომარე სვეტლანა განუშკინა ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება:

«[…] ეს სრული აბსურდია! ეს ყველას მშვენივრად ესმის, თავად კადიროვის ჩათვლით. მტკიცედ ვიცი, რომ ინფორმირებულია პუტინიც [რუსეთის პრეზიდენტი], თუმცა დამოკიდებულება ასეთი აქვს: "რამზანი ჩემი მეგობარია, ჭეშმარიტება კი არ მაინტერესებს».

კადიროვმა ჩეჩნეთიდან პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია გააძევა და ტიტიევის საქმე ამის კიდევ ერთი მაგალითია. გასული წლის აგვისტოს ბოლოს ჩეჩენი ძალოვანების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა განაცხადა, რომ ტიტიევის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ “აუკრძალავს რესპუბლიკაში შესვლას უფლებადამცველებს”, რომლებიც ტერორისტებსა და ექსტრემისტებს გაუთანაბრა:

«მსგავსი უფლებადამცველები ჩემს ტერიტორიაზე არ ივლიან. თუნდაც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დამგმოს. მშვენივრად ვიცი, რომ მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ – როგორმე გაამწვავონ ვითარება, მოგვაყენონ ზიანი. ჩემთვის ისინი ტერორისტებსა და ექსტრემისტებს უტოლდებიან. ჩვენც ვიძლევით სანქციებს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ხალხის მშვიდ ცხოვრებას ხელს შეუშლის. მე ვაწესებ სანქციებს, აკრძალვას! თუ მე ვერ ჩავდივარ ევროპაში, დასავლეთში, ნურც მათ წარმომადგენლებს, ვითომ უფლებადამცველებს ექნებათ ჩემს ტერიტორიაზე სიარულის უფლება».

წლის ბოლოს ტიტიევს უფლებადაცვითი საქმიანობისთვის ვაცლავ ჰაველის პრემია მიენიჭა და გერმანულ-ფრანგული პრემიის “ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის” ლაურეატიც გახდა. პრემიის მიმნიჭებელი ასამბლეის თავმჯდომარის ლილიან მორი პასკიეს განცხადებით, ეს ჯილდო გზავნილია ყველასთვის, ვინც რეგიონში ადამიანის უფლებებს იცავს. «განაგრძეთ თქვენი საქმე და გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი», – აღნიშნა მან.

პრემია სტრასბურგში “მემორიალის” მმართველი საბჭოს წევრ ალექსანდრე ჩერკასოვს გადაეცა, რადგან ტიტიევი ამ დრომდე პატიმრობაშია.

მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარზე უცნაური თავდასხმა

წლის განმავლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ხდებოდა უცნაური მოვლენები, რომლებიც ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებდა. ერთ-ერთი ასეთი იყო თავდასხმა გროზნოს ცენტრში მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარზე.

როგორც რამზან კადიროვმა განაცხადა, 19 მაისს ოთხი “ბოევიკი” ტაძარში მრევლის წარმომადგენლების დატყვევებას შეეცადა, სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელები გაანადგურეს, მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელიც.

«გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრძანება “ბოევიკებმა” დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან მიიღეს. მისული ვიყავი შემთხვევის ადგილზე და ვაკონტროლებდი სპეცოპერაციის მსვლელობას, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დასრულდა” - განაცხადა მაშინ კადიროვმა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” მომხდარზე პასუხისმგებლობა მალევე აიღო, თუმცა კადიროვი აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ მოზარდი “ბოევიკები” “დასავლეთის ბრძანებით მოქმედებდნენ”.

არაერთი ჩეჩენი აქტივისტი და ბლოგერი გროზნოში ტაძარზე თავდასხმის რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, კადიროვის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსი, ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ამბობს:

«მთლიანობაში, ეს იყო შოუ, თუმცა არა შიდა მოხმარებისთვის, არა ჩვენთვის – ჩეჩნებისთვის, რომლებმაც მშვენივრად ვიცით, როგორ იდგმება მსგავსი წარმოდგენები, რაოდენ გამოუსადეგარნი არიან კადიროვის სპეცრაზმელები მსგავს ოპერაციებში. ჩვენ ეს ვნახეთ 2014 წლის დეკემბერში, როდესაც 9 ადამიანი გროზნოში შემოვიდა და ორი შენობა დაიკავა – პრესის სახლი და #20 საშუალო სკოლა. მაშინ ყველა სახის სპეცრაზმელებმა სრული უუნარობა წარმოაჩინეს და ამ შენობებისა და მათში მყოფი ადამიანების ყუმბარმტყორცნებიდან დაცხრილვაზე უკეთესი ვერაფერი მოიმოქმედეს. ეს შოუ იყო თქვენთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა გეთქვათ “wow”.

როგორ გააერთიანა თემირხანოვის დაკრძალვამ კავკასია

უდავოდ, გასული წლის ერთ-ერთ საკვანძო მოვლენად არა მარტო რესპუბლიკისთვის, არამედ მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიისთვის იქცა იუსუპ თემირხანოვის დაკრძალვა. ჩეჩენი გოგონას სასტიკ წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული რუსი პოლკოვნიკის – ბუდანოვის მკვლელობისთვის გასამართლებული თემირხანოვი 4 აგვისტოს დაკრძალეს, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებები კი არა მარტო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, არამედ ბევრ ქვეყანაში გაიმართა, სადაც ჩეჩნები ცხოვრობენ.

თემირხანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყოველგვარი სპეციალური ორგანიზების ან მოწოდების გარეშე ასობით ათასი ადამიანი იუსუპის მშობლიური სოფლის – გელდაგანისკენ დაიძრა, მასთან მისასვლელი გზებისა და რესპუბლიკური ტრასის ბლოკირება მოახდინა. სამგლოვიარო ღონისძიებებში ინგუშეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მსგავს მასშტაბებს არავინ ელოდა – არც გარდაცვლილის ახლობლები, არც ადგილობრივები, არც ფედერალური ხელისუფლება. სამგლოვიარო ღონისძიებები ევროპის ქვეყნებში, ეგვიპტეში, თურქეთში, იორდანიაში მყოფი ჩეჩნების ერთობისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი - მოსკოვის მიერ ხელდასმული რეჟიმის მიმართ მათი დამოკიდებულების დემონსტრირებადაც იქცა. ექსპერტებმა თემირხანოვის გარდაცვალების ირგვლივ განვითარებული მოვლენები კრემლისთვის სერიოზულ სიგნალად შეაფასეს. მრავალათასიანმა სამგლოვიარო შეკრებებმა წარმოაჩინა ისიც, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს ჩეჩნებმა ორი საომარი კამპანიის შემდეგ პროტესტის უნარი დაკარგეს.

ორიოდ დღის განმავლობაში ჩეჩნეთის ხელისუფლება დაბნეული იყო და დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა მალე გონს მოეგო, თემირხანოვის ოჯახზე კონტროლი დაამყარა და სოფლის მეჩეთში თავისი სამგლოვიარო ღონისძიება გამართა. პარალელურად თემირხანოვის ოჯახი გამოვიდა მოწოდებით, იუსუპის სახელი პოლიტიკური ან სხვა მიზნებისთვის არავის გამოეყენებინა. თავის მხრივ, რამზან კადიროვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ თემირხანოვს ბუდანოვის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია, რომ გამამტყუნებელმა განაჩენმა იუსუპი “სახალხო გმირად აქცია, რომელმაც შური იძია შელახული ღირსებისთვის და ჩეჩენი გოგონას მკვლელობისთვის”. ამასთან, მან მკაცრად გააკრიტიკა უცხოეთში გამართული სამგლოვიარო აქციების მონაწილეები, რომლებიც “დასავლეთის მიერ მართულობასა” და “თემირხანოვის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაში” დაადანაშაულა.

ხელისუფლების კრიტიკოსებს ბრალი დასდეს იმაში, რომ ისინი “არსად ჩანდნენ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ თემირხანოვი სასჯელს იხდიდა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიღვიძეს ქულების ჩასაწერად». ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა 20-წუთიანი სიუჟეტიც, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ჩეჩნეთის მეორე ომის მიზეზად ”ე.წ. იჩქერიის მომხრეები იქცნენ”. ამასთან, იმის შესახებ, სად იყო თავად რამზან კადიროვი იმ დროს, როდესაც «ბუდანოვის მკვლელობაში უდანაშაულო თემირხანოვი” რუსული სასამართლოს მსხვერპლად იქცა, სიუჟეთში არაფერი თქმულა.

ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარი და ინგუშების მასობრივი პროტესტი

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებისთვის საკვანძო მოვლენად იქცა ის მასობრივი საპროტესტი აქციები, რომელიც 26 სექტემბერს ორი რესპუბლიკის ლიდერებს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მოჰყვა. ინგუშეთმა ჩეჩნეთს სუნჟის რაიონის ნაწილი გადასცა, რამაც ინგუშეთის მაცხოვრებლების მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია.

ჩეჩნეთ-ინგუშეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ დარჩა სადავო ტერიტორიები, კერძოდ, ამჟამინდელი ინგუშეთის სუნჟისა და მალგობეკის რაიონები. რამზან კადიროვისა და იუნუს-ბექ ევკუროვის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რესპუბლიკებს შორის არასაცხოვრებელი ტერიტორიების თანაწონადი გაცვლა განხორციელდა.

კონფლიქტებს სოფელ არშტის კუთვნილება იწვევდა. 2013 წელს გროზნოში განაცხადეს, რომ საზღვრისპირა სოფელი სუნჟის რაიონში ჩეჩნეთს ეკუთვნის. მაშინვე სოფელში ჩეჩენი ძალოვანები შევიდნენ. 2018 წლის ზაფხულში კი ინგუშურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არშტიში ჩეჩენი მეგზევეები სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ინგუშურმა ოპოზიციამ ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ გაცვლა რესპუბლიკის ინტერესების საზიანოდ განხორციელდა და რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა. ამავე დროს, ჩეჩნეთის მაცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ გაცვლა მათი რესპუბლიკის ინტერესების საზიანოდ განხორციელდა: გადაეცა რა მეზობლებს სახნავ-სათესი მიწები ნადტერეჩნის რაიონში, მათ სანაცვლოდ მთიან ტერიტორიაზე მდებარე მიწები მიიღეს, რომელიც “ისედაც ჩეჩნური იყო”. თუმცა მიტინგები ჩეჩნეთში არ ჩატარებულა.

ინგუშეთში მიმდინარე პერმანენტულ მიტინგებზე ისმოდა მოთხოვნა რესპუბლიკის ხელმძღვანელ იუნუს-ბექ ევკუროვის, როგორც “ინგუში ხალხის ინტერესების მოღალატის” გადადგომის თაობაზე. შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, პროტესტი სხვა დონეზე გადაეყვანათ და საკითხი 30 ოქტომბერს ინგუში ხალხის კონგრესზე განეხილათ. იმავე დღეს ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება არაკონსტიტუციურად სცნო.

ევკუროვი ინგუშური სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც 6 დეკემბერს ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შედეგად რეფერენდუმის ინიციატორებმა ინგუშეთის საარჩევნო კომისიისგან მის ჩატარებაზე უარი მიიღეს, შარიათის სასამართლოს სხდომაზე კი, რომელსაც უნდა დაედგინა, როგორი პოზიცია დააფიქსირა რეგიონული პარლამენტის თითოეულმა დეპუტატმა ადმინისტრაციული საზღვრის საკითხზე კენჭისყრისას, 30-იდან მხოლოდ 10 პარლამენტარი გამოცხადდა.

მიტინგების პერიოდში ინგუშეთში ჩეჩნების მისამართით უამრავი არასამიამოვნო განცხადება გაკეთდა. ინგუშებმა ისინი კადიროვისადმი “მონურ მორჩილებაში” და “საკუთარი აზრის დაფიქსირების უუნარობაში” დაადანაშაულეს. საპასუხოდ ჩეჩნებმა შეახსენეს ინგუშებს, რომ როცა ჯოხარ დუდაევმა (ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი) და მისმა ინგუშმა კოლეგამ რუსლან აუშევმა 1993 წელს შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად, სუნჟის რაიონი, სერნოვოდსკისა და ასინოვსკაიას დასახლებული პუნქტების გამოკლებით, ინგუშეთს გადაეცა, უკმაყოფილება არც ერთ ჩეჩენს არ გამოუთქვამს.

ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემების საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი რუსლან კუტაევი გამოვიდა განცხადებით და სასაზღვრო ისტორიაზე ჩეჩნური საზოგადოების თავშეკავებული პოზიციის მიზეზები ასე განმარტა: «სრული უაზრობაა რეაგირება იმ ადამიანების პროვოკაციებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ინგუშური მიწაა. ეს პრობლემა ფედერალური ცენტრის მიერაა შექმნილი, რომლის “ქვეითებმა” ზემოდან მიღებული დავალება შეასრულეს. ეს არ არის ჩეჩნების გადაწყვეტილება. აცნობიერებენ რა, სად იმალება ამ კონფლიქტის ფესვები, ჩეჩნებმა მასში აქტიურ მონაწილეობას თავი აარიდეს. საზღვრისპირა მიწების გამო არანაირი კონფლიქტების გაჩაღებას არ ვაპირებთ».

ინგუშეთის ლიდერად ევკუროვის გადარჩევა

ინგუშეთის რესპუბლიკის ძალზე არაპოპულარული ლიდერი იუნუს-ბექ ევკუროვი კრემლმა ამ თანამდებობაზე ახალი ვადით დანიშნა. ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადება, რომ 9 სექტემბერს მას რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ (26) მისცა ხმა. კიდევ ორმა კანდიდატმა – ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ილიას ბოგატირევმა და ნაზრანის საკრებულოს დეპუტატმა ურუსხან ევლოევმა 2-2 ხმა მიიღეს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან საზღვრის ირგვლივ არსებული დაძაბულობის, ასევე ევკუროვისადმი ადგილობრივი არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მკვეთრი კრიტიკის მიუხედავად, კრემლმა ევკუროვისადმი უნდობლობის მიზეზი ვერ დაინახა.

მოსკოვის გადაწყვეტილებაზე ვერც რესპუბლიკის სამუფთოსთან კონფლიქტმა იმოქმედა, რომელიც 2018 წლის თებერვლიდან მაისამდე გრძელდებოდა. 27 მაისს სასულიერო ცენტრში იმამების, გამოჩენილი გვარების წარმომადგენლების და უხუცესების შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ინგუშეთის ლიდერი მუსლიმურ თემს მოეკვეთათ და მის მიმართ ტრადიციული რელიგიური რიტუალების აღსრულება შეეწყვიტათ.

თავის მხრივ, ევკუროვმა მოუწოდა ინგუშეთის მუსლიმების სასულიერო ცენტრს, “გამოიჩინოს თავშეკავება და მშვიდობისმოყვარეობა”. მან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას პროვოკაციული უწოდა და განაცხადა, რომ ეს «რესპუბლიკაში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას ვერ მოახდენს”.

სასამართლო პროცესი ინგუშურ ცენტრ «Э»-ში წამების ფაქტების საქმეზე

27 ივლისს ნალჩიკში სასამართლომ ინგუშეთის რესპუბლიკის ცენტრ «Э»-ში წამებისა და მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ცენტრის 7 თანამშრომელი მკვლელობაში, გამოძალვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, დაკავებულთა მიმართ ძალადობასა და სხვა უკანონობაში დაადანაშაულეს. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილთან შედარებით, ბევრად რბილი განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, ცენტრის უფროს ხამხოევს 7 წელი მიესაჯა, ოპერატიულ თანამშრომელ ალიმხან ბეკოვს კი, რომელსაც დაკავებული მაგომედ დალიევის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

წამებასა და მკვლელობაში ბრალეულობა არც ერთ ბრალდებულს არ უღიარებია, მეტიც, მათ განაცხადეს, რომ ცილისწამებისა და პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლად იქცნენ. თავის მხრივ, დაზარალებულები განაჩენით უკმაყოფილებას არ მალავდნენ. თუმცა ჩრილოეთ კავკასიის საოლქო სასამართლომ ნალჩიკში გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

ოპოზიციონერ მაგომედ ხაზბიევის განაჩენი

2018 წლის 27 ნოემბერს ინგუშეთის რესპუბლიკის მაგასის რაიონულ სასამართლოში ცნობილი ინგუში ოპოზიციონერის, მაგომედ ხაზბიევის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ინგუშეთის ლიდერის მიმართ მტრობის გაღვივებაში დადანაშაულებულს 2 წლითა და 11 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ოპოზიციონერმა აქტივისტმა ბრალის აღიარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და საქმის პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითა.

ერთი კვირით ადრე, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ხაზბიევისთვის პატიმრობის 3,5 წელი და 50 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა. თავის მხრივ, დაცვა ოპოზიციონერისთვის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

2015 წლის იანვარში ნაზრანში, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ხაზბიევი იარაღის უკანონო შენახვაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ იგი ჩეჩნეთში წავიდა და იქ რამდენიმე წელი სახელმწიფო დაცვის ქვეშ გაატარა. 2018 წლის იანვარში კი, ინგუშეთში დაბრუნების შემდეგ აქტივისტი დააკავეს.