ახალგორელთა წინასაარჩევნო იმედები: მოაშორებენ თუ არა რაიონს ტატუნაშვილის საქმის ფიგურანტ გურწიევს?

2019-01-08 15:48:28
245

ახალგორის ოკუპირებულაიონი დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების წინ საკადრო ცვლილებების მოლოდინშია. აქტიურად მუსირებს ინფორმაცია კომპრომეტირებული ძალოვანების და არა მარტო მათი მოსალოდნელი გადაყენებების თაობაზე. ამ ჩამონათვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის – დავით გურწიევის გვარიც სახელდება.

გასული წლის მარტიდან გურწიევი ახალგორის ოკუპირებული რაიონის პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. ადგილობრივები შიშობდნენ, რომ სამომავლოდ მას ამ თანამდებობაზე დაამტკიცებდნენ კიდეც. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საფრთხემ რაიონს გვერდი აუარა.

«ის [გურწიევი] ყველაზე არაპოპულარული პერსონაა ჩვენს რაიონში, ადგილობრივ “რუხ კარდინალს” ეძახიან. შეიძლება, ითქვას, რომ ყველა სკანდალში, რომელშიც აღმოჩნდა ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთი, მისი გვარი ფიგურირებს. მხედველობაში მაქვს დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, თუნდაც ჩემი საქმეები» - ყვება ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

ახლა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დავით გურწიევი ცხინვალში გადაჰყავთ.

ახალ წლამდე შვებულებაში გავიდა დე ფაქტო მილიციის უფროსი ალექსანდრე ჯიოევი და როგორც არაოფიციალურ საუბრებში თანამშრომლები ამბობენ, სამსახურში ის აღარ დაბრუნდება. ახალგორელებისთვის ეს ინფორმაციაც დამაიმედებელია.

«ჯიოევი ადგილობრივებს ატერორებდა, მუდმივად უშარდებოდა ვინმეს, წვეულებებიდან გამოსულებს წინასწარ უსაფრთებოდა, აკავებდა და სიფხიზლეზე ამოწმებდა, რათა დაეჯარიმებინა ან გარკვეული ხნით ციხეშიც კი გამოემწყვდია. ხალხს უკვე სტუმრად ან ქელეხში სიარულისაც კი ეშინოდა» - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სავარაუდოდ, ოკუპირებული რაიონის თავკაცსაც შეეხება. ფილიპ ხაჩიროვის გადადგომის შემდეგ ამ მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე ვლადიმირ გულიევი ასრულებს. მოარული ხმების თანახმად, ამ თანამდებობაზე სწორედ მას დაამტკიცებენ. ახალგორელებს სწორედ ამის იმედი აქვთ.

«ჩვენთვის გულიევი ნაცნობია, რაიონის ხელმძღვანელის მოადგილედ ხუთი წელი იმუშავა და კარგად იცნობს აქაურობას. თანაც, წარმოშობითაც აქედანაა, აქ გაატარა ბავშვობა. გულიევს უბოროტო, თუმცა მკაცრი და კეთილსინდისიერი ადამიანის რეპუტაცია აქვს. ამიტომაც რაიონის მაცხოვრებლებმა მისი დანიშნვის შესახებ ინფორმაცია დადებითად აღიქვეს. არავინ ელის, რომ გულიევი მთებს გადადგამს, თუმცა რასაც შეძლებს, ყველაფერს გააკეთებს» - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს უმთავრესად გაზაფხულისთვისთვის დაგეგმილ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ, რომელიც ახალი სისტემით ჩატარდება: თუ ადრე პარტიული სისტემა იყო, ხმები მთელი “რესპუბლიკის” მასშტაბით ჯამდებოდა და უბრალო უმრავლესობა იმარჯვებდა, ახლა დე ფაქტო დეპუტატების ნახევარი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, თითოეულ ერთმანდატიან ოლქს თავისი წარმომადგენელი ეყოლება, შესაბამისად, იგივე ახალგორის რაიონის საპროტესტო ხმების ცხინვალიდან კომპენსირება ვეღარ მოხერხდება.

ამდენად, ვითარება ძირეულად იცვლება და ადგილობრივი ამომრჩევლების მხარდაჭერა ბევრად წონადი ხდება.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება