„თავიც უნდა გვეცოდებოდეს“: აშშ რეგიონიდან გადის?

2018-12-21 14:09:02
861

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გაიყვანოს ჯარი სირიიდან, არ მიესალმნენ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წევრები, მაგრამ მიესალმა რუსეთი. როგორც ტრამპმა 20 დეკემბრის განცხადებებში განმარტა, გადაწყვეტილება უკავშირდება პირობას, რომელიც მან 2016 წლის არჩევნების წინ დადო, რომ გავიდოდა სირიიდან. მისი თქმით, აშშ არ უნდა იყოს „ახლო აღმოსავლეთის პოლიციელი“, და რომ დროა, სხვებმა დაასრულონ ბრძოლა. მანამდე განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებზე „ისტორიული გამარჯვების“ შემდეგ, აშშ-ის არმიის ჯარისკაცები სირიიდან „უკან ბრუნდებიან“ და „უკან ბრუნდებიან ახლა“. 19 დეკემბერს თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა თქვა, რომ ექსტრემისტების „ტერიტორიული სახალიფო“ დამარცხებულია.

ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, კოალიციის მთავარმა წევრებმა სკეპტიციზმი გამოხატეს და განაცხადეს, რომ სირიაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. რუსეთი, რომელიც ირანთან ერთად მხარს უჭერს სირიაში ამ ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მთავრობას, მიესალმა ტრამპის განცხადებას: 

"ისლამური სახელმწიფოს" დასაძლევად ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ყოფნა არ წარმოადგენს საჭიროებას".

გულისხმობს თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება რეგიონის დატოვებას, შესაბამისად, რეგიონში რუსული გავლენის ზრდას და უსაფრთხოების ახალი სურათის შექმნას, ამ საკითხებზე "აქცენტი" საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტს გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.    

„აშშ სირიაში აიბლანდა“

გიორგი გობრონიძე:  თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება დააანონსა სწორედ სირიელი ქურთების წინააღმდეგ [აშშ მათ უჭერდა მხარს] და აშშ დადგა სერიოზული დილემის წინაშე:

  • დახმარებოდა ქურთებს და მომხდარიყო გარკვეული რისკი თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის კონფრონტაციისა, რაც სერიოზულად დააზიანებდა ამერიკა–თურქეთის ისედაც მძიმე ურთიერთობას. 
  • თუ ამჯერად აშშ–ს დაეთმო თურქეთისთვის და ამგვარად გადაედგა ნაბიჯები, რათა გადაერჩინა ახლო აღმოსავლეთში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე.

თუ დავაკვირდებით ტრამპის პოლიტიკას, დავინახავთ, რომ ის ძალიან სერიოზულად უყურებს ამ საკითხებს, ცდილობს, შეინარჩუნოს ტრადიციული მოკავშირეები, როგორიცაა საუდის არაბეთი. ჩვენ ვნახეთ, ხაშოგის მკვლელობის შემთხვევაში რა პოზიცია დაიკავა ტრამპმა და მგონია, რომ გასაგებად ახსნა: გასაგებია, რომ ჟურნალისტი მოაკვლევინა პრინცმა, მაგრამ მე 100 მილიარდის ხელშეკრულება მაქვს დადებული, ნავთობის ფასებს ვაკავებთ და საუდის არაბეთთან პარტნიორობით იმ ნიშნულზე ვინარჩუნებთ, როგორც გვინდა. ხოლო თუ გსურთ, რომ ნავთობი გაძვირდეს და 100 მილიარდი დავკარგოთ, დავუწესოთ სანქციები საუდის არაბეთს.

მოცემულ შემთხვევაშიც, ალბათ, ტრამპი მსოფლიოს აუხსნის – გასაგებია, რომ ქურთული წარმონაქმნი [სირიაში] მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ თურქეთიც ჩვენი მოკავშირეა და შესაბამისად, უნდა გადაგვეწყვიტა, რა გვინდოდა:

  • შეგვენარჩუნებინა ურთიერთობები ნატო–ს მეორე არმიასთან
  • თუ მხარი დაგვეჭირა ქურთული მოძრაობებისთვის და თურქეთისთვის იქ [სირიაში] მოქმედების საშუალება არ მიგვეცა

აშშ–ს კონკრეტული ინტერესი აქვს სირიაში  – გარკვეული ძალების გაძლიერებისთვის ხელის შეშლა და თუ ამას გააკეთებს თურქეთი, ხოლო ამერიკას არ დასჭირდება ქურთების დახმარება, ეს სავსებით გასაგები იქნება.

კიდევ ერთი საკითხი – სირიაში ამერიკის მოქმედებები იმთავითვე არასწორად დაიწყო და სადღაც ეს უნდა დამთავრებულიყო. გავიხსენოთ ობამას ადმინისტრაცია – თითქოსდა ეხმარებოდა  ამბოხებულებს, მაგრამ ორი წლის თავზე ამბოხებულებისთვის 5 000–მდე ჯარისკაცი ჰყავდათ მომზადებული. ეს ზღვაში წვეთი იყო და რეალურად ვერაფრით დაეხმარნენ. პრაქტიკულად, ამერიკა აიბლანდა სირიაში. ამდენად, ეს კარგი გამოსავალია – ამერიკას ჩაანაცვლებს თურქეთი, თავად კი იგივე ქურთების მხარდაჭერას ქურთისტანში გააძლიერებს.

გადის ამერიკა, რჩება რუსეთი, ირანი, თურქეთი იწყებს ოპერაციას, ცნობილია ირანისა და ისრაელის ურთიერთობები ... რა სურათი იქმნება ახლა სირიაში?

ამერიკა რეგიონულ მოთამაშეებს შეატოვებს სირიის ბედს. სირიაში ალბათ, სიტუაციური მოკავშირეები შემდეგი სახით დალაგდებიან: ისრაელს მოუწევს, ითანამშრომლოს  თურქეთთან, რადგან ირანი მიუღებელი ძალაა –  ეხმარება ასადის რეჟიმს და „ჰესბოლას“. რუსეთი ეხმარება ირანს, ასადის რეჟიმს, შესაბამისად, აძლიერებს იმ ჯგუფებს, რომელთა გაძლიერებაც კატეგორიულად მიუღებელია ისრაელისთვის. აშშ–ის მოქმედება ამ შემთხვევაშიც ლოგიკური და აღქმადია: სირიაში აშშ ვერც ვერასდროს იქნებოდა ისეთი აქტიური, როგორც შეუძლია, იყოს სირიის მოსაზღვრე თურქეთს.

ყოველ შემთხვევაში, ტრამპს ურჩევნია, თურქები იყვნენ წარმოდგენილნი და ფიქრობს, რომ ასე აშშ–ის ინტერესი უკეთ იქნება დაცული, ასევე აირიდებს თურქეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებას. შეიძლება,  ჩვენ სუბიექტურად გვერჩივნოს, აშშ უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მაშინ ამერიკას მოუწევს, ბევრი რამ გაწიროს თურქეთთან ურთიერთობაში.

მოსალოდნელია ამერიკული ინტერესების თურქეთის მიერ დაცვა იმ ფონზე, როდესაც მას მეტ–ნაკლებად დალაგებული აქვს ურთიერთობა რუსეთთან?

რუსულ–თურქული ურთიერთობები არის პარტნიორობის პარალელურად კონკურენციის ისტორია. რაც არ უნდა დაალაგოს ამ ორმა ქვეყანამ ურთიერთობა, ახლო აღმოსავლეთში მათი ინტერესები არ დაემთხვევა, რადგან თურქეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასადის არსებობა, ასევე მიუღებელია მის საზღვრებთან რუსეთის დამატებითი გაძლიერება.

რუსულ და თურქულ პოლიტიკას ერთი მსგავსება აქვს: რუსეთს აღიზიანებს მის უკანა ეზოში გარკვეული ძალების გამოჩენა, იგივე პოზიცია აქვს თურქეთსაც. შესაბამისად, სირიაში რუსეთის ყოფნა თურქეთის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ერთგვარი გამოწვევაა. ამ ნაწილში რუზსეთსა და თურქეთს სერიოზული ინტერესთან კონფლიქტი ექნებათ, სხვა ნაწილში კი შესაძლოა, ითანამშრომლონ – სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ლაგდება არა ემოციურ დონეზე, არამედ ინტერესებიდან გამომდინარე.

ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩვენთვის საფრთხეები იზრდება?

არაფერი არ იზრდება. სირიას რა გავლენაც ჰქონდა საქართველოზე, ზუსტად იგივე გავლენა ექნება.

არ ვგულისხმობ „დაეშს“. აშშ– გადის სირიიდან და რუსეთი რჩება...

დიახ, მაგრამ თუ თურქეთი გააქტიურდება და შეეცდება, საქმე მიიყვანოს ბოლომდე, ანუ ასადი მოაშოროს ხელისუფლებას, შეიძლება, ამან ჩვენი ინტერესები არ დაიცვას, მაგრამ ერთგვარი მორალური კმაყოფილების განცდას გააჩენს თუნდაც იმიტომ, რომ ასადი არის მმართველი, რომელმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. რაც უფრო ძლიერი ანტიასადური ძალა იქნება წარმოდგენილი სირიაში, მით უფრო მისასალმებელი უნდა იყოს ეს ჩვენთვის.

ანუ ფიქრობ, რომ აშშ–ის გადაწყვეტილება, გავიდეს სირიიდან, რეგიონიდან გასვლას არ გულისხმობს?

არ გულისხმობს და იმიტომ, რომ თუ ვსაუბრობთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონია თურქეთიც – ნატოს მეორე არმია. ჩვენთვის სასურველია, არ მოხდეს აშშ–თურქეთის ურთიერთობების გაცივება იმდენად, რომ ამან ნატო–ს ერთიანობას რაღაცა ტიპის საფრთხე შეუქმნას. რუსეთი ამერიკა–თურქეთის გაცივებული ურთიერთობების ფონზე ცდილობს, წარმოაჩინოს, „აი, ნატო არ არის ერთიანი“ და პოლიტიკაში თურქეთის თვითნებობა, რაც გამოიხატება გიულენის გადაცემის მოთხოვნაში, ამერიკელი პასტორის დაკავების ამბებში და ა.შ. აჩვენოს ისე, თითქოს ნატო დაშლის პირასაა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატოს სამხედრო ძლიერება, როგორც არ უნდა ილაპარაკონ ევროპულმა სახელმწიფოებმა, აშშ–ის შეიარაღებულ ძალებზე და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ცხადია, თურქეთის სამხედრო ძალებზე (რომელიც სამხედრო პოტენციალით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე დანარჩენი ევროპული სახელმწიფოების) დგას.

სახელმწიფო, რომელსაც საქართველოსთვის დიდი პრობლემების შექმნაც შეუძლია და სარგებლის მოტანაც

გობრონიძის აზრი, სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენთვის თურქეთი დღეს ყველაზე კარგი მეზობელია სახმელეთო მეზობლებს შორის. ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საზღვარი დემარკირებული გვაქვს. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის დიდი პრობლემების შექმნაც შეუძლია, და იმავდროულად, დიდი სარგებლის მოტანაც. შესაბამისად, რაც მეტად დარჩება თურქეთი იგივე ევროატლანტიკური კოალიციის კარგ წევრად, რაც მეტად კარგი ურთიერთობა ექნება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, მით უფრო სასარგებლო იქნება ჩვენი დაცულობისთვის, იგივე ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატში. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ნატოსთან თანამშრომლობა არ ცალკე აღებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას გულისხმობს, არამედ მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას და ამ ფორმატში თურქეთს შეუძლია, ჩვენთვის გაცილებით სასარგებლო იყოს, ვიდრე ბევრ ევროპულ სახელმწიფოს იგივე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კონტექსტში. ერთი პერიოდი საქართველო თურქეთიდან ყიდულობდა იარაღს, იყო სამხედრო პარტნიორი და ძალიან გვეხმარებოდა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. ამდენად, ჩვენთვის სასურველია, თურქეთი დარჩეს ნატოს–წევრ სახელმწიფოდ.

თუ აშშ–სა და თურქეთს შორის ბოლომდე გაფუჭდება ურთიერთობები, თურქეთი კავკასიის რეგიონში ნაკლებად გაითვალისწინებს დასავლურ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეცდება, თავისი თამაში შემოგვთავაზოს, რაც ცხადია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ავტონომიურობის შეზღუდვის პირობებში, ეს რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი საქართველოს ცალსახად პოზიტიური პარტნიორი არაა: მას ჰქონდა და სავარაუდოდ, დღესაც აქვს ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან, შესაბამისად, ასეთი საკითხები ჩვენთვის წარმოშობს დისკომფორტს.

თუ ბოლომდე გავა დასავლური დღის წესრიგიდან და დამოუკიდებელ თამაშს შემოგვთავაზებს, მივიღებთ გაცილებით ასიმეტრიულ პარტნიორს, რომელიც ეცდება, რომ კონსტრუქციულად აღარ მიუდგეს საკითხებს. გავიხსენოთ ჩაბუქის გადაცემის საკითხი. თურქეთს საქართველოსთვის ძალიან დიდი უხერხულობის შექმნა შეეძლო. თუ თურქეთი ულტიმატუმის ენით მოგვთხოვდა, ეს ერთის მხრივ, სრიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებდა ქართულ–თურქულ ურთიერთობებს, მეორეს მხრივ – საქართველის პრესტიჟს ევროპელი პარტნიორების წინაშე. ნაკლებ სავარაუდოა იმის მტკიცება, რომ ჩვენი ხელისუფლება გაუძლებდა თურქეთის დიპლომატიურ წნეხს და არ გადასცემდა ჩაბუქს. ვნახეთ, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტთან და სხვა სასწავლებლებთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ უარყოფითად აისახა ჩვენს იმიჯსა და პრესტიჟზე. გარდა ამისა, თურქეთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, მნიშვნელოვანია შრომითი ემიგრაციაც – მხოლოდ სტამბოლში 150 000–მდე ქართველი მუშაობს და არჩენენ ოჯახებს და ა.შ. ბევრი რამით ვართ თურქეთზე დამოკიდებული.   

ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკა–თურქეთის ურთიერთობების გადარჩენა, რომ თურქეთი ბოლომდე იზიარებდეს დასავლეთის პოლიტკურ დღის წესრიგს. ემოციურად შესაძლოა, ძალიან შეგვეცოდონ სირიელი ქურთები, რომლებიც ამ შემთხვევაში პრაქტიკულად, გაწირა ამერიკამ, შეატოვა თურქეთის სამხედრო მანქანას, მაგრამ თავიც უნდა გვეცოდებოდეს.  

ავტორი: დიანა მუსელიანი