ატოცში თოვს, მაგრამ პატრულირება გრძელდება: „მცოცავ ოკუპაციას გასაღები ვუპოვეთ“

2018-12-27 16:40:51
749

 

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ატოცში 24–საათიანი პატრულირება გრძელდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ადგილზე პატრულირებას თითქმის 2 თვეა ახორციელებს. გადაწყვეტილება კი ორგანიზაციის აქტივისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ოკუპანტებმა ატოცში ბოძების დამონტაჟების პროცესი დაიწყეს. ამ დროისთვის ადგილზე 148 ბოძია დამონტაჟებული. და ეს პროცესი აქტივისტების აქტიურობის შემდეგ შეწყდა. უნდა აღინიშნოს, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებმა ერგნეთის შეხვედრაზე ადგილიდან მოძრაობის წევრების გაყვანა მოიხოვეს.  ამასთან, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ მთავარ საფრთხედ ოფიციალური თბილისის "რბილ ძალა" და ანტისაოკუპაციო მოძრაობა დაასახელა. 

„ძალა ერთობაშიას“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ქაცარავა კი აცხადებს, რომ მოძრაობის წევრებს პოზიციები შენარჩუნებული აქვთ.  

„ჩვენი კარავი არც ერთი მეტრით არ გადმოწეულა უკან“,– ამბობს ქაცარავა და დასძენს: „მცოცავ ოკუპაციას, მცოცავ ანექსიას გასაღები ვუპოვეთ...ეს აღარ არის პროტესტი, თუ აქცია, ეს ბრძოლაა!“.   

„ამინდმა დღეს გაგვახარა და თოვლი მოვიდა, წინასაახალწლო განწყობა შეგვიქმნა. მაგრამ მხედველობა უკვე ძალიან არის შეზღუდული, ვერ ვადევნებთ თვალს ოკუპანტების მოძრაობას. მაგრამ დადებითი ალბათ ისაა, რომ ვერც ისინი გვხედავენ“,– განაცხადა ქაცარავამ.

მისივე თქმით, მოძრაობის წევრები ადგილზე დარჩენას და გამაგრებას რიგითი მოქალაქეების მიერ გაღებული შემოწირულობების დახმარებით განაგრძობენ. შემოწირულობა კი სხვადასხვა სახისაა, იქნება ეს ფულადი, საკვების თუ შესაბამისი სამოსის სახით.

„დახმარებამ ფართონასშტაბიანი ხასიათი მიიღო და სულ მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს“,– ამბობს ქაცარავა.