რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვირუსის შესახებ: რეკომენდაციები

09 January, 2019   2 თვის 2 კვირის წინ
904

გრიპი ჩვეულებრივ  მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს, არ აგვერიოს ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება, რადგან გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

 

გრიპის თავიდან აცილების საშუალება

გრიპის თავიდან აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის  სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე; უხშირესად - დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით) დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

  • გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან  ზედაპირებით.

 

  • გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს  მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები.

 

  • გრიპის მძიმე შემთხევებისას შესაძლებელია    მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

 

  • ანტივირუსული პრეპარატების მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის დაავადების ადრეულ ეტაპზე - დროული და გართულებების გარეშე გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო.

 

  • მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სასურველია დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება - მიმართეთ ექიმს.

 

  • გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა  და გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ეპიდემიის მასშტაბებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისა და გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების  ვაქცინაცია, ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე.

რისკჯგუფები

2018-19 წლების გრიპის სეზონისათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკ ჯგუფებად განისაზღვრა:

  • ორსულები;

  • 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;

  • დიალიზზე მყოფი პირები;

  • ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;

  • C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;

  • აივ ინფიცირებული პირები;

  • სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.

საქართველოში, მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია სახელმწიფომ დაიწყო 2012-2013 წლების სეზონიდან, ყოველწლიურად მზარდი ოდენობით. 2018-2019 წლების სეზონზე სახელმწიფოს მიერ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსასყიდლოდ მიეწოდა 41 000-მდე მოქალაქეს, 15 000-მდე - აიცრა კერძო სექტორში. მომავალი სეზონისთვის სახელმწიფო, მოქალაქეთათვის, 80 000 დოზა გრიპის ვაქცინის შეძენას გეგმავს.

საქართველოში გრიპისმაგვარ დაავადებებზე (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე (SARI) საყრდენი ბაზებით ზედამხედველობა წარმოებს 2009 წლიდან. აღნიშნული სისტემის დახმარებით გროვდება ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებული გრიპის ვირუსის ტიპისა და ქვეტიპის, ILI-სა და SARI-ის შესახებ.

2009 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც მსოფლიოში ცირკულაცია დაიწყო გრიპის A (H1N1)pdm09 ქვეტიპის ვირუსმა, აღმოჩნდა, რომ მას გააჩნია მძიმე შემთხვევების გამოწვევის მაღალი უნარი, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში. შესაბამისად, იმ წლებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პრედომინანტულად ცირკულირებდა A (H1N1)pdm09 ქვეტიპის ვირუსი, გრიპით ავადობა და მასთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაციის ტვირთი იყო განსაკუთრებით მაღალი.




2009-2010

2010-2011

2011-2012

2012-2013

2013-2014

2014-2015

2015-2016

2016-2017

2017-2018

2018-2019

ILI (პიკური მაჩვენებელი)

1550

1995

490

384

479

485

357

400

195

276

SARI (პიკური მაჩვენებელი)

--

72

41

30

20

16

33

25

20

41

დომინანტი ვირუსი

A (H1N1)

A (H1N1)

A (H3N2)

A (H1N1)

A (H3N2)

B

A (H1N1)

A (H3N2)

B

A (H1N1)

ლეტალური შემთხვევები (ლაბ.დადასტ.)

33

53

5

23

9

10

50

6

2

10

გრიპისმაგვარი დაავადების (ILI) ინციდენტობა (100 000 მოსახლეზე) წლების მიხედვით, 2009-2018

მაჩვენებელმა პიკს მიაღწია პანდემიურ (2009-2010) და პოსტ-პანდემიურ (2010-2011) წლებში. დანარჩენ წლებში, ინციდენტობა 450-ს გადასცდა შემდეგ სეზონებზე:

  • 2011-2012 (H3N2);

  • 2013-2014 (H3N2);

  • 2014-2015 წლის სეზონზე (RSV).

მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) მიმართვიანობა (პროცენტული მაჩვენებელი) წლების მიხედვით, 2009-2018

SARI-ის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა პოსტ-პანდემიურ წელს (2010-2011) (A (H1N1)).

 

გრიპის ქვეტიპები სეზონების მიხედვით (დომინანტი ტიპი/ქვეტიპი ნაჩვენებია წითლად):

2009-2010 – A (H1N1)

2010-2011 – A (H1N1)

2011-2012 – A (H3N2), A (H1N1), B

2012-2013 – A (H1N1), B

2013-2014 – A (H3N2), B

2014-2015 – A (H3N2), A (H1N1), B

2015-2016 – A (H3N2), A (H1N1), B

2016-2017 – A (H3N2), B

2017-2018 – A (H1N1), B

2018-2019 – A (H1N1), A (H3N2)

 

მიმდინარე სეზონისთვის, ცნობილია, რომ საქართველოში თანაცირკულირებს A (H1N1)pdm09,

A (H3N2). ამასთან, A (H1N1) pdm09-ს გავრცელება აშკარად პრედომინანტურია და ცირკულაციის ინტენსივობა 90%-ს აღემატება. საქართველოში A (H1N1) pdm09 პირველად გამოვლინდა 2018 წლის 45-ე კალენდარულ კვირაში, მომდევნო პერიოდში მისი ცირკულაციის არეალი გაფარდოვდა, ავადობა თანმიმდევრულად გახდა უფრო ინტენსიური და როგორც დამახასიათებელია სეზონური გრიპისთვის გამოიწვია ავადობის მაღალი ტალღა. გამომდინარე A (H1N1) pdm09-ის თვისებებიდან, მოიმატა გრიპის გამო ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმაც.

მსგავსი სიტუაცია იყო ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, შარშან 2017-2018 წლების სეზონზე, როდესაც მაგ.: საფრანგეთში და ბრიტანეთში ცირკულირებდა A (H1N1) pdm09 და შესაბამისად აღირიცხა მაღალი ავადობა, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა, მხოლოდ საფრანგეთში შეფასებით, 13 000 სიკვდილის შემთხვევა ასოცირებული იყო გრიპით ავადობასთან, ხოლო ევროპის რეგიონის მასშტაბით იგივე მაჩვენებლის შეფასებითი სიდიდე 15-70 000-ის ფარგლებში მერყეობდა.

ევროპის რეგიონში მიმდინარე პერიოდში ადგილი აქვს გრიპის აქტივობის მზარდ ტენდენციას.

ამბულატორულ და ჰოსპიტალურ ქსელში გამოვლენილი გრიპის ვირუსის უმეტესობა A ტიპისაა.

საყრდენ ბაზებზე გამოვლენილ ქვეტიპებში თანაბარია A(H3N2) და A(H1N1)pdm09-ის განაწილება. არასაყრდენი ბაზების სინჯებში პრევალირებს A(H1N1)pdm09.

ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა შორის, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია A(H1N1)pdm09-ით 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

ევროპის რეგიონში 2018-2019 წლების სეზონზე SARI-ის  გამო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის A ტიპი დადასტურებულია 96,1%-ში. იმავე ჯგუფში, ვირუსის სუბტიპირებით დადგენილია, რომ 71%-ში გამომწვევია A(H1N1)pdm09 და 29%-ში A(H3N2).  67,8% - 0-4 წლისაა, 16,3% - 15-64 წლის.

გრიპის ვირუსის გავრცელების საშუალო ინტენსივობის შესახებ არსებობს ინფორმაცია მეზობელ ქვეყნებშიც (სომხეთი, თურქეთი), ამასთან 2018 წლის ბოლოსთვის ევროპის სულ ცოტა 5 ქვეყანა (ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, თურქეთი, შვეიცარია) აცხადებს გრიპის ვირუსის ფართო გავრცელების შესახებ.

ჩრდილო ამერიკაში გრძელდება გრიპის აქტივობის ზრდა, რაც გამოწვეულია A(H1N1)pdm09-ის პრედომინანტური ცირკულაციით;

ჩრდილო აფრიკაში, განსაკუთრებით ეგვიპტეში პრედომინანტურია A (H3N2).

დასავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გრიპის ინტენსივობა საშუალო დონეზეა, აღმოსავლეთით კი ეხლა იწყება გრიპის აქტივობა და პრედომინანტური აქაც A(H1N1)pdm09-ია. სამხრეთ აზიაში ბოლო კვირების მანზილზე სწრაფად გაიზარდა გრიპის აქტივობა, რაც ირანში A (H3N2)-ის და ინდოეთში A(H1N1)pdm09-ის ცირკულაციას უკავშირდება.

სამხრეთ ნახევარსფეროში გრიპის აქტივობა დაუბრუნდა სეზონთაშუა პერიოდს. გარკვეული გამონაკლისია ავსტრალიის რამოდენიმე ტერიტორია.

მსოფლიოს მასშტაბით გრიპის ძირითად გამომწვევად მიმდინარე ეტაპზე ითვლება A ტიპის ვირუსი.

რეკომენდაცია

გახსოვდეთ, გრიპი მწვავე, ვაქცინით მართვადი დაავადებაა. გრიპის პრევენცია შესაძლებელია, თუმცა თუ მაინც დაავადდით გრიპით - დროულად მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. ექიმი განსაზღვრავს ანტივირუსული პრეპარატის გამოყენების საჭიროებას, რაც დროული ან გართულების გარეშე გამოჯანსაღების შესაძლებლობას იძლევა.

მასალა მომზადებულია ncdc.ge–ზე დაყრდნობით