„აგრესიულები და გაუნათლებლები “: სტუდენტები – საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსებზე

2018-11-27 13:58:12
436

ხვალ მოსახლეობა საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევს. რას ფიქრობენ სტუდენტები საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიაზე, რა არის ახალგაზრდების ინტერესი და ითვალისწინებს თუ არა ამ ინტერესებს ქართული პოლიტიკა, ამ საკითხებზე „აქცენტი“ ახალგაზრდა ამომრჩევლებს ესაუბრა და მკითხველს მათ მოსაზრებებს სთავაზობს.



 

სალომე გამცემლიძე: „აბსოლუტური ქაოსია. ორი კანდიდატი ერთმანეთს ეჯიბრება, სტუდენტებზე კი არავინ ფიქრობს. სტუდენტებზე მხოლოდ „გირჩი“ ფიქრობდა. მე მას მივეცი ხმა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაიმარჯვა. სტუდენტების ერთადერთი ინტერესია, პროფესიით დასაქმდნენ, პრაქტიკები ნორმალურად გაიარონ და არა ზერელედ. მე ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკა მქონდეს ტელევიზიაში, გაზეთში, რადიოში და ა.შ. ამაზე არავინ ფიქრობს. კიდევ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ცუდი არჩევანის წინაშე ვდგავართ – ცუდსა და უარეს შორის ვართ გაჭედილები. ამ დროს სტუდენტებმა რა უნდა ქნან, მე მართლა არ ვიცი. ზოგადად მოსახლეობას პატარა ბავშვებივით გვექცევიან. „შავ სიაში“ შეყვანილ 600 000 კაცს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვალები რომ ჩამოაწერეს, ჩემი აზრით, ეს დაცინვაა. დაცინვაა, რომ 6 წელი ხელისუფლებაში არიან და არაფერი არ ახოვდათ. ყველაზე დიდი დაცინვა კი ის იყო, რომ პირველად გრიგოლ ვაშაძე ალაპარაკდა [საბანკო ვალების ჩამოწერაზე] და შემდეგ „ოცნებამაც“ ანალოგიური გაიმეორა, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ ეს დაუწუნა და ა.შ ... ეს ქაოსია და ამაში ხალხი იჭედება. ეს უნდა დასრულდეს“.



 

ლევან ფოლადაშვილი: „ჩემთვის საინტერესო იყო საარჩევნო კამპანია, რადგან ბევრი რამ გავიგე იმის შესახებ, რომელი კანდიდატი წარსულში რას საქმიანობდა და რა პოზიცია ჰქონდა. მაგალითად,  გავიგე, რომ ოპოზიციის კანდიდატი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული, ხოლო მეორე კანდიდატს ევროპული განათლება აქვს მიღებული. მკაფიოდ გავიგეთ ორივე კანდიდატის მოსაზრებები – ვის რა ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ და რაში ხედავს საქართველოს განვითარებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსვლის შემდეგ პოლიტიკოსები იღწვიან, ქვეყანა გახდეს ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოების სწორი. ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, მეტი სტუდენტი იყოს დასაქმებული მისთვის საინტერესო სფეროში“.



 

გურამ სხირტლაზე: „პირველად ტარდება ისეთი არჩევნები, როდესაც ნამდვილად არ ვიცი, ვის მივცე ხმა. არც საპრეზიდენტო კანდიდატების დადებითი და უარყოფითი მხარეები ვიცი კარგად. თავად მათ მიერ წარმოებულ კამპანიას არ მოუცია საფუძველი, რომ არჩევანი გამეკეთებინა. ზოგადად ნორმალურ, განვითარებულ  ქვეყნებში სტუდენტები მაქსიმალურად ცდილობენ, პოლიტიკაში ჩაერთონ, აქ კი პირიქით, თავს შორს იჭერენ, რადგან ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკა ბინძურია“.



 

დემეტრე ბაკურიძე: „ამ საარჩევნო კამპანიაში ძირითადად წარსულით ინტერესდებიან და მომავლის ხედვები არ ჩანს. მათი ხედვები ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან მიმართებაში ჩვენს ინტერესებში არანაირად არ ჯდება – სტუდენტების დასაქმების სერიოზული პრობლემაა. სწავლის გადასახადი ძირითადად მშობლებზე მოდის. ამას რომ ვაანალიზებ, მრჩება განცდა, რომ მშობლების ვალი მაქვს. თუ სახელმწიფო შექმნის შესაბამის გარემოს, უფრო მობილიზებული ვიქნები. თავად 4–გან ვიყავი, მაგრამ ვერანაირად ვერ შევუთავსე ერთმანეთს უნივერსიტეტი და სამუშაო გრაფიკი. ახლა ბოლოჯერ ვირჩევთ პრეზიდენტს და ვფიქრობ, მათ უნდა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით“.



 

სალომე ბანკიშვილი: „ჩემზე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს. ამბობენ, „მე მომეცით ხმა“ და რაღაც სისულელეებს გვპირდებიან, რაც არარეალურია. რეალურად, ჩვენი ეკონიმიკა ისეთი განუვითარებელია, რასაც გვპირდებიან, ვერ შესრულდება. ძალიან აგრესიულები, გაუნათლებლები არიან, კარგად ვერ მეტყველებენ და საზოგადოებას არა დადებითი, არამედ უარყოფითი მოვლენებისკენ უბიძგებენ. ჩვენი ინტერესები ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ არის გამოხატული. ჩემთვის მნიშვნელოვანია დასაქმება, გარემოს დაცვა, ქვეყნის განვითარება, ძველი ტრადიციების დაცვა“.


 

სოსო მაჭავარიანი: „ზოგადად, სტუდენტები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქართული პოლიტიკის განვითარებაში. ეს ის ახალგაზრდა ჯგუფია, რომელიც საქართველოს მომავალს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი უფლებები არ არის დაცული და მათ გვერდში დგომა სჭირდებათ არა მარტო არჩევნების წინ და დაპირებებით, არამედ – მომავალში. ბევრი სტუდენტი რაიონებიდან არის ჩამოსული. მათ საერთო საცხოვრებლები სჭირდებათ, სწავლისთვის მეტი დაფინანსება. წარმატებული მოსწავლეებისთვის სტიპენდიები უნდა გაიზარდოს, რადგან მათ ტრანსპორტისთვის, კვებისთვის სჭირდებათ ფული. სტუდენტები უკვე სრულწლოვანები, დამოუკიდებელი ადამიანები არიან. რა გააკეთონ მათ? სწავლაში დახარჯონ მთელი ენერგია, თუ თან ისწავლონ და იმუშაონ? მით უმეტეს, რომ ამდენი სამუშაო ადგილი ქვეყანაში არც არის. კარგი იქნება, ის განხორციელდეს, რაც მთავრობა ჩაიფიქრა – ქუთაისი გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაიხსნას ტექნოპარკი. ეს ქართული განათლების სისტემისთვის და მომავალი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება. იმედია, ეს არ დარჩება მხოლოდ დაპირებად, როგორც ხდებოდა მათი წინამორბედების დროს“.  



 

თაკო კუპრაძე: „ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ, ვინაიდან, ჩემი აზრით, არც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოგვადგება და არც „ქართული ოცნება“. რაღაც ახალი სჭირდება ამ ქვეყანას. ძალიან ცუდია ეს აგრესიული საარჩევნო კამპანია. ზოგადად პოლიტიკას ახასიათებს აგრესია, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. აგრესია ხალხს აგრესიულს ხდის“.