მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა

2019-01-05 15:00:43
341

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა.

ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში გაიმართა. მას ლოცვა უძღოდა წინ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრი პავლე კლიმკინი, ასევე უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის ახლადარჩეული წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანეც ესწრებოდნენ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსის ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე ბართლომემ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა მოწოდებით, სცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ბართლომე ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 6 იანვარს კიევის ახალ მიტროპოლიტს ეპიფანეს გადასცემს.

გასული წლის 15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არის მიკუთვნებული. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე გახდა.

პრეზიდენტმა პოროშენკომ ახალი ეკლესიის შექმნას ისტორიული მოვლენა უწოდა. თავის მხრივ კრემლი, ისევე, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას მკაცრად გმობენ.