„ჩვენ არ გვაქვს საკუთარი პოლიტიკა - ველოდებით, რას გვეტყვიან კურატორები“

2018-12-01 12:48:09
207

„ჩვენთვის არსებითად სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან გვესმის, რომ ეს არ აისახება საქართველო-სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ურთიერთობებზე: არა მგონია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გინდ [სალომე] ზურაბიშვილი, გინდ [გრიგოლ] ვაშაძე დაეთანხმონ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ანდა ხელი მოაწერონ ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმს. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგების სურვილი მათ ჯერ-ჯერობით არ გააჩნიათ“, - განუცხადა ორიოდ დღის წინ სააგენტო „ტასს“ (ТАСС, რუსეთი) ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

მისივე თქმით, "სამხრეთ ოსეთი ახალს არაფერს ელის და იმედს მხოლოდ საკუთარ ძალებსა და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერაზე ამყარებს“. 

რუს პოლიტოლოგ ალექსეი მალაშენკოს აზრით, ბიბილოვის მსგავსი განცხადებები ფაქტობრივად, საკუთარი ინიციატივების უქონლობის აღიარებაა:

„ვიღაც ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, სხვები მას დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევენ... რეალურად, მასზე არაფერია დამოკიდებული, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვას? - სულ ეს არის. ასეთ განცხადებებზე საერთოდ არ ღირს ყურადღების გამახვილება“.

ოსი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბატი არ ეთანხმება მიდგომას, რომ საქართველოსთან არაფერია სალაპარაკო, ვიდრე ის ცხინვალის რეგიონის "სახელმწიფოებრიობას" არ აღიარებს, ანდა ხელს არ მოაწერს შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ. მისი აზრით, ასეთი პოზიცია კრიტიკას ვერ უძლებს.

ცხურბათი თვლის, რომ პოლიტიკოსმა უნდა იმუშავოს ნებისმიერ მოცემულობასთან, ნებისმიერი სასტარტო პოზიციიდან:

„მსგავსი მიდგომა ჩემში გაოცებას იწვევს. მაქვს კითხვა: თუკი საქართველო ხელს მოაწერს დოკუმენტს ძალის არგამოყენების შესახებ, თქვენ მას ენდობით? საქართველო ნდობას არც ჩემში იწვევს და თუკი შეთანხმებას მოაწერს ხელს, ეს კიდევ უფრო დიდ უნდობლობას გამოიწვევს. ვფიქრობ, უბრალოდ საკუთარი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, გავაკეთოთ ის, რაც სამხრეთ ოსეთისთვისაა ხელსაყრელი, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ მომენტისთვის მე ვიცი, რომ საქართველოში შესაძლებელია საქონლის შეტანა სამხრეთ ოსეთიდან... და რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს?! თითქოს არც ისინი არიან წინააღმდეგი“.

გარდა ამისა, როგორც ცხურბატმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხინვალის რეგიონსაც ეხება თუნდაც იმიტომ, რომ "იქ ცხოვრობს ოსი ხალხის ნაწილი, სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან აკავშირებს საზღვრის ოთხი მეხუთედი და ეს სამხრეთ მეზობელი არსად წავა არც ათი, არც 100 წლის შემდეგ".

მისივე აზრით, ამ გაგებით, ცხინვალის პოლიტიკის ამოცანაა, ეს კონფლიქტი მემკვიდრეობით არ გადაეცეს მომავალ თაობებს:

"გასაგებია, რომ სიტუაციაზე ზეგავლენის მოსახდენად სამხრეთ ოსეთს მცირე შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მას შეუძლია, გაატაროს ე.წ. შეგუების პოლიტიკა: საქართველო თანდათან ეჩვევა აზრს, რომ სამხრეთ ოსეთი ცალკეა. საჭიროა მათთან უფრო მჭიდრო კონტაქტი, რათა იქ ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, რომ ჩვენთან უკეთესია თანამშრომლობა, ვიდრე ჩვენს მიმართ კონფრონტაციის პოლიტიკის წარმოება. ამით ისინი მაგალითი იქნებიან მთელი კავკასიისთვის, ლიდერები გახდებიან მთელ კავკასიაში. და რაც უფრო სწრაფად შეეჩვევა საქართველო ამას, მით უკეთესი... და, სხვათა შორის, ეს ნელ-ნელა უკვე ხდება. ჩვენ კი ამის ნაცვლად ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის პოლიტიკას ვირჩევთ? და როდემდე უნდა იყოს ასე? ადრე თუ გვიან, ეს დასრულდება და რაც ადრე მოხდება, მით უკეთესი. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა გვქონდეს, მაგრამ არა გვაქვს - ჩვენ მხოლოდ ველოდებით, რას გვეტყვიან [რუსი] კურატორები“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.