სირია, ბულგარეთი, ბელორუსია… - ვისგან ელიან აღიარებაში დახმარებას აფხაზები

2018-11-28 19:26:47
406

სოხუმში ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებული “პარლამენტთაშორისი გაერთიანება «აფხაზეთის მეგობრების ლიგის” სხდომა გაიმართა. შეხვედრაში რუსეთის, სირიის, ბელორუსისა და ბულგარეთის წარმომადგელებმა მიიღეს მონაწილეობა. სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს “რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოებაში დახმარების” თხოვნით მიმართეს.

 

აფხაზეთის ლეგობრების ლიგა” მიმდინარე წლის ოქტომბერში, “აფხაზეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი” მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩამოყალიბდა. მას აქტიურად დაუჭირა მხარი რუსი დეპუტატების დელეგაციამ კონსტანტინე ზატულინის ხელმძღვანელობით, რომელიც მაშინ საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდა.

 

ლიგის” ძირითად მიზნებად “საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის ინტერესების ლობირება და რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოება” დასახელდა.

 

26 ნოემბერს სოხუმში ამ ორგანიზაციის პირველი შეხვედრა გაიმართა სლოგანით «სახალხო დიპლომატია - აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის სამსახურში».

 

ბულგარეთს შეხვედრაზე მილუშ მილუშევი – 1916 წელს ჩამოყალიბებული, შემდეგ ორგზის აკრძალული, მაგრამ ცოტა ხნის წინ კვლავ აღდგენილი “ბულგარეთის სამხედრო საბჭოს” წევრი წარმოადგენდა. მან “აფხაზ ძმებს” “ყოველმხრივი დახმარება” აღუთქვა, განაცხადა, რომ “ბულგარეთმა და აფხაზეთმა სერიოზულად უნდა იმუშავონ კვშირების განმტკიცებაზე” და დაჰპირდა, რომ “ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზე იქნება დამოკიდებული, რათა ბულგარეთში აფხაზეთის ცნობადობა ამაღლდეს”.

ბელორუსიიდან ჩასულმა პოლიტოლოგმა მიხეილ მალაშმა კი დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს შორის განსხვავებაზე, ასევე “სამოკავშირეო სახელმწიფოს” ფენომენზე ისაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ «ევრაზიული ცივილიზაცია სახელწოდებით “რუსული სამყარო» სრულიად ახალ, გაცილებით უფრო რთულ საორგანიზაციო-სამართლებრივ ფორმებს მოითხოვს”:

სახელმწიფომ, რომელსაც წარმოვადგენ, ჩვენს აღმოსავლეთ-სლავ ძმებს – რუსეთის ფედერაციას ურთიერთობის ფორმად სამოკავშირეო სახელმწიფოს ჩამოყალიბება შესთავაზა. ეს ერთგვარი საბჭოთა კავშირია, ოღონდ კომუნისტური იდეოლოგიის გარეშე, რომელშიც რესპუბლიკებს კულტურულ-ეკონომიკური სუვერენიტეტი გააჩნიათ. ანუ, თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, კოსმოსი, რკინიგზა, ავიაცია და ფუნდამენტური მეცნიერებები საერთოა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი – იგივე ეკონომიკა და კულტურა – ყველას თავისი აქვს».

ცნობისთვის: ბელორუსიამ ამ წინადადებით რუსეთის ფედერაციას 1996 წელს მიმართა, თუმცა მას შემდეგ დღემდე იგი დეკლარაციის დონეზე რჩება.

ბელორუს სტუმარს მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ ნოვიკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “სამოკავშირეო სახელმწიფო პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის მართლაც უნიკალური ფორმაა, თუმცა რუსი პარტნიორები, ისევე, როგორც თავად აფხაზები და ოსები, ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე ბელორუსიისგან მათ აღიარებას ელოდნენ, რაც არ მოხდა”.

რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე საგანგებო გადაცემაც კი იყო მომზადებული, იქ ზოგიერთი ჩემი კოლეგაც იყო მიწვეული, თუმცა ბოლო მომენტში გადაცემის ფორმატის შეცვლა მოუწიათ, რადგან ბელორუსმა “არა” განაცხადა” - გაუმხილა შეკრებილებს ნოვიკოვმა.

თავის მხრივ, შეხვედრის აფხაზმა ხელძღვანელმა – დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ მოუწოდა “აფხაზეთის მეგობართა ლიგის” წარმომადგენლებს, «გააფართოვონ კონტაქტები სხვადასხვა მიმართულებით».

ამასთან, მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერ ირმა ინაშვილის ამასწინანდელი განცხადება შეახსენა, რომლის თანახმად, იგი მზადაა, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გასამართად “ნებისმიერ ადგილზე ჩავიდეს – მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან თუნდაც სოხუმსა და ცხინვალში”. როგორც კოვემ აღნიშნა, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მსგავსი დიალოგის წარმოება აბსურდულია, რადგან ამ ქვეყნებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს”.

მოგმართავთ “აფხაზეთის მეგობრების ლიგის” წარმომადგენლებს, დაგვეხმაროთ, გავაგებინოთ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და საზოგადოებას, რომ წარსულში დაბრუნება შეუძლებელია და ერთადერთი შესაძლებლობა დიალოგის სწარმოებლად თანასწორუფლებიანი სახელმწიფოების ურთიერთობებზე საუბარია” - დასძინა მან.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება