გიორგაძე კვლავ რუსული პროპაგანდის სამსახურში

2018-12-26 13:12:09
260

რუსულ პრესაში კვლავ გრძელდება მასალების გავრცელება თბილისში მდებარე ბიოლაბორატორიის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის) შესახებ, რომელიც 2011 წელს აშშ-ის დახმარებით დაფუძნდა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსმა ბრიფინგი სწორედ თბილისის მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრზე საუბრით დაიწყო.

რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ანა პოპოვამაც განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

მან წინა წლის ზაფხულის ინციდენტი გაიხსენა, როდესაც საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს, მათ შორის ბავშვებს მწვავე ნაწლავური ინფექცია აღმოაჩნდათ.

პოპოვას მტკიცებით, რუსი ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ხელოვნურად შეცვლილი ბაქტერიის გავრცელებასთან. თბილისში კი განმარტავენ, რომ სწორედ ლუგარის ცენტრში მოხდა დაავდების დროული იდენტიფიცირება და სასწრაფო და ეფექტური მკურნალობის დანიშნვა.

როგორც ცნობილია, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სამიოდე თვის წინათ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექს-მინისტრმა იგორ გიორგაძემ სპეციალური პრეს-კონფერენციები გამართა და თბილისის ჯანდაცვის ცენტრი ადამიანებზე წარმოებულ უკანონო ექსპერიმენტებსა და სიკვდილის შემთხვევებში დაადანაშაულა. მოგვიანებით ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოკვლევა ჩაატარა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის ჟურნალისტმა სტივ როზენბერგმა. იგი ესაუბრა იგორ გიორგძესაც, რომელმაც ვერ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები თავისი განცხადების დასამტკიცებლად, ანუ ცენტრის თითქოსდა უკანონო საქმიანობა არ დადასტურდა.

ამჯერად «Российская газета» ბეჭდავს მასალას, რომელშიც კვლავ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ფიგურირებს. მან ისევ გამართა პრეს-კონფერენცია მოსკოვში და ისევ ბიოლაბორატორიაზე ილაპარაკა, რომ ლაბორატორიას აქვს პატენტი ვირუსების გასავრცელებლად უპილოტო თვითმფრინავებით ისარგებლოს. მისი თქმით, იქ პენტაგონის სრულიად საიდუმლო ქვედანაყოფი მუშაობს. სტატიის ავტორთან, ჟურნალისტ მაქსიმ მაკარიჩევთან იგორ გიორგაძე ამბობს, რომ ამერიკელები ცენტრის კედლებს მიღმა ბევრ საიდუმლოს ინახავენ:

„მე არავის არ ვადანაშაულებ. მე დოკუმენტებს მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ, რომ ამერიკელებმა მკაფიოდ განაცხადონ, თუ რა ხდება ბიოლოგიურ ლაბორატორიაში“, - ამბობს ექს-მინისტრი. 

ცნობისთვის: ქართულმა მხარემ ლაბორატორიაი უცხოელი სპეციალისტები მოიწვია, მათ შორის – რუსებიც, რომელთაც მოწვევის მიღებაზე უარი განაცხადეს. საერთაშორისო ექსპერტებმა საკუთარ დასკვნაში ასახეს, რომ ლაბორატორიაში მხოლოდ მშვიდობიანი კვლევები მიმდინარეობს.