რუსეთის ხელისუფლებამ ბესლანში სკოლის შტურმის განზრახვა პირველად აღიარა

2018-12-06 19:27:16
373

რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე მატოვნიკოვმა აღიარა, რომ წლების წინ ქალაქ ბესლანში ტერორისტების მიერ დაკავებული სკოლის შტურმს ძალოვანები იმთავითმე გეგმავდნენ.

„შტურმის დაწყება 3 სექტემბერს, დღის 4 სთ–ზე იგეგმებოდა, თუმცა აფეთქებები სპორტდარბაზში უფრო ადრე მოხდა. ჩემი ახლობლის– სერგეი დიაჩენკოს ქვედანაყოფი, რომელიც სპორტდარბაზში უნდა შესულიყო, ბესლანიდან 40 წუთის სავალზე იმყოფებოდა და ტერაქტის ადგილზე მისვლის დროისათვის ყველაფერი უკვე იწვოდა. აფეთქებამ წინასწარი გეგმა აგვირია და მოგვიწია, მოვლენათა განვითარების მიხედვით გვემოქმედა. სკოლის შენობას მართლა ესროდნენ ტანკიდან, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასში ტყვეები აღარ დარჩნენ. ორი ბოევიკი შრომის საკლასო ოთახში იყო გამაგრებული და დანებებას არ აპირებდა, ამიტომაც მათი მიმართლებით ცეცხლი გაიხსნა, რათა სპეცრაზმელების სიცოცხლით არ გავერისკა“, – განაცხადა „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მატოვნიკოვმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა.

ცნობისთვის: 2004 წლის პირველ სექტემბერს ბესლანის სკოლაში ბოევიკებმა 1200-მდე მძევალი, მათ შორის ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები აიყვანეს. რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სკოლა შტურმით აიღეს. მომხდარს 314 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 126 ადამიანი დაშავდა.

 2017 წლის აპრილში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ გადადგა საჭირო ნაბიჯები ამ ტერაქტის გარემოებათა და დიდი მსხვერპლის მიზეზების სათანადო  გამოძიებისთვის.